საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ჯერ ყოველდღიურ ვარამზე ვიზრუნოთ

“ისტორიული მემკვიდრეობა” სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი,
2013 წ. აპრილი, #4 (33). გვ. .21-23.

“ჯერ ყოველდღიურ ვარამზე ვიზრუნოთ”




ჩვენი ერის ყოველდღიური მოჭირნახულე ილია ჭავჭავაძე 1893 წლის 25 იანვარს გაზეთ “ივერიის” მოწინავეში წერდა: “.... ქართველთა განათლებული რაზმი ყოველ წელს მატულობს. წელსაც ჩვენმა გიმნაზიებმა ორმოცამდე ქართველს დაასრულებინეს კურსი, უმრავლესობა ახალგაზრდების, რასაკვირველია, არ კმაყოფილდება გიმნაზიის ატესტატით და უნივერსიტეტის დიპლომის აღებასაც მოისურვებს”.

ამ სასიამოვნი ფაქტს ბრძენკაცი მიესალმებოდა და იქვე გონივრულ რჩევებს აძლევდა ახალგაზრდებს: “.... სანამდის ერთს რაიმეს გადაწყვეტილებას დაადგებოდნენ შემდეგის განათლების შესახებ, ჩვენი წრფელი რჩევაა, კარგად ჩაუფიქრდნენ იმას, თუ როგორი ცოდნისა და განვითარების კაცები ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას ამჟამად”.
დიდი ილიას ეს რჩევა თუ გაფრთხილება იმ დროისათვის არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან XIX საუკუნის 90-იან წლებში საგრძნობი გახდა, რომ ქართველი ახალგაზრდობა უმთავრესად პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობის მიზნით მიისწრაფვოდა იურიდიული მეცნირების დაუფლებისაკენ. ილია კი მათ სწრაფვას მშობლიური ქვეყნის საზიანოდ თვლიდა, არწმუნებდა ახალგაზრდებს _ “ეს დიდი გამოუსწორებელი შეცდომააო”.
ილია ახალგაზრდებისაგან მოითხოვდა, რომ ისინი უმთავრესად ისეთ დარგებში დახელოვნებულიყვნენ, რომელიც უფრო საჭირო იყო საქართველოსთვის.
ილიას იმხანად ქართველი ხალხის ცხოვრების აღორძინება ვერ წარმოედგინა განვითარებული სოფლის მეურენობის გარეშე და ამიტომაც სრულიად შეგნებულად აყენებდა საკითხს _ ქართველი ახალგაზრდობა დაუფლებოდა სასოფლო-სამეურნეო განათლებას. ეს მოსაზრება მან საჯაროდ განავითარა 1893 წელს თელავში მოწვეულ კახელ მევენახეთა კრებაზე. ამ გამოსვლით მან ერთხელ კიდევ დაადასტურა, თუ რა შესანიშნავად ერკვეოდა იგი მევენახეობის საკითხებში და სოფლის მეურნეობის წინა პლანზე წამოწევა მიზანშეწონილად მიაჩნდა: “... მე იმ აზრისა ვარ, რომ სასოფლო-სამეურნეო სკოლებს მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიან, ვიდრე ახლანდელ სათავადაზნაურო სკოლებს”. ამას იმიტომ ამბობდა, რომ იმ ხანად მიწათმოქმედება საქართველოში საუკუნეებით ჩამორჩებოდა მთელი რიგი მოწინევე ქვეყნებისას.
ი.ჭავჭავაძეEშეჰხაროდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას, რომელსაც ცოდნის ჩირაღდანს უწოდებდა, და დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ მას ყურადღება არ მოჰკლებოდა. წინამძღვრიანთკარის სკოლის საქმეს საერთო-სახალხო საქმედ მიიჩნევდა და სათავაზნაურო ბანკიდან დახმარებას უწევდა.
ვინ მოთვლის, რამდენ ახალგაზრდას გაუღვიძა მწერალმა ინტერესი, რომ სამეურნეო სკოლაში ესწავლა და შემდეგ თავისი ცოდნით გამოდგომოდა სამშობლოს. როცა კი რომელიმე გაზეთში ან ჟურნალში შეხვდებოდა მასალებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა, ცდილობდა, რომ საქართველოშიც შეეძინათ და ქართველი მეურნე დაუფლებიდა მას.
ილია ჭავჭავაძე დიდად იყო დაინტერესებული, რომ თავის “თვალის სინათლე” საქართველოს ყველა დარგში ჰყოლოდა საკუთარი კადრი, ისეთი მცოდნე და უნარიანი ინტელიგენცია, რომელიც უთუოდ პირადულზე მაღლა საქართველოს ინტერესებს დააყენებდა.
