საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

მილოცვა

სიახლეები

      ღვაწლმოსილი სელექციონერის სამეცნიერო გზა —

აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი 90 წლისაა

 

 vaja  გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების მკვლევარსა და სელექციონერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.

ვაჟა კვალიაშვილი 1936 წლის 29 აგვისტოს გორში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. მის სამეცნიერო არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პაპამ, ცნობილმა სელექციონერმა ვ. ბესტავაშვილმა. სწორედ მისი საქმიანობის გაცნობამ ადრეულ ასაკშივე გაუღვივა ახალგაზრდა ვაჟა კვალიაშვილს ინტერესი სელექციისა და მცენარეთა გენეტიკის მიმართ, რომელსაც შემდგომ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა.

1954 წელს მან გორის რკინიგზის №11 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობისა და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან, მისი სამეცნიერო საქმიანობა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სკრის საცდელ სადგურს დაუკავშირდა, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, მოგვიანებით კი — დირექტორად. 1971–1973 წლებში იყო გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი აგრონომი, შემდეგ — დირექტორი. 1973-1983 გორის რაიაღმასკომის თავმჯდომარე, შემდეგ - კასპის რაიკომის პირველი მდივანი. 1983 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეცნიერო დარგში, ხოლო 2006 წლიდან ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აგრძელებდა საქმიანობას.

ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი 1969 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვა იყო. ნაშრომი — „ვაზის ჰიბრიდული ფორმების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლის შედეგები შუა ქართლში“ — ვაზის სელექციის საკითხებს ეძღვნებოდა. 2002 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ატმის სელექცია საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 2003 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს — ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკა და სელექცია, ქართული გენოფონდის შესწავლა, ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია, ინდუცირებული მუტაგენეზი და სელექციისათვის საწყისი მასალის შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მრავალწლიანი კვლევები ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების გამოვლენის, მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლისა და სელექციურ პროცესში გამოყენების მიმართულებით.

ხანგრძლივი კვლევის შედეგად ვაზისა და ატმის ჰიბრიდული ფონდებიდან მან გამოარჩია მაღალი სამეურნეო ღირებულების მქონე მრავალი ახალი ჯიში და ფორმა. ხელოვნური ჰიბრიდიზაციით მიღებული აქვს ყურძნისა და ატმის 30-მდე ახალი ჯიში. მათ შორისაა ატმის ჯიშები „ატენური ყვითელი“, „შაქარგულა“, „მარიამი“, „ვაჟური“, „ნუგურა“, „გორის ყვითელი“ და სხვ. ვაზის ჰიბრიდულ ფორმებს შორის აღსანიშნავია „გორული თეთრი“, „წვრილმარცვალა“, „ბესტავაშვილის თავკვერი“ და განსაკუთრებით „ორსქესიანი თავკვერი“, რომელიც შუა ქართლის პირობებში მაღალხარისხოვან წითელ საღვინე მასალას იძლევა.

მეცნიერის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრეთვე ვაზისა და ატმის ჯიშების კომბინაციური უნარიანობის, მორფოლოგიური ნიშნების, ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების შესწავლას. ამ კვლევებმა საფუძველი შეუწყო მიზნობრივი სასელექციო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს პირობებისათვის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების შერჩევას.

ვაჟა კვალიაშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა არა მხოლოდ ვაზსა და ატამს, არამედ ვაშლის, მსხლის, გარგარის, ქლიავის, კაკლის, მაყვლისა და სხვა კულტურების ქართულ გენოფონდსაც. მისი შრომები ეხება ქართული გენოტიპების ბიოლოგიურ თავისებურებებს, მათი გენეტიკური და სელექციური ღირსებების შეფასებას, დაკარგული ჯიშების მოძიებისა და აღდგენის აუცილებლობას და ქართული გენოფონდის ახალი, მაღალხარისხოვანი სელექციური ფორმებით გამდიდრებას.

მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა 130-მდე ნაშრომს მოიცავს, მათ შორისაა წიგნი და 10 რეკომენდაცია. არის სამი პატენტის მფლობელი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. 1983–2006 წლებში იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორის მოადგილე, კოშინოვის „მებაღეობის  ინციკლოპედიის“ (მოლდოვა) სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 1996–2005 წლებში   გორის სასწავლო უნივერსიტეტში მევენახეობისა და მეხილეობის მიმართულებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს კითხულობდა.

ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო საქმიანობა არაერთი ჯილდოთი და მაღალი პროფესიული აღიარებით აღინიშნა. იგი არის მეხილეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი. დაჯილდოებულია ნ. ვავილოვის სახელობის საიუბილეო მედლით, ორდენებით „შრომის წითელი დროშისა“ და „შრომითი მამაცობისათვის“. იგი გორის საპატიო მოქალაქეა.

აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის მრავალწლიანი მოღვაწეობა ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებას, ეროვნული გენეტიკური რესურსების შესწავლასა და მათ სელექციურ გამოყენებას უკავშირდება. მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი ღირებულება სწორედ ამ მიმართულებების ერთიანობაშია — ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის შესწავლა, მისი შენარჩუნება, გამდიდრება და პრაქტიკული სელექციისთვის გამოყენება.

