საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის ხსოვნა

      arch      გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო   აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ვაშაკიძე.

ჩვენი საზოგადოებისათვის და სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი ბატონ არჩილის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

          ბატონი არჩილი დაიბადა 1943 წლის 30 მაისს ქალაქ თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1967 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ღირსეულად გაიარა მეცნიერებაში მოღვაწეობის რთული და შრომატევადი გზა. დაიწყო მუშაობა საქართველოს სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის ელტექნიკისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე ლაბორანტად, საქართველოს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ კი იმავე კათედრის ასისტენტად, დოცენტად, მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციისა ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, შემდეგ ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანად, ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. წლების განმავლობაში ბრძანდებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი და რექტორი.

აკად. არჩილ ვაშაკიძის სამეცნიერო_კვლევითი საქმიანობა ეძღვნებოდა ცოცხალ ორგანიზმებზე ენერგეტიკული ზემოქმედების მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს მთიანი რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, აღდგენილი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, მათი ოპტიმალური განლაგების ტიპების, ტიპოზომების და მოთხოვნილი სიმძლევრეების პროგნოზირებას; ელექტროდინამიკაში ინდუქციურად დაკავშირებული წრედების ადეკვატური, გამარტივებული მათემატიკური მოდელის შექმნას და ათვლის ახალი სისტემის დადგენას; სამკურნალო მცენარე “იუკა დიდებულის” ამღები მანქანისა და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორის, აგრეთვე კვანტური ელექტროგენერატორის კონსტრუქციების შექმნას და სხვა.

         ბატონი არჩილი ბრძანდებოდა 95 სამეცნიერო ნაშრომის, რეკომენდაციებისა და ხუთი გამოგონების ავტორი. ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, დეკანად და უნივერსიტეტის რექტორად მოღვაწეობის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო მისი დამსახურება ახალგაზრდა თაობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში, რომელსაც იგი ასევე წარმატებით ასრულებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ და საზღვარგარეთის საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში. სხვადასხვა პერიოდში იყო სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, დაჯილდოვებული იყო “საპატიო ნიშნის” და “ღირსების” ორდენებით, სხვადასხვა მედლებითა და სიგელებით.

აკად. ა. ვაშაკიძე ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობაზე, სადაც დიდ სამეცნიერო გამოცდილებას უზიარებდა მომავალ ენერგეტიკოსებს, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობდა აკადემიურ დეპარტამენტში სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტად და ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ.

         აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების, კოლეგებისა და მოწაფეების ხსოვნაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com