საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

            2022 წლის 20 აპრილს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნებელ დაავადებებზე“ წარსდგა ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე (ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გარემოს დაცვითი პრობლემაა, რომელსაც განაპირობებს: ატმოსფეროს დაბინძურება, ტემპერატურის მატება, სათბურის გაზების ნეგატიური ეფექტი, ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, გამონაბოლქვი აირები და ა.შ.

აღნიშნული ხელს უწყობს ტყეებში ხანძრების, გვალვების, მეწყრული პროცესების, ქარიშხლების გააქტიურებას, მავნებლების და მათგან გამოწვეული დაავადებების გავრცელებას; შედეგად, ზიანი ადგება ბუნებას, მცირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის   სასურსათო უსაფრთხოებაზე.

მიმდინარე არასასურველი პროცესები გავლენას ახდენს მაკრო- და მიკროორგანიზმების პოპულაციებზე. მწერებს და პათოგენებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში აქვთ უფრო სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარი, ვიდრე მათ მასპინძელ ხე-მცენარეებს, რადგან უფრო მგრძნობიარენი არიან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. შესაძლოა მეორადი მავნე მწერების აფუტკრება და ტრანსფორმირება პირველად მავნებლებად, რაც მასშტაბურად ზრდის არასასურველ პროცესებს.   მავნებელ-დაავადებების მასობრივი გამრავლების შემთხვევაში სასოფლო - სამეურნეო კულტურები ზიანდება, ტყეები ხმება. ხე-მცენარეების გამოშრობა კი, ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას, შედეგად ნახშირბადი დიდი რაოდენობით გროვდება ატმოსფეროში, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვითი პრობლემების შემდგომ გამწვავებას. ადგილი აქვს სეზონურ ცვლილებებს, ატმოსფერული ნალექების შემცირებას, რაც არახელსაყრელ პირობებს უქმნის მწვანე ნარგავებს, უარყოფითად მოქმედებს ტყის სიჯანსაღეზე, სიცოცხლისუნარიანობასა და ზოგადად რეგიონების ბიომრავალფეროვნებაზე. ტყის ხე-მცენარეები, მწვანე საფარი, მავნებლები და მათი ბუნებრივი მტრები იწყებენ გადაადგილებას, იცვლიან პირვანდელ ადგილმდებარეობას, ირღვევა ფენოლოგია და სინქრონულობა.

მცენარეული ეკოსისტემა წარმოადგენს რა ნახშირორჟანგის შთანთქმის მძლავრ მექანიზმს, მისი როლი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ აუცილებელია ტყეები, მწვანე ნარგავები და მცენარეული საფარი დავიცვათ დაზიანებისგან და მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ნოდარ ხოხაშვილმა, ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, დოქტორმა არჩილ სუპატაშვილმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com