90 წლის იუბილე ღირსეული დროა იმ სამეცნიერო გზის შესაფასებლად, რომელიც აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა ექვს ათეულზე მეტი წლის განმავლობაში განვლო და რომელსაც ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების საქმეს მიუძღვნა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

  

  

 

გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი მკვლევარი 

 აკადემიკოს   რევაზ მახარობლიძეს   90   წელი   შეუსრულდა

 

rezom საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის დარგში გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ მკვლევარს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანსა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულების კოორდინატორს, აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს 22 აგვისტოს დაბადებიდან 90, ხოლო ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.

რევაზ მახარობლიძე დაიბადა 1936 წლის 22 აგვისტოს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში. 1954 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. 1961–1964 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მინსკი). სწავლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს, ლიტვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (ქ. კაუნასი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1982 წელს — სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1990 წელს რევაზ მახარობლიძე არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1992 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

ბატონი რევაზი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ასისტენტად (1959–1961), კათედრის გამგედ (1967–1974); საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ მუშაკად (1974–1976); საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — განყოფილების გამგედ (1976–1981) და ინსტიტუტის დირექტორად (2000–2006); საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) — კათედრის გამგედ (1982–2006), ხოლო 2007 წლიდან — სრულ პროფესორად.

რევაზ მახარობლიძის სამეცნიერო კვლევები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკის, საიმედოობისა და პარამეტრების ოპტიმიზაციის პრობლემების გადაწყვეტისაკენ. მის ნაშრომებში ფართოდ არის გამოყენებული და განვითარებული, სასოფლო-სამეურნეო მანქანების სპეციფიკის გათვალისწინებით, რეოლოგიის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, წრფივი და არაწრფივი რხევების, ოპტიმალური პროცესებისა და სხვა თანამედროვე მეთოდები.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე მან შეიმუშავა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის მექანიზაციის ოპტიმალური პარამეტრების ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. მისი სამეცნიერო ნაშრომები და თეორიული დებულებები ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-კვლევით, საკონსტრუქტორო და სასწავლო დაწესებულებებში ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების შექმნისა და არსებული კონსტრუქციების სრულყოფის, აგრეთვე საინჟინრო და სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ბატონი რევაზ მახარობლიძე წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო საქმიანობას პედაგოგიურ, ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი მუშაობდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების პროგრესული მეთოდების დანერგვაზე და ნაყოფიერად მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით 44-მა ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, მათგან ცხრამ კი მოგვიანებით სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა.

რ. მახარობლიძე იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული სადოქტორო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე, რესპუბლიკის რამდენიმე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რიგ სამეცნიერო მიმართულებებს.

აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 430 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 24 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო და 6 რეკომენდაცია. იგი 71 გამოგონების ავტორია.

აკადემიკოს რ. მახარობლიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, ყრილობასა და კონგრესში, სადაც მისი მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა.

მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე არაერთი მაღალი ჯილდოსა და აღიარების მფლობელია. იგი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1994); დაჯილდოებულია „საბჭოთა კავშირის გამომგონებლის“ სამკერდე ნიშნით, „ღირსების ორდენით“ (1999), 2006 წლის საუკეთესო მეცნიერის ვერცხლის მედლით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით, იუნესკოს საპატიო სიგელით სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2022), აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით ნაშრომისათვის „მცირე მექანიზაციის ხელის მანქანების დინამიკა და ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები“ (2023).

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს,  უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, კეთილდღეობას და კვლავაც ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

მეცნიერების ერთგულების 60 წელი

სიახლეები

აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი 85 წლისაა

 

  772632572 1103310012687418 3204513645087184042 n საქართველოს აგრარული ეკონომიკური აზრისა და მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობა დაკავშირებულია აგრარული სექტორის ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემების კვლევასა და ამ მიმართულებით ახალი სამეცნიერო მიდგომების ჩამოყალიბებასთან.

ომარ ქეშელაშვილი დაიბადა 1941 წლის 14 აგვისტოს მეცნიერთა ოჯახში. მამა ქართული აგრობიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, დედა კი — ცნობილი მეცნიერ-ნიადაგმცოდნე. სამეცნიერო გარემოში აღზრდამ და ოჯახურმა ტრადიციებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი პროფესიული ინტერესებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ჩამოყალიბებაში.

1963 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი. 1968 წელს, 27 წლის ასაკში, დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი სადოქტორო კვლევა, რომელიც გამოჩენილმა მეცნიერებმა მაღალი შეფასებით აღნიშნეს, წარმოადგენდა ახალ მიმართულებას მიწათმოქმედების ქიმიზაციის ეკონომიკური შეფასების სფეროში. კვლევაში, იმ პერიოდისთვის ინოვაციური მიდგომის სახით, გამოყენებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობები.

1994 წელს ომარ ქეშელაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). იგი ასევე არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.

ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობა განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, სადაც 1966 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: თავდაპირველად უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1973 წლიდან — სექტორის გამგედ, 1979 წლიდან — განყოფილების გამგედ, ხოლო 1984 წლიდან — დირექტორის მოადგილედ.

