საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

რეგულაციები

საქართველოს კანონი

“მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (ამონარიდი)

მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი.

1. საქართველოში მოქმედებს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მეცნი-ერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი
#2469 - რს



საქართველოს კანონი

“საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (ამონარიდი)



მუხლი 1. “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-16 მუხლის:
ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
“9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისათვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 16` მუხლი:
“მუხლი 16`. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება.
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.
5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ - კორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ - კორესპონდენტის არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ - კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 800 და 500 ლარისა.

7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ - კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8. თუ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ - კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. კანონის ამოქმედებიდან წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში წევრ - კორესპონდენტების არჩევა”.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2008 წლის 21 ნოემბერი
#532 - IIს

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com