საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია
International Scientific Conference Georgian Wheat - Continuous Tradition of Use and Rituals
05-06 თებერვალი, 2024 წელი, თბილისი, საქართველო
February 05-06, 2024, Tbilisi, Georgia
|
|
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
"მესამე ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები: სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა გამოწვევები" მიძღვნილი უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლისთავისადმი
მიმდინარე წლის 23-25 მაისს ქ. კიევში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მესამე ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები: სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა გამოწვევები" მიძღვნილი უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლისთავისადმი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოს 24 ქვეყნიდან: აშშ, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი, ნიგერია, ნიდერლანდები კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა, სლოვაკეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქეთი. სულ კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდა 1100 მეცნიერი და მკვლევარი.
საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით მიულოცა უკრაინელ კოლეგებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 120 წლის იუბილე. კონფერნციის მონაწილეებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სტანისლავ ნიკოლაენკო, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მაქსიმ სტრიხა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უკრაინის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ლაპი, უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი იაროსლავ გაძალო, უკრაინის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ვასილი კრემენი,ჩინეთის შენიანის აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ჟენგლი ჟანგი, ვიეტნამის (ხანოი) ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ფამ კვუოკტოანი და სხვები
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სულ მუშაობდა 7 სექცია. კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობა ბორკიში და გაეცვნენ იქ განთავსებული ტრეინინგ ცენტრის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სტანისლავ ნიკოლაენკომ.

მარცხნიდან: დოქტორი ანატოლი გიორგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი იაროსლავ გაძალო - უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; მაქსიმსტრიხა - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; პროფესორი, პრდაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სტანისლავ ნიკოლაენკო - უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორი.

სტანისლავ ნიკოლაენკო - უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტის რექტორი,
დოქტორი ანატოლი გიორგაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე.
გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა (ხორბალი) - გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 15 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა“ - (ხორბალი) ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, რომელთა შორის იყო ეტრატები, ფოტოები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური სახეობები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. მნახვეთა ყურადღებას იპყრობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები და ხორბლის ნამზადის დასამზადებლად საჭირო ჭურჭელი, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული არქივიდან წამოღებული უძველესი ხელნაწერები (როგორც დედნები, ასევე ასლები), რომლებიც უტყუარი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პურეულსა და ზოგადად ხორბალს ქართველთა ყოფაში.
ასე მაგ., სოფელ საბუეში მცხოვრები ყმების წყალობის წიგნი - ბატონიშვილი თეიმურაზის (მეფე ლეონის ძე) ბოდბელი მაქსიმესადმი. „თხრობის“ ნაწილში ნახსენებია წისქვილი, ხელრთვა „თეიმურაზ“ 1568 წელი; ოქმი - ერეკლე II-ის დარბაზბატონი ნაზირი დიმიტრისადმი, გორსა და ცხინვალში ცხენების გაგზავნისა და ქარხნისთვის ფქვილის ჩატანის შესახებ - 1762 წ. 29 დეკემბერი; ხელწერილი - გიორგი ზუბინაშვილის სახაბაზოში ბატონიშვილი იულონის მიერ გამოგზავნილი ფქვილის მიღების შესახებ - 1789 წ. 10 სექტემბერი და სხვ.
გამოფენა გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მომხსენებელმა მსმენელთა ყურაღება გაამახვილა პურობის ტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქართულ სუფრაზე მარცვლოვანი კულტურებისგან დამზადებული საკვები დომინანტური იყო. განსაკუთრებით ხორბლეული. რექტორმა ისაუბრა ასევე სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე.
„ჩვენი მიზანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ იუნესკოს წინაშე დააყენა საკითხი ქართულ ხორბალს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა,“- განაცხადა მან. 
გამოფენაზე ქართული ხორბლის კულტურასთან და ხორბლისა და პურის თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მოხსენებით გამოვიდა პროფ. როზეტა გუჯეჯიანი. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შეხსენდეს ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ ჩვენი ხალხის სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოიპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება.
გამოფენაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ასევე ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე, საკითხით დაინტერესებული მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.