1988 წლიდან იგი იყო აღნიშნული ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 2006 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა ამავე ინსტიტუტის დირექტორად. 2007 წლის 5 სექტემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ახლად დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს — აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტს, თავდაპირველად დირექტორის, შემდგომ კი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის რანგში.

1991–2011 წლებში ომარ ქეშელაშვილი იყო მის მიერ დაფუძნებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის — საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის — რექტორი. 2011 წლიდან კი ამ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული შპს „ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის“ დირექტორია.

2008 წლიდან იგი იყო საერთაშორისო, რეფერირებადი სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ჟურნალის „აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები“ სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი.

აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერების პრაქტიკულ საჭიროებებთან დაკავშირებული კვლევების განვითარებაა. მისი გამოკვლევებით ჩამოყალიბდა ახალი სამეცნიერო მიმართულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა აგრარული წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების, რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სამეურნეო რისკების მართვის მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა.

მან პირველმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდიკა და კომპიუტერული პროგრამა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების — მინერალური სასუქების, ჰერბიციდებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების — გამოყენების ეკონომიკური შეფასება. კვლევისას გათვალისწინებული იყო როგორც შესაბამისი მეცნიერული საფუძვლები, ისე საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ-სამეურნეო ზონის თავისებურებები.

საქართველოში პირველად მის მიერ იქნა გამოკვლეული და დადგენილი მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები. ამ კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებისა და წარმოებაში რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის.

აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ფერმერულ მეურნეობებში სამეურნეო რისკების მართვის პრობლემების სისტემურ კვლევას. 2008–2009 წლებში მან პირველად განსაზღვრა რისკების მართვის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები ფერმერული მეურნეობებისთვის, საქართველოს სხვადასხვა ზონის თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნულ კვლევებს მნიშვნელოვანი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება აქვს.

მნიშვნელოვანია მისი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონალური სქემის შემუშავებაშიც. ჩატარებული კვლევების საფუძველზე 2009 წელს საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის მიხედვით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად. აღნიშნული ზონირება, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის კავშირს კვების მრეწველობასთან, საფუძვლად დაედო აგრარულ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და შესაბამისი მიმართულებების განსაზღვრას.

აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის თანახელმძღვანელობით, უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით 1977, 1982 და 1986 წლებში მომზადდა და მასობრივი ტირაჟით გამოიცა ავტორთა კოლექტივის კაპიტალური ნაშრომი „რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების შესახებ“. 1985–1987 წლებში მისი მონაწილეობით მომზადდა ასევე „სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების რეკომენდაციები“ საქართველოს 15 ტიპური სასოფლო-სამეურნეო საწარმოსათვის. აღნიშნული ნაშრომისთვის ავტორთა კოლექტივს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის პრემია.

1970–1980-იან წლებში, მისი თანახელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა კომპლექსური პროექტი „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი აგროსამრეწველო კომპლექსში“, რომელშიც 40-ზე მეტი სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულება მონაწილეობდა.

1970-იანი წლებიდან დაახლოებით 10–15 წლის განმავლობაში აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა და საერთო კოორდინაციით განხორციელდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-გამოყენებითი სამუშაოები საქართველოს 15 რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესამუშავებლად. აღნიშნული პროგრამები შემდგომში პრაქტიკაში დაინერგა.

1990-იანი წლებიდან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო საქმიანობამ ახალი მიმართულებები შეიძინა. 1995 წელს მან შექმნა ორიგინალური სახელმძღვანელო „ბიზნესის ორგანიზაცია“, რომლითაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სარგებლობდნენ.

მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობა არაერთ მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში აისახა. მათ შორისაა: მათ შორისაა: „აგროსამრეწველო ინტეგრაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (1986); „სამართალმცოდნეობა ყველასათვის“ (2001); „ვინ იცის ეკონომიკა?“ (2004); „ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტი“ (2005); „ინტელექტუალური საუბრები“ (2005); „საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული სისტემა“ — ოთხ ტომად (2008–2010); „რისკის მართვა ფერმერულ მეურნეობებში“ (2009); „ბიზნესური ეკონომიკა“ (2010); „სამთო სოფლის მეურნეობა (განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები)“ (2010); „ბიზნეს-გეგმის შედგენის თეორია და პრაქტიკა“ (2012); „ეკონომისტისა და ბიზნესმენის ცნობარი“ (2014); „ეკონომიკური ცოდნის მცირე საგანძური“ (2014) და „ეს ყველამ უნდა იცოდეს“ (2015).

აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა არაერთხელ იქნა სათანადოდ დაფასებული. იგი არის საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი პრემიის ლაურეატი (1983), საკავშირო სამეცნიერო-ეკონომიკური საზოგადოების კონკურსის III ხარისხის პრემიის ლაურეატი (1983), საზოგადოება „ცოდნის“ მედლის — „აქტიური მუშაობისათვის“ — მფლობელი (1987), დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით (1999). 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება ეკონომიკის დარგში. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს ფუნდამენტურ კვლევებს, მეთოდოლოგიურ ნაშრომებს, სახელმძღვანელოებსა და პრაქტიკული დანიშნულების რეკომენდაციებს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული აგრარული ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ისტორიაში. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაკავშირებულია აგრარული წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის, სამეურნეო რისკების მართვის, საწარმოო სპეციალიზაციისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების კვლევასთან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ომარ ქეშელაშვილს დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს.