საქართველოს Dდღევანდელმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა და გარკვეული ღონისძიებები დასახა მის ასაღორძინებლად, მაგრამ მარტო გლეხის დახმარება, მისი წახალისება როდია საკმარისი ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად. “არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთავხედვის ისარი მოკლეა და არც მარტო წიგნითაა საკმაოდ გრძელი”, _ ბრძანებდა დიდი ილია.
რა კეთდება დღეს ქართველი ახალგაზრდების სასოფლო-სამეურნეო განათლების დაუფლების მიზნით, ფიქრობს ვინმე, “როგორი ცოდნისა და განვითარების კაცები ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას ამჟამად” _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე.
_ ბატონო გურამ, თავის დროზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ საქართველოს მიწათმოქმედება საუკუნეებით ჩამორჩებოდა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებისას. მიზეზად კი სოფლის მეურნეობის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მიიჩნევდა. დღეს რა მდგომარეობა გვაქვა ამ მხრივ?
_ ძალიან მოკლედ. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, არის რამდენიმე ინსტიტუტი, რომლებიც ამზადებენ სპეციალისტებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მთლიანობაში საქართველოში დაახლოებოთ 4000-მდე აგრონომი რომ მაინც იყოს, საქმეს ეშველებოდა. საერთოდ, აგრონომების დიდი დეფიციტია. ამ 20-წლიან პერიოდში, საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ ვერ მოხერხდა ახლის აშენება, ამიტომ ეს პერიოდი, ფაქტობრივად დაკარგულია. სოფლის მეურნეობასა და ფერმერებს დღესაც ცოდნა სჭირდებათ, მაგრამ როგორ უნდა მიიღონ მათ ეს ცოდნა, თუ ამას რაიმე სისტემა არ უზრუნველყოფს? მხედველობაში მაქვს საუნივერსიტეტო განათლება და შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ერთიანი მთლიანი უწყვეტი პროცესია. ადრე აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა ასეთი მომზადება. ამჯერედაც, პირველ რიგში, სწორედ ამის აღდგენა უნდა მოხდეს. მერე შეიძლება ვიფიქროთ ისეთ ამბიციურ პროექტებზე, რომელთაც ევროპის, და არა მარტო ევროპის, წამყვანი სახელმწიფოები ახორციელებენ; თუმცა მსგავსი პროექტები დიდ თანხასა და მატერიალურ უზრუნველყოფას მოითხოვს.
_ კადრების მომზადება ახსენეთ, რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ და რამდენად კონკურენტულები იყვნენ იმავე საბჭოთა პერიოდში მომზადებული სპეციალისტები?
_ ადრე მუშაობდა აპრობირებული სისტემა, რომლითაც ხდებოდა ცოდნის გადაცემა. ერთის მხრივ, მზადდებოდა კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც მუშობდნენ სოფლებში და მეორე მხრივ, სახელმწიფო ზრუნავდა მათი კვალიფიკაციის დონის მუდმივ ამაღლებაზე. დღეს ეს არ ხდება, ამიტომ უნდა ვეძებოთ ახალი გზები. რაც შეეხება კითხვას, კონკურენტულები რამდენად იყვნენ ჩვენი აგრონომები, უნდა მოგახსენოთ, რომ გვყავდა მაღალი დონის სპეციალისტები, რომელთაც შეეძლოთ მრავალი თეორიული თუ პრაქტიკული დონის ღონისძიებების წარმატებით გადაწყვეტა, თუმცა შემდეგ ამ დონემ, სამწუხაროდ, დაბლა დაიწია.
_ მიუხედავად ეკონომიკური სიძნელეებისა, 90-იან წლებშიც კი აგრარულ უნივერსიტეტს მუშაობა არ შეუწყვეტია. წინა ხელისუფლებამ პრიორიტეტადაც გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები. რატომ მოხდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ისევ არსებობს? ისევ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაზე რატომაა საუბარი?
_ საქმე ისაა, რომ პრიორიტეტების დასახვა მარტო დეკლარირების დონეზე არ უნდა ხდებოდეს. კონკრეტული, ხელშესახები გეგმა უნდა მომზადდეს, ახალმა მთავრობამ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა _ აგრონომიულ მიმართულებებზე სწავლა იქნება 100%-ით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. ბათუმის უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მიმდინარე წელს მიიღებენ 100%-იან გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს. ასე რომ, პოზიტიურ შედეგებსაც მალე ვიხილავთ.
_ მარტო სწავლის დაფინანსება არის საკმარისი?
