საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
მრგვალი მაგიდა
თემა: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება“
მიმდინარე წლის 23 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება.“ მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსები: თ. ყურაშვილი და გ. ტყემალაძე, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი ს/მ დოქტორი მ. ბარვენაშვილი და მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები: გოგი მაძღარაშვილი და გიული გოგოლი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორები: ჯემალ ნაჭყებია და მაია კერესელიძე, ს/მ დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე, შპს "მეთაფლიას" და სააქციო საზოგადოება "აბიფიტო და ტრადიციული ბიოპროდუქტების" დამფუძნებელი როლანდ ზირაქაშვილი.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა. მან მოკლედ ისაუბრა ფუტკრისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის მნიშვნელობის შესახებ, ხაზი გაუსვა მათ დადებით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე. შემდეგ სიტყვა გადაეცა სმმ დოქტორს, პროფესორ გ. მაძღარაშვილს. აღსანიშნავია, რომ ბატონი გოგი ფუტკრისათვის ხელოვნური საკვების დამზადების მიმართულებით არაერთი ინოვაციის ავტორია. ამჯერადაც მან არ უღალატა ჩვეულ საქმიანობას და მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ჭეოს მომზადების ინოვაციური ტექნოლოგიის საწარმოო ათვისება,“ სადაც მსმენელებს გააცნო მის მიერ შემუშავებული ჭეოს მომზადების ტექნოლოგია ფუტკრის ბუდის (ფიჭის) გარეშე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრად დავაჩქაროთ მისი საწარმოო მომზადების პროცესი და რადიკალურად შევამციროთ საბაზრო ფასი. მოხსენების დასაწყისში ბატონმა გოგიმ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა თუ რას წარმოადგენდა ჭეო და რა დანიშნულებით იყენებს მას ფუტკარი და ადამიანი. აღნიშნა, რომ ჭეო, რომელსაც ფუტკრის პურსაც უწოდებენ წარმოადგენს ფუტკრის ცილოვან საკვებს. იგი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს. მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიტოქსიკური თვისებები. იგი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ერითროციტების, რეტიკულოციტებისა და ჰემოგლობინის ზრდას. გარდა ამისა ჭეო შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს - ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, კვერცეტინს, კემპფეროლს და გლუტატიონს, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და ამ მხრივ ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას, ასევე ებრძვიან ინფექციებსა და აჩერებენ სიმსივნურ პროცესებს. რაც შეეხება ბატონი გ. მაძღარაშვილის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით წარმოებულ ჭეოს, იგი ბუნებრივისაგან განსხვავებით, რომელშიც სხვადასხვა გარემოებების გამო შესაძლებელია გაჩნდეს მიკრობები, იმით განსხვავდება, რომ აღნიშნული ტექნოლოგია თრგუნავს მასში მიკრობების განვითარებას. ამის დასტურია „ლუგარის“ და „ბიოტექსის“ ლაბორატორიებში წარმოებული კვლევები და ლაბორატორიულ თეთრ თაგვებზე ჩატარებული ცდები (როდესაც ტოქსინის შესამოწმებლად ბოტულიზმის ნაზარდით დამატებული ჭეოთი გამოიკვება თეთრი თაგვები და შედეგად ყველა საცდელი თაგვი გადარჩა, ანუ საკვლევ ნიმუშებში ტოქსინი არ აღმოჩნდა). ყოველივეს ემატება კიდევ ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ჭეო გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ბუნებრივი და ამ მხრივ ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო მასებისათვის.
მოხსენების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ბატონები თ. ღოღობერიძე და რ. ზირაქაშვილი, რომლებმაც მოიწონეს პროფესორ გ. მაძღარაშვილის მიერ წარმოდგენილი ტექნოლოგია და აღნიშნეს, რომ იგი ახალი სიტყვაა ქართული მეფუტკრეობის დარგში. გამოითქვა სურვილი, რომ საკითხი განხილული იქნეს მედიკოსთა თანდასწრებითაც, რადგან ჭეო სამედიცინო კუთხითაც მეტად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
სხდომა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.