„ალოობა 2026“

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალ „ალოობა 2026“-ში ქართული ხორბლის სამეცნიერო მემკვიდრეობა წარადგინა

 

758501564 1088514560833630 3152803650347649324 n მიმდინარე წლის 25 ივლისს, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, ფესტივალი „ალოობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო ორგანიზაციების, ფერმერების, ადგილობრივი მეწარმეების, აგრარული დარგის სპეციალისტებისა და ქართული ხორბლის კულტურით დაინტერესებული მრავალრიცხოვანი საზოგადოების წარმომადგენლებს.

ფესტივალში მონაწილეობდნენ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ცენტრალური ბოტანიკური ბაღი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები – ხორბლის მწარმოებლები, პურის მცხობელები და აგროსასურსათო სფეროში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ფესტივალზე წარმოადგენდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მრავალი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესწავლას, ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვას, მათ მეცნიერულ კვლევასა და ფართო პოპულარიზაციას. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის უნიკალური აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ამ საქმიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო აკადემიაში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მთლიანად ქართულ ხორბალს მიეძღვნა. კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს განსაკუთრებული როლი მსოფლიო მეხორბლეობის ისტორიაში და ხაზი გაუსვა ქართული ხორბლის უნიკალურობას, როგორც მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.756590472 1088514387500314 7045953081385706901 n

აღსანიშნავია, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და ტრადიციები“ შეტანას წინ უძღოდა  მიზანმიმართული და შრომატევადი საქმიანობა. ამ პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ შეიტანა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის განსაკუთრებულ როლს ქართული ხორბლის კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში საქიან შეხვედრაზე აკადემიამ აიღო ვალდებულება, ქართული ხორბლის პოპულარიზაციის მიზნით მოემზადებინა და გამოეცა სამეცნიერო  გამოცემები, რომლებიც საზოგადოებას სრულყოფილად გააცნობდა ქართული ხორბლის ისტორიულ, სამეცნიერო, აგრობიოლოგიურ და კულტურულ მნიშვნელობას.

ფესტივალ „ალოობა 2026“-ზე აკადემიამ ფართო ექსპოზიცია წარმოადგინა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ  758409416 1088514460833640 7186421476335076058 n აკადემიის მიერ გამოცემულ ინტელექტუალურ პროდუქტებს – მონოგრაფიებს, წიგნებს, ბროშურებს, რეკომენდაციებს, სამეცნიერო შრომათა კრებულებსა და სხვა გამოცემებს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 2026 წელს გამოცემულმა პუბლიკაციებმა, რომლებშიც განხილულია ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი ბიოლოგიური თავისებურებები, მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგია, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე ქართული ხორბლის გენეტიკური და კულტურული მნიშვნელობა, ასევე აგრობიომრავალფეროვნების მიმართულებით გამოცემულმა სამეცნიერო პუბლიკაციებმა.

ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წევრები, ფერმერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ქართული ხორბლის კულტურით დაინტერესებული მრავალი მოქალაქე.

სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცე, გაეცნენ წარმოდგენილ გამოცემებს, მაღალი შეფასება მისცეს მათ სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართული ხორბლის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აკადემიის მრავალწლიან საქმიანობაზე.

ფესტივალ „ალოობა 2026“-ში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აკადემია აქტიურად აგრძელებს ეროვნული აგრობიომრავალფეროვნების, ქართული ხორბლის უნიკალური გენოფონდისა და მრავალსაუკუნოვანი სამიწათმოქმედო ტრადიციების დაცვას, მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, აგრარული მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

მეცნიერი, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები მსოფლიოს გააცნო

სიახლეები

ლეონარდე დეკაპრელევიჩის დაბადებიდან 140 წელი

 

ლეონარდ დეკაპრელევიჩი 2026 წლის 25 ივლისს შესრულდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოს-სელექციონერის, ბოტანიკოსის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის ლეონარდე დეკაპრელევიჩის (1886–1981) დაბადებიდან 140 წელი.

ლეონარდე დეკაპრელევიჩი იმ გამორჩეულ მეცნიერთა შორისაა, რომლებმაც XX საუკუნის ქართული აგრარული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მისი სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული გენეტიკის, სელექციის, მემინდვრეობის, თესლწარმოების, კულტურულ მცენარეთა შესწავლისა და განსაკუთრებით — ქართული ხორბლის უნიკალური გენეტიკური რესურსების კვლევის ისტორიასთან.

მისმა მრავალწლიანმა სამეცნიერო მოღვაწეობამ მსოფლიო მეცნიერებას გააცნო ქართული ხორბლის მრავალფეროვნება და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ხორბლის წარმოშობისა და კულტურული ფორმების ჩამოყალიბების ისტორიაში.

ლეონარდე დეკაპრელევიჩი დაიბადა 1886 წლის 25 ივლისს თბილისში, რკინიგზელის ოჯახში. მისი წინაპრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან. პაპა — ალექსანდრე დეკაპრელევიჩი — სამხედრო სამსახურის შემდეგ საქართველოში დასახლდა, ხოლო დედის მხრიდან ბებია — სალომე ჩიგიანი — წარმოშობით ქართველი იყო.

