საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

აგროინივაციების კომისია ფოტო     2022 წლის 22 ივნისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე). სხდომას კომისიის სხვა წევრებთან ერთად მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო.

გიორგი მიშელაძემ საქართველოში საძოვრების მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გადაჭრაც დღის წესრიგში დგას, მათი ფრაგმენტაცია და სამართლებრივი რეგულირების გარეშე განკარგვაა.

„მასიურად დაურეგისტრირებელია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ან რეგისტრირებულია კატეგორიის გარეშე“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ და დეტალურად ისაუბრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, აგრეთვე გიორგი მიშელიძემ პროგრამის მუშაობის მექანიზმი და არსებული მდგომარეობა გაუზიარა კომისიის წევრებს.

პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, იდენტიფიცირებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის 1,0 ჰექტარი და მეტი ფართობის 2,647 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 113,157 ჰექტარი. პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საქართველოს მასშტაბით 234 საძოვრის იჯარით გაცემაზე მიღებულია თანხმობა. აღნიშნული საძოვრების საერთო ფართობი 30,153 ჰექტარია. 2022 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაკეთებულია 156 განაცხადი, სულ დაინტერესება გამოხატულია 11,670 ჰა ფართობის საძოვრებზე. აღნიშნული საძოვრები მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს 5 რეგიონს. იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდებზე www.land.gov.ge და www.mepa.gov.ge.

პროგრამის ფარგლებში, 33 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია (4,122 ჰა). განხორციელდა 100 ჰექტარზე მეტი ფართობის 5 მიწის ნაკვეთის (968 ჰა.) დანიშნულებისა და კატეგორიის განსაზღვრა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com