საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

 

356787318 214424441051289 9172268798811094355 n მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აგრარული დარგის სპეციალისტებს, მ. შ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნეს თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

შეხვედრა გახსნა პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის, რის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. აღინიშნა, რომ ანგარიში მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

შეხვედრაზე მსმენელების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მაია ბითაძე და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გივი მიქანაძე. მათ ასევე ისაუბრეს აგრარული დარგისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ დარგებში სპეციალისტთა ნაკლებობაზე და ამასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე.

ბატონმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ თემატურ მოკვლევაში ჩართულები იყვნენ პარლამენტის სამი: აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები. თემატური მოკვლევის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა აგრარულ და გარემოს დაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება; აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; აღნიშნულ პროფესიათა შესაბამისი პროგრამების პროვაიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევების გაანალიზება; რეკომენდაციების შემუშავება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად. შემდეგ ბატონმა გიამ სიტყვა გადასცა ექსპერტს, ქალბატონ ანა დიაკონიძეს, რომელმაც აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები. გამოვლენილი იქნა დეფიციტური პროფესიები აგრარულ და გარემოს დაცვის სფეროებში, დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, ყურადღება გამახვილდა დეფიციტთან გამკლავების საერთაშორისო პრაქტიკასა და ქართული რეალობაზე.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა გია ცაგარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 16 რეკომენდაცია, რომელიც გაკეთდა თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგად გამოვლენილი სირთულეების დასაძლევად.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

353664296 982638502861356 3400943997257039559 n  2023 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

           სხდომის თავმჯდომარემ აკად. ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი: 1) ინფორმაცია სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ შესახებ; 2) შინაური ცხოველების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხებისა და შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების შესახებ; 3) საქართველოში რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

პირველი საკითხის ირგვლივ ისაუბრეს ავტორთა ჯგუფის წევრებმა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის დოქტორმა ეკატერინე ზვიადაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის მაგისტრმა, ევროპათმცოდნე ნოდარ კერესელიძემ.

            ავტორებმა მსმენელებს გააცნეს ნაშრომის შექმნის მიზანი, ამოცანები. აღინიშნა რომ სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა გაანალიზდეს დარგში არსებული სიტუაცია, მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები. წიგნში ასევე მოცემულია სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები და სურსათის თანამედროვე სისტემების განვითარების პერსპექტივები, დეტალურად არის განხილული სოფლის მეურნეობის და აგრობიზნესის განვითარების პოლიტიკა ევროკავშირში, აშშ-ში და სხვ.

          სახელმძღვანელოს ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ნ. ჭითანავამ, აკად. ა. დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ნაშრომის აქტუალობასა და მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იგი ერთნაირად საინტერესოა, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე მეცნიერ-მკვლევარებისა და აგრობიზნესში დასაქმებულ პირთათვის. სხდომამ მიიღო დადგენილება, სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ მიეცეს რეკომენდაცია ფართო საზოგადებისათვის გასაცნობად.

            სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი.

            მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შინაური ცხოველები დადებითად მოქმედებენ მფლობელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთანავე შესაძლებელია გადასცენ ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები. ისინი ნერწყვით, შარდით ან ფეკალიებით, აბინძურებენ ნიადაგს და ამდენად დაავადებების პოტენციური გადამდებები ხდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატრონებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავიანთი ოთხფეხა მეგობრები შეძლებისდაგვარად ისეთ ტერიტორიაზე ასეირნონ, სადაც მოსახლეობას მათი ექსკრემენტებით დისკომფორტს და საფრთხეს არ შეუქმნიან.

            აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფესორების გოგი მაძღარაშვილისა და მაია კერესელიძის, ასევე დოქტორ ირაკლი თათრიშვილის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ 1) საჭირო და აუცილებელია, რომ ცხოველთა დაცვის ფედერაციამ უზრუნველყოს ცხოველებისათვის სპეციალური სკვერების მოწყობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს.

       რაც შეეხება დღის წესრიგის მესამე საკითხს, იგი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ერნა კალანდიამ. მან ვრცლად ისაუბრა რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ: რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლაქტოზას, დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობენ საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობას; რძის შრატიდან გამოყოფილი ლაქტოზა ფართოდ გამოიყენება ბავშვთა პროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის, აგრეთვე სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად; რძის პროდუქტების დამზადების დროს მნიშვნელოვანია მათი უვნებლობის მაჩვენებლების შემოწმება, წარმოშობილი სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომების შემუშავება და ამ პრობლემების გადაჭრისათვის ალტერნატიული გზების ძიება.

მოხსენების დასულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტმა ლალი ვაშაკიძემ, დოქტორმა ნაირა მამუკელაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საწიროა 2) ეთხოვოს შესაბამის სამსახურებს რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე გაამკაცრონ სანიტარული წესები და ნორმები, რათა დაცული იქნას რძის პროდუქტების უვნებლობის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები.

სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com