1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილება. 1914 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში უმცროს სპეციალისტად, ხოლო 1916 წლიდან ამავე განყოფილების გამგე გახდა.

1929–1930 წლებში ლეონარდე დეკაპრელევიჩის დიდი დამსახურებით დაარსდა საქართველოს ცენტრალური სასელექციო სადგური, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ამ დაწესებულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სელექციის, ჯიშთა გამოცდისა და სათესლე მეურნეობის მეცნიერული საფუძვლების შექმნაში.

1929 წლიდან იგი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი იყო, ხოლო 1937–1973 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრას. შემდგომ წლებში იგი იყო კათედრის საპატიო გამგე და კონსულტანტი. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა არაერთი თაობა.

ლეონარდე დეკაპრელევიჩის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა უმთავრესად ამიერკავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას ეძღვნებოდა. ნიკოლოზ ვავილოვთან და პეტრე ჟუკოვსკისთან ერთად მან მეცნიერულად დაასაბუთა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო კერაა.

მეცნიერის განსაკუთრებული დამსახურებაა ქართული ხორბლის ენდემური სახეობების შესწავლა, მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების აღწერა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის მათი უნიკალური მნიშვნელობის გაცნობა. მისმა კვლევებმა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების მსოფლიო მნიშვნელობის აღიარებისთვის.

დეკაპრელევიჩმა დიდი ყურადღება დაუთმო ხალხური სელექციის გამოცდილების შესწავლას და დაასაბუთა მისი მნიშვნელობა კულტურულ მცენარეთა გაუმჯობესების საქმეში. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები.

აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“ არაერთხელ იმოწმებს ლეონარდე დეკაპრელევიჩის მოსაზრებებს საქართველოში გავრცელებული პურეულის, სიმინდის, ლობიოსა და სხვა კულტურული მცენარეების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სამეცნიერო ავტორიტეტის მნიშვნელობას.

ლეონარდე დეკაპრელევიჩი იყო საქართველოს აგრარული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზატორი და მეცნიერული სკოლის ჩამომყალიბებელი. იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) იყო. მისი წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული აგრარული მეცნიერების ინსტიტუციური განვითარების საქმეში.

მეცნიერს მიღებული ჰქონდა რვა საავტორო მოწმობა. 1973 წელს იგი გახდა ნიკოლოზ ვავილოვის სახელობის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი. იგი ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებული ორი ლენინის ორდენით, სხვა სახელმწიფო ჯილდოებითა და მედლებით.

ლეონარდე დეკაპრელევიჩის სამეცნიერო მემკვიდრეობა ასახულია მრავალ მონოგრაფიაში, სამეცნიერო სტატიასა და მეთოდურ ნაშრომში. 1987 წელს გამომცემლობა „მეცნიერებამ“ გამოსცა მისი „ბიობიბლიოგრაფია“, რომელიც პეტრე ნასყიდაშვილის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით ასახავს მეცნიერის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და სამეცნიერო პუბლიკაციებს.

დღეს, როდესაც მსოფლიო სულ უფრო მეტად აფასებს ადგილობრივ გენეტიკურ რესურსებს, ბიომრავალფეროვნებასა და სასურსათო უსაფრთხოებას, ლეონარდე დეკაპრელევიჩის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისმა კვლევებმა ქართული ხორბლის უნიკალური სახეობები მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოაქცია და საფუძველი ჩაუყარა მათი შემდგომი შესწავლისა და დაცვის საქმეს.

ლეონარდე დეკაპრელევიჩის დაბადებიდან 140 წლის იუბილე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პატივი მივაგოთ დიდ მეცნიერს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ქართული მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და ეროვნული გენეტიკური საგანძურის შესწავლას. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული აგრარული მეცნიერების ისტორიაში, როგორც დიდი მკვლევრის, სელექციონერის, პედაგოგისა და სამშობლოს ერთგული მოამაგის.

საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა-კონსულტაცია

სიახლეები

 

       მიმდინარე წლის 22 ივლისს გაიმართა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა-კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ და აკადემიის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა ირინე ბახტაძემ. ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისა და კვლევების გლობალური ფორუმისა (GFAR) და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სასოფლო-სამეურნეო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციის (AARINENA) ორგანიზებით ჩატარდა.

        ფასილიტატორი გახლდათ დოქტორი ბოტირ დოსოვი CACAARI-ის აღმასრულებელი მდივანი, GNC და GFAiR კოორდინატორი.

       ძირითადი მომხსენებელი თურქეთის წარმომადგენელი,  GNC -ის კოორდინატორი დოქტორი დიდემ კოკდენი.

        შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა გლობალური ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმის კონგრესის (GNC) წესდება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აღნიშნული კონსორციუმის წევრია, ხოლო კონგრესში მას აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და დოქტორი ირინე ბახტაძე წარმოადგენენ.

