საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, 2015 წლის 21 იანვარს დაფუძნდა ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი, როგორც აკადემიის შიდა ფორმირება. მას გააჩნია საკუთარი დებულება, რომელიც დამტკიცებულია აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გ. ალექსიძის მიერ.

ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.

ცენტრის მიზანია: ფერმერთა და სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე და მუშაობის მსურველ სპეციალისტთა მრავლმხრივი მომზადება და კვალიფიკაციის სისტემატიური ამაღლება, რომელიც დაეყრდნობა მომავალზე ორიენტირებულ, უწყვეტი სწავლების პრინციპებზე აგებულ და ინფორმაციული ტექნოლოგიებით გაჯერებულ სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, დარგობრივ-რეგიონულ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ საფუძვლებს, გრძელვადიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მიერ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და დანერგვას, ეკონომიკური მექანიზმის სწორად გამოყენებას და ამ გზით წარმოების მდგრად განვითარებასა და პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვან და დინამიურ ზრდას, მთელი აგრარული სექტორის ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცებას.

ცენტრი არის პროგრესულ საფუძვლებზე აგებული, მეცნიერებისა და წარმოების დამაკავშირებელი და ურთიერთშეწონასწორებული ინტეგრირებული ფორმა, რომლის ფუნქციონირებამაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს აგრარული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში, სწავლების ახლებური სისტემის დანერგვაში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიციური ფენის მომზადებაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.

ცენტრში შემოღებულია 3 თვიანი (ერთჯერადი, ან/და ორჯერადი) სწავლება, სახელმწიფო დაფინანსების (შესაძლოა, მომავალში თვითდაფინანსების) საფუძველზე. ცენტრის მსმენელები, დასწრებული სწავლების ფორმით, შეისწავლიან ისეთ დისციპლინებს, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ კომპლექსს, პროდუქციის გადამუშავების სისტემას, დარგობრივ-რეგიონულ საწარმოო-რესურსულ პოტენციალსა და ინფრასტრუქტურას, ბიზნესის ადმინისტრირებას, მენეჯმენტს, მარკეტინგს, ეკონომიკურ მექანიზმს, მიწთმოწყობას, მიწათსარგებლობას, მიწის დაგეგმარებას, კონსოლიდაციასა და მართვას, საადგილმამულო ურთიერთობათა და მიწის სამართალს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სხვ.

სულ შერჩეულია 50 საგანი, აგრონომიის, ზოოტექნიკისა და ვეტერინარიის, აგროსაინჟინრო, პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების და ეკონომიკის სფეროებიდან. ამ საგნების მიხედვით, ერთიანი ფორმით, შედგენილია სასწავლო პროგრამები. მეცადინეობებს ჩაატარებენ აკადემიის ნამდვილი წვრები და წევრ-კორესპონდენტები, აგრეთვე მოწვეული თვალსაჩინო მეცნიერები.

გათვალისწინებულია ცენტრში მოეწყოს საგანგებო ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, თვალსაჩინო მასალების ფონდი. სწავლებაში განსაკუთერული ყურადღება დაეთმობა კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას.

ცენტრის მუშაობა წარიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით.

ცენტრი, პერიოდულად გამოსცემს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა შენახვისა და მოვლის ტექნოლოგიებს, აგროწესებს, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს და სხვ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com