მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა-კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა ირინე ბახტაძემ. ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისა და კვლევების გლობალური ფორუმისა (GFAR) და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სასოფლო-სამეურნეო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციის (AARINENA) ორგანიზებით ჩატარდა.
ფასილიტატორი გახლდათ დოქტორი ბოტირ დოსოვი CACAARI-ის აღმასრულებელი მდივანი, GNC და GFAiR კოორდინატორი.
ძირითადი მომხსენებელი თურქეთის წარმომადგენელი, GNC -ის კოორდინატორი დოქტორი დიდემ კოკდენი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა გლობალური ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმის კონგრესის (GNC) წესდება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აღნიშნული კონსორციუმის წევრია, ხოლო კონგრესში მას აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და დოქტორი ირინე ბახტაძე წარმოადგენენ.
GNC (Global NARS Consortium / გლობალური ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმი) არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით სისტემებსა და ინსტიტუტებს (NARS). იგი ოფიციალურად დაფუძნდა სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისა და კვლევების გლობალური ფორუმის (GFAiR) ეგიდით, რეგიონული ასოციაციების (მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიისა და კავკასიის გაერთიანებების) მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის არსი და ძირითადი ფუნქციები შემდეგ მიმართულებებად იყოფა:
ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერება: ორგანიზაცია ეხმარება განვითარებად ქვეყნებსა და რეგიონებს, რათა მათმა ადგილობრივმა სასოფლო-სამეურნეო კვლევითმა ცენტრებმა (როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) საერთაშორისო დონეზე ჰქონდეთ ხმის უფლება და მეტი ჩართულობა.
გლობალური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება: GNC ქმნის ერთგვარ ხიდს მკვლევრებს შორის. იგი ხელს უწყობს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას“ (South-South collaboration), რაც ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანაში მიღწეული სამეცნიერო წარმატება ან ინოვაცია მარტივად ზიარდება და გამოიყენება სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც.
რესურსებისა და ინვესტიციების მობილიზება: კონსორციუმი მუშაობს საერთაშორისო დონორებთან, ფონდებთან (მაგ. IFAD, ევროკომისია) და კვლევით ორგანიზაციებთან (CGIAR), რათა მოიზიდოს ფინანსური და ტექნიკური რესურსები აგრო-სექტორში ინოვაციების დასანერგად.
გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლა: ორგანიზაციის მთავარი სტრატეგიული მიზანია მეცნიერული მიდგომებით უპასუხოს ისეთ კრიტიკულ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ნიადაგის დეგრადაცია, სურსათის უსაფრთხოება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. მოკლედ რომ ვთქვათ, GNC არის მსოფლიო აგრარული მეცნიერების ერთგვარი გლობალური ქსელი, რომლის წევრობაც საქართველოს აძლევს შანსს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეს თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიებზე, სტანდარტებსა და საერთაშორისო ფონდებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სოფლის მეურნეობის კვლევის ხარისხის, შედარებადობისა და გავლენის“ (AR-QCI) ფლაგმანურ ინიციატივას. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ნებაყოფლობითი ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კვლევის ეროვნულ სისტემებს საერთაშორისო მიდგომების, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ეფექტიანად დანერგვაში. ინიციატივის მთავარი ამოცანაა კვლევების მართებული დაგეგმვა, მათი ხარისხის შეფასება და მიღებული შედეგების პრაქტიკული სარგებლის დემონსტრირება ფერმერებისთვის, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის, ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარებისთვის.
აღნიშნულ კონსულტაციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ინიციატივის კონცეფციის ადრეულ ეტაპზე გასაანალიზებლად, მისი პოტენციური პრაქტიკული ღირებულების შესაფასებლად და ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების იდენტიფიცირებისთვის.
საერთაშორისო ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა 35 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სირია, თურქეთი, იორდანია, მაროკო, ერაყი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და უგანდა. ისინი წარმოადგენდენენ სხვადსხავა სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებს. კონსულტაციის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ მომდევნო სამუშაო შეხვედრის უახლოეს პერიოდში გამართვაზე.