       GNC (Global NARS Consortium / გლობალური ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმი) არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით სისტემებსა და ინსტიტუტებს (NARS). იგი ოფიციალურად დაფუძნდა სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისა და კვლევების გლობალური ფორუმის (GFAiR) ეგიდით, რეგიონული ასოციაციების (მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიისა და კავკასიის გაერთიანებების) მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის არსი და ძირითადი ფუნქციები შემდეგ მიმართულებებად იყოფა:

ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერება: ორგანიზაცია ეხმარება განვითარებად ქვეყნებსა და რეგიონებს, რათა მათმა ადგილობრივმა სასოფლო-სამეურნეო კვლევითმა ცენტრებმა (როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) საერთაშორისო დონეზე ჰქონდეთ ხმის უფლება და მეტი ჩართულობა.

გლობალური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება: GNC ქმნის ერთგვარ ხიდს მკვლევრებს შორის. იგი ხელს უწყობს „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას“ (South-South collaboration), რაც ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანაში მიღწეული სამეცნიერო წარმატება ან ინოვაცია მარტივად ზიარდება და გამოიყენება სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც.

რესურსებისა და ინვესტიციების მობილიზება: კონსორციუმი მუშაობს საერთაშორისო დონორებთან, ფონდებთან (მაგ. IFAD, ევროკომისია) და კვლევით ორგანიზაციებთან (CGIAR), რათა მოიზიდოს ფინანსური და ტექნიკური რესურსები აგრო-სექტორში ინოვაციების დასანერგად.

გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლა: ორგანიზაციის მთავარი სტრატეგიული მიზანია მეცნიერული მიდგომებით უპასუხოს ისეთ კრიტიკულ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ნიადაგის დეგრადაცია, სურსათის უსაფრთხოება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. მოკლედ რომ ვთქვათ, GNC არის მსოფლიო აგრარული მეცნიერების ერთგვარი გლობალური ქსელი, რომლის წევრობაც საქართველოს აძლევს შანსს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეს თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიებზე, სტანდარტებსა და საერთაშორისო ფონდებზე.

       შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სოფლის მეურნეობის კვლევის ხარისხის, შედარებადობისა და გავლენის“ (AR-QCI) ფლაგმანურ ინიციატივას. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ნებაყოფლობითი ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კვლევის ეროვნულ სისტემებს საერთაშორისო მიდგომების, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ეფექტიანად დანერგვაში. ინიციატივის მთავარი ამოცანაა კვლევების მართებული დაგეგმვა, მათი ხარისხის შეფასება და მიღებული შედეგების პრაქტიკული სარგებლის დემონსტრირება ფერმერებისთვის, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის, ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

      აღნიშნულ კონსულტაციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ინიციატივის კონცეფციის ადრეულ ეტაპზე გასაანალიზებლად, მისი პოტენციური პრაქტიკული ღირებულების შესაფასებლად და ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების იდენტიფიცირებისთვის.

      საერთაშორისო ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა 35 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სირია, თურქეთი, იორდანია, მაროკო, ერაყი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და უგანდა. ისინი წარმოადგენდენენ სხვადსხავა სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებს. კონსულტაციის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ მომდევნო სამუშაო შეხვედრის უახლოეს პერიოდში გამართვაზე.

ინოვაციური სტარტაპი

სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა შპს ფიტოტესტერს, რომლის დამფუძნებელია აკადემიის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორი, პროფესორი თამაზ ბიჭიაშვილი

wewew საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ერთ ქართულ სტარტაპს - შპს ფიტოტესტერს მიენიჭა, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ პატენტებზე დაყრდნობით აწარმოებს ინოვაციურ აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ კი მემცენარეობის ციფრული ტრანსფორმაციის სამკომპონენტიან სისტემას. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2026 წლის 6 ივლისის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამის“ ფარგლებში 16 კომპანია სარგებლობს. სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ შპს ფიტოტესტერის ინოვაციური მიღწევები განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერენათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ. სისტემამ უკვე საზღვარგარეთის აგრობიზნესის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. კერძოდ, 2025 წლის ივნისში, ამ ინოვაციური მოწყობილობის  შემქმნელი და მწარმოებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორი, პროფესორი თამაზ ბიჭიაშვილი ტექნოლოგიის ტესტირების მიზნით დანიაში იმყოფებოდა, სადაც ხელსაწყომ წარმატებით გაიარა აპრობაცია ადგილობრივ ფერმერებთან.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

სიახლეები

 

 eeee   2026 წლის 30 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა.

სხდომაზე მოხსენებით წარდგა დიდი ბრიტანეთის (უელსი) კომპანია United Concrete Canvas-ის ტექნიკური დირექტორი ილდარ იამალიევი, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა, რომელმაც მისალმების შემდეგ   სიტყვა მომხსენებელს გადასცა.

პრეზენტაციაში ილდარ იამალიევმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე საქართველოში, განსაკუთრებით მთისა და მთისწინა ლანდშაფტებში, წერტილოვანი თავსხმა წვიმების შედეგად წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გახშირებულ შემთხვევებზე. მისი განმარტებით, ინტენსიური ნალექების დროს მთის ფერდობებზე სწრაფად ფორმირდება ზედაპირული ჩამონადენი, რომელიც დაურეგულირებელი მდინარეებისა და ხევების კალაპოტებში ძლიერდება და მნიშვნელოვნად აჩქარებს ეროზიული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას. აღნიშნულ პროცესებს თან ახლავს ნიადაგის ზედაპირის დეფორმაცია, ნიადაგ-გრუნტის ნაწილაკების ინტენსიური ტრანსპორტირება და საბოლოოდ ნიადაგის დეგრადაცია.