_ ამავე დროს მიმდინარეობს ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სადაც სტუდენტმა უნდა გაიაროს არა მარტო თეორიული სწავლება, არამედ პრაქტიკულიც, ანუ მათ უნდა შეისწავლონ ახალი მიმართულებები, აგრეთვე, ჩვევები, თუU როგორ უნდა აწარმოონ კვლევა. ეს ერთიანი პროცესია და ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება, ამასთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას განზრახული აქვს, შექმნას ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც ფერმერებს მიეცემათ საშუალება, აითვისონ ახალი ტექნოლოგიები, ტექნიკა და სხვ.
_ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხიც მუდმად აქტუალურია. ამ მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს?
_ ტექნოლოგიების დანერგვა, რასაკვირველია, მიმდინარეობს, ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ჩამორჩენა მაინც დიდია. ამის აღმოფხვრაზე ბევრი მსჯელობა და არაერთი მოსაზრება გამოითქვა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მიზანშეწონილად მიაჩნდათ სპეციალისტების მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოყვანა. მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები; რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ ისინი. როგორ ამერიკელმა თუ ევროპელმა სპეციალისტმა ჩვენზე უკეთ იცის, ჩვენს პირობებში რა უკეთესია ან რა ღონისძიების გატარებაა საჭირო?! რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევითი ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არიან სათანადო დონეზე, ბევრი გვიკლია საერთაშორისო სტანდარტებამდე, მაგრამ ამის გამო ხომ არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადავუსვათ?!
_ დასაწყისში თქვენ თქვით, რომ უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სისტემა. უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გარეშე მარტო საბჭოთა პერიოდში მომზადებული კადრები შეძლებენ ამის შემუშავებას?
_ თანამშრომლობა, რასაკვირველია, უნდა იყოს, მაგრამ მთლიანად უცხოელ სპეციალისტებს არ უნდა ჩაბარდეს ეს საქმე. ვიმეორებ: საქართველოში არის ყველა პირობა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენ თვითონ განვავითაროთ, გვაქვს უნიკალური ჯიშები (ჰიბრიდები), რომლების ქართველი სელექციონერების მიერაა გამოყვანილი და ა.შ. რატომ უნდა შემოვიტანოთ ამერიკიდან, ვთქვათ, სიმინდის თესლი, როცა შეგვიძლია ჩვენის, ადგილობრივის გამრავლება-გავრცელება ადგილზე? როგორ შეიძლება, დღეს სოფლის მეურნეობაზე ვილაპარაკოთ, თუU მეთესლეობა არ გვაქვს განვითარებული, კარგად აწყობილი ჯიშთა გამოცდის სისტემა არ მუშაობს და სხვ. აი, ამას უნდა შევუწყოთ ხელი, ეს უნდა განვითარდეს და შემდეგ სხვა მიმართულებებიც განვითარდება. მე მოხარული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება უკვე ფიქრობს ამაზე და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმულია.
_ მიზეზებზეც ვისაუბროთ; რატომ ხდება დღემდე ჯიშების შემოტანა უცხოეთიდან, თუ ადგილობრივი გვაქვს?
_ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ არ განვავითარეთ სელექცია-მეთესლეობა, სოფლის მეურნეობა წინ ვერ წავა. წინა ხელისუფლების დროს რა მოხდა: შემოიტანეს ჯიშები, რომლებიც შეუსწავლელი იყო ჩვენი პირობებისათვის და ამიტომ ცუდი მოსავალი მიიღეს. აი, ასეთი ზერელე დამოკიდებულება არ უნდა იყოს. როცა არის ყველანაირი საშუალება, გვყავს სპეციალისტები და გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეს უნდა გამოიყენო, რომ ზარალი მაქსიმალურად გამოირიცხოს.
_ ახალმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, 1 მილიარდიც კი ჩადეს ამ დარგში, მაგრამ მოდით იმაზე ვისაუბროთ, რა კეთდება რეალურად, რაში იხარჯება ამხელა თანხა? პირველ ეტაპზე ვაუჩერები დარიგდა. თქვენი აზრით, რამდენად გონივრულია ეს პროგრამა?
_ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე, როგორც გითხარით, გლეხი, ფერმერი აბსოლუტურად მიტოვებული იყო. მას არ ჰქონდა არავითარი დახმარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მეტიც, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ავითარებდნენ იმ აზრს, რომ სოფელს არ სჭირდება მხარში დგომა, რომ ის თვითონ მონახავს გამოსავალს. ეს არასწორი დამოკიდებულებააა. სოფელს უნდა დაეხმარო არა მარტო ფინანსურად, არამედ პოლიტიკურადაც. პოლიტიკურ დახამარებაში ვგულისხმობ საბაზრო გზების გახსნას, რომ მისი პროდუქცია გასაღდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, აქ დახამრების ოდენობის განსაზღვრა, ცხადია, უნდა მოხდეს იმის შესაბამისად, თუ რა რესურსები გააჩნია მთლიანად სახელმწიფოს.
