საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გამსვლელი სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა

            2022 წლის 22 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამსვლელი სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. სხდომას აკადემიის პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრები და წამყვანი სპეციალისტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

            სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საფუძველი ეყრება აკადემიის პრეზიდიუმის ახალ და მეტად მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის გაღრმავებას ეხება. ამ მიმართულებით სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, რომლის დირექტორიც პროფ ლევან უჯმაჯურიძე აკადემიის პრეზიდიუმის წევრიც გახლავთ. აღინიშნა აგრეთვე, რომ ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საქმიანობის ანგარიშების რეცენზირება აკადემიის წევრებმა განახორციელეს.

            პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, პროფ. ლევან უჯმაჯურიძე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, დოქტ. ნოდარ ხატიაშვილი. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების საქმიანობაზე, მათ მიერ ჩატარებულ ფართო და მნიშვნელოვან კვლევებზე, შედეგებზე და მათ დანერგვაზე წარმოებაში და კვლევითი საქმიანობი სამომავლო პერსპექტივებზე.

            მომხსენებლებმა უპასუხეს მრავალრიცხოვან შეკითხვებს, ხოლო რიგ შემთხვევებში გააკეთეს ვრცელი კომენტარები.

            სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა შეაფასეს აკადემიკოსებმა

ნ. ჭითანავამ, გ. მარგველშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ფორმით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომების ჩატარება მისასალმებელია, ვინაიდან უამრავ შეკითხვას გაეცა პასუხი არა მარტო ცენტრის ხელმძღვანელობიდან, არამედ ცენტრის საბჭოს წევრებისა და სამსახურების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელებიდან.

            გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გაფორმდეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, სადაც მკაფიოდ აისახება ამ ორ ორგანიზაციას შორის ყველა ვალდებულება და თანამშროლობის ფორმები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com