მომხსენებელმა წარმოადგინა თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტა — სხვადასხვა ზომისა და სისქის ბეტონის ელასტიკური ხალიჩები (Concrete Canvas), რომლებიც ზედაპირზე გაშლისა და წყლით გააქტიურების შემდეგ იძენენ ბეტონის სიმტკიცეს და ზუსტად ერგებიან მდინარის კალაპოტის, ხევის ან მთის ფერდობის რელიეფს. აღინიშნა, რომ წარმოდგენილმა ტექნოლოგიამ ფართო პრაქტიკული გამოყენება უკვე მოიპოვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, მათ შორის უელსში, სადაც წარმატებით გამოიყენება ეროზიის, ღვარცოფებისა და წყალდიდობების საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბეტონის ელასტიკური ხალიჩების გამოყენებას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს საქართველოშიც. მათი გამოყენება შესაძლებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მელიორაციის სისტემების (ირიგაციისა და სადრენაჟო ქსელების), წყალმომარაგების, ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის, აგრეთვე სხვა საინჟინრო მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გამოირჩევა მაღალი ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობით. კერძოდ, ბეტონის ელასტიკური ხალიჩების გამოყენება არ საჭიროებს რელიეფის წინასწარ მომზადებას, გამოირჩევა მაღალი საიმედოობით, ამცირებს სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობასა და ხარჯებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი პრაქტიკული დანერგვის ეფექტიანობას.

სხდომის დასასრულს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა შეაჯამა განხილული საკითხები, მომხსენებელს მადლობა გადაუხადა საინტერესო და აქტუალური მოხსენებისთვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას — სხდომაში მონაწილეობისთვის.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

სიახლეები

 

    730748543 1644785310155431 5857195813544847955 n  მიმდინარე წლის 25 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

        ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა და სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

      „საქართველოში სურსათის უვნებლობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. სახელმწიფო თანმიმდევრულად აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს, ავითარებს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, ქართული პროდუქცია ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან, სანდოობასთან და კონკურენტუნარიანობასთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, რაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და ქართული წარმოებისადმი ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების მიმართულებით FAO-სა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  საპატიო სიგელებით და ორდენებით დაჯილდოვდნენ სურსათის უვნებლობის სფეროში მოღვაწე წარმატებული მეცნიერები და სპეციალისტები, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი.

გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

სიახლეები

b4412cc0 30b6 49c3 8e1e 0d65d4a9b1f5     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში უკვე ტრადიციად იქცა 17 ივნისს — გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით — მრგვალი მაგიდისა თუ თემატური სხდომის ჩატარება. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

„გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პრობლემები საქართველოში“ — მომხსენებელი: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი;

„კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოება“ — მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი.

მრგვალი მაგიდა გახსნა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ მან ისაუბრა განსახილველი საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაცემებით, დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას, რაც მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი გარემოებაა.

რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უდაბნოს ზონის უშუალო სიახლოვეს არ მდებარეობს, გლობალური დათბობის ფონზე მის აღმოსავლეთ ნაწილში, ცალკეულ რეგიონებში, ხანგრძლივი და სისტემატური გვალვების პირობებში, რეალურად შეიძლება წარმოიშვას ლოკალური გაუდაბნოების საფრთხე. ეს კი მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება იქცეს ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 0,14 ჰექტარი სახნავი მიწა მოდის.

მოხსენებაში „გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პრობლემები საქართველოში“ ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად საქართველოში გაუდაბნოების პროცესს დაახლოებით 3000 კმ² ფართობის მიწები განიცდის, რაც ძირითადად შირაქის, ელდარის, ტარიბანას, ოლესა და სხვა ტერიტორიებს მოიცავს.

მომხსენებლის შეფასებით, აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს. კერძოდ, საჭიროა სისტემური კვლევებისა და მონიტორინგის განხორციელება, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილებები მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებს უნდა ეფუძნებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეფექტიანი მეთოდების გამოყენება, კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო ინსტიტუტების, მიწის მესაკუთრეების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.13eec166 32e3 4a1d abcc 7550931ff3ea

მომხსენებელი ასევე შეეხო მიწის დეგრადაციის პრობლემას, რომელიც ქვეყანაში გაცილებით ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს, ვიდრე გაუდაბნოება. ეს თითქმის მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი და სასოფლო-სამეურნეო პრობლემაა. დღეისათვის, სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაახლოებით 35% დეგრადირებულია.

მიწის დეგრადაციის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია კლიმატური თავისებურებები, გლობალური დათბობა, გეოდინამიკური პროცესების გააქტიურება, არარაციონალური მიწათსარგებლობა, ტყეების განადგურება და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო და სამეცნიერო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება, რათა არ მოხდეს ამ პროცესების შემდგომი გაღრმავება და, პირიქით, მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი გახდეს არსებული პრობლემების შემცირება და აღმოფხვრა.