_ წინა ხელისუფლების რიგებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ და დღესაც თვლიან, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა არ არის კონკურენტული, რომ მას მომავალი არ აქვს.....
_ აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. არ არის აუცილებელი, რომ სოფლის მეურნეობა კონკურენტული იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის გარკვეული მიმართულებები, კულტურები, რომლებიც არანაირად მომგებიანი არაა, მაგრამ სახელმწიფო აფინანსებს, იმიტომ, რომ მას სჭირდება მისი არსებობა, რომ ის ქვეყანაში სტაბილურობას უწყობს ხელს. სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება დახამარების გარეშე. ასეა ყველგან და საქართველოშიც ასე უნდა იყოს.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგარმ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, რა მიზანი აქვს ამ დოტაციას?
_ გასაგებია რასაც მეკითხებით. ავიღით თუნდაც ევროპის მასშტაბით ჩვენი სოფლის მეურნეობის როლი. რა შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს: ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ნებისმიერი კულტურა, მაგრამ უნდა ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა. ესაა განსხვავება სხვა ქვეყნებისაგან. მხოლოდ ასე შეიძლება გავიდეთ ევროპის ბაზრზე, სხვანაირად ქართული პროდუქციის რეალიზება უცხოეთში გაძნელდება.
რაც შეეხება დახმარებას, ამით სახელმწიფო გამოხატავს თავის დაინტერესებას სოფლის მეურნეობისადმი და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისადმი, თავის მხრივ, ეს დაკავშირებულია რიგ ფუნდამენტურ საკითხებთან, მოსახლეობის მიგრაციასთან და ზოგადად დემოგრაფიულ პრობლემებთან. ძლიერი სოფელი ნიშნავს ასევე ძლიერ, წელში გამართულ ეკონომიკას. ეს ჩვენი მოგონილი არაა, ამიტომ ის დახამარება, რომელიც დასაწყისში ვახსენე, არის სწორად ამ მიზნით გაწეული ხარჯი. ყველა მოწინავე ქვეყანა, ამერიკა იქნება ეს თუ რომელიმე სხვა, მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს ამ მიმართულებით.....
_ დასასრულს, მიწის გასხვისების ფაქტებზეც გკითხავთ, ბოლო დროს ქართლსა და კახეთში მოსახლეობა აქციებს მართავს, უკმაყოფილებას მიწის უცხოელებზე გაყიდვა იწვევს. თქვენი აზრით ეს რამდენად აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას?
_ საქართველო ისედაც მცირემიწიანი ქვეყანაა, უცხოელებზე მიწის გასხვისება სოფლის მეურნეობას ზიანს აყენებს თუნდაც იმით, რომ უცხოელი არაა დაინტერესებული, შეინარჩუნოს მიწის ნაყოფიერება, მაგრამ ის უყურებს მომხმარებლის პოზიციით და არ დაგიდევს იმას, თუ რა იქნება მომავალში. ამიტომ მიწაზე ქართველმა გლეხმა უნდა იზრუნოს, ეს მისი მამაპაპური სიმდიდრეა, რომელიც შთამომავლობას უნდა დაუტოვოს. ამიტომ ჯობია, შენს გლეხს, შენს ფერმერს შეუწყო ხელი და ის არა ნაკლებ გააკეთებს თავის საქმეს.
_
_ იურიდიულად ამის გაკეთება ძალზე ძნელი იქნება, რადგან ის კანონით დაცულია; მეორეც, იმ უცხოელს მილიონი აქვს გადახდილი, რასაც, ბუნებრივია უკანვე მოითხოვს. ჩემი აზრით, თავის დროზე ეს იყო დიდი დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ჩვენ ახალა ამის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. ყოველ შემთხვევაში, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა შეწყდეს. სხვანაირად ადგილობრივ ფერმერს ყოველთვის გაუჭირდება უცხოელ ბიზნესმენთან კონკურენცია და საბოლოოდ მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ მიწის უდიდესი, საუკეთესო ნაწილი აღმოჩნდება მათ ხელში, ხოლო ქართველი გლეხი_მათი მოსამსახურე. ამით სოფლის მეურნეობაც დაზიანდება და მთლიანად ეკონომიკა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ახალი ხელისუფლება კარგად აცნობიერებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია .

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com