საქართველოს მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა შპს ფიტოტესტერს, რომლის დამფუძნებელია აკადემიის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორი, პროფესორი თამაზ ბიჭიაშვილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ერთ ქართულ სტარტაპს - შპს ფიტოტესტერს მიენიჭა, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ პატენტებზე დაყრდნობით აწარმოებს ინოვაციურ აგროტექნოლოგიურ პროდუქტს, კერძოდ კი მემცენარეობის ციფრული ტრანსფორმაციის სამკომპონენტიან სისტემას. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2026 წლის 6 ივლისის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამის“ ფარგლებში 16 კომპანია სარგებლობს. სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.
აღსანიშნავია, რომ შპს ფიტოტესტერის ინოვაციური მიღწევები განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერენათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ. სისტემამ უკვე საზღვარგარეთის აგრობიზნესის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. კერძოდ, 2025 წლის ივნისში, ამ ინოვაციური მოწყობილობის შემქმნელი და მწარმოებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების კოორდინატორი, პროფესორი თამაზ ბიჭიაშვილი ტექნოლოგიის ტესტირების მიზნით დანიაში იმყოფებოდა, სადაც ხელსაწყომ წარმატებით გაიარა აპრობაცია ადგილობრივ ფერმერებთან.