„კლიმატის ცვლილება და გაუდაბნოება“ — ამ თემაზე მოხსენებით წარდგა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი. წარმოდგენილ პრეზენტაციაში მომხსენებელმა განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა გლობალური ტემპერატურის მატება, სათბურის აირების ემისია, მიწების დეგრადაცია, წყლის რესურსების დეფიციტი, ბიომრავალფეროვნების შემცირება, სურსათის უსაფრთხოების რისკები და სხვა.

აღინიშნა, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურის ხანგრძლივი ზრდა ძირითადად ადამიანის საქმიანობითაა განპირობებული, კერძოდ, წიაღისეული საწვავის ინტენსიური გამოყენებით, ტყეების გაჩეხვითა და სამრეწველო პროცესებით. მომხსენებლის ინფორმაციით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 1,1°C-ით აღემატება XIX საუკუნის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს, ხოლო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO₂) კონცენტრაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში 11,4%-ით გაიზარდა, რაც მომავალში ტემპერატურის შემდგომ მატებას განაპირობებს. აღინიშნა ასევე, რომ სათბურის სხვა აირები, მათ შორის მეთანი და აზოტის ოქსიდი, კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ პრობლემებს.

ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირებასა და გაძლიერებას, მათ შორის თბურ ტალღებს, ხანძრებს, მეწყერებს, წყალმოვარდნებსა და სხვა სტიქიურ პროცესებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზეც და ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ცალკეული ქვეყნის საზღვრებს სცდება და მათი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და კოორდინირებული ქმედებებით არის შესაძლებელი.

დასკვნის სახით, წევრ-კორესპონდენტმა გიზო გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მოხსენებაში განხილული გამოწვევების ეფექტიანად დასაძლევად აუცილებელია განახლებადი ენერგიის ფართო გამოყენება, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება, ტყეების აღდგენა, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ნიადაგის დაცვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გლობალური დათბობა და გაუდაბნოება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რომელთა ეფექტიანი მართვა მოითხოვს საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულ მოქმედებებსა და მიწის რესურსების მდგრად გამოყენებას.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ფესტივალი „ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ფესტივალზე

„ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“

 

2f66b502 7553 47e7 a827 b057378d280b   მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართა.

ფესტივალი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელმა, ქალბატონმა ლალი მესხმა, რომელიც ამავე დროს ღონისძიების ორგანიზატორიც გახლდათ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული ხორბლისა და მისი ნამზადის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ წარმოდგენილი იყვნენ „ჟან-ჟაკის“, „ვარგოს“, „იფქლი-დიღომის“, „ფონას“, „მესხური ღვინის“, „რეხის პურის“, „ჩიზუკას“, „აგროდარის“, „ჭითურა ყველის“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პურეულის, ყველის, ღვინისა და ხალხური რეწვის ნიმუშების მრავალფეროვან ასორტიმენტს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭ იპაშვილი.ea510b91 b1e8 4e8f 8280 43d9e458be35

აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა 2026 წელს გამოცემული უახლესი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებს, მათ ბიოლოგიურ თავისებურებებს, მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიურ საკითხებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბროშურა-რეკომენდაციამ – „ქართული ხორბალი – ბიოლოგიური თავისებურებები და მოყვანის აგროტექნოლოგია“, რომელშიც თანამედროვე სამეცნიერო ცოდნასთან ერთად ასახულია ქართული ხორბლის უნიკალური გენეტიკური და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

აკადემიის პავილიონს, სადაც აღნიშნული გამოცემები იყო გამოფენილი, არაერთი სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ როგორც ხორბლის კულტურის მოყვანით დაინტერესებული პირები, ისე ისინი, ვინც ქართულ ხორბალს საქართველოს ეთნიკურ თვითმყოფადობას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს უკავშირებს.

4268667c c6a0 4c5c 9096 4e1fd984148c

ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთნოლოგის, აკადემიკოს ლიანა მელიქიშვილის სტუმრობა. აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა სტუმარს გააცნო წარმოდგენილი გამოცემები და აღნიშნა, რომ იუნესკოს მიერ „ქართული ხორბლის კულტურის – უწყვეტი ტრადიციებისა და რიტუალების“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას წინ უძღოდა მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აქტიურად მონაწილეობდა.

სწორედ ამ საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენს აკადემიის მიერ მიმდინარე წელს გამოცემული ნაშრომები, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული ხორბლის უნიკალური გენოფონდის, მასთან დაკავშირებული ცოდნისა და ტრადიციების დაცვას, შესწავლასა და პოპულარიზაციას. ფესტივალზე წარმოდგენილი გამოცემები ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის თვალსაჩინო გამოხატულებაა.

 

აღსანიშნავია, რომ აკადემიის მიერ გამოცემული ლიტერატურით ფესტივალის არაერთი სტუმარი დაინტერესდა. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ქართული ხორბლის შესახებ, ხოლო დაინტერესებულ პირებს საჩუქრად გადაეცათ ბროშურა-რეკომენდაცია „ქართული ხორბალი – ბიოლოგიური თავისებურებები და მოყვანის აგროტექნოლოგია“.

  1. შეფასების შედეგები
  2. მადლობის წერილი
  3. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  4. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
  5. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  6. ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
  7. ფუტკრის მსოფლიო დღე
  8. მილოცვა
  9. კონფერენცია
  10. ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

გვერდი 1 სულ 59

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com