საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გაერთიანებული სხდომა

აგრარული ინოვაციების კომისიისა და გარემოს დაცვისა და სატყეო განყოფილების გაერთიანებული   სხდომ

 

d24204b2 086a 48aa b7ef e8ef3f7a7d01      2025 წლის 2 აპრილს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიისა და გარემოს დაცვისა და სატყეო განყოფილების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები და მომზადებული რეკომენდაციები“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი პაპუნა კაპანაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. ქვეყნის ტერიტორიის 44.5% (3 100 500 ჰა) ტყითაა დაფარული და ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს. ტყეების უმეტესობა საშუალო და მაღალი დაქანების ფერდობებზეა განლაგებული, ისინი ასრულებენ ძალზედ მნიშვნელოვან ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ, სანიტარულ-ჰიგიენურ და სხვა სასარგებლო დაცვით ფუნქციებს. გარდა ამისა, დიდ და მცირე კავკასიონზე შემორჩენილ ტყის მასივებს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან ისინი ზომიერ კლიმატურ სარტყელში შემორჩენილ, უკანასკნელ ხელუხლებელ ტყეებს წარმოადგენენ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტყეების უმეტეს ნაწილზე ტყის მართვის დონის აღრიცხვა არ არის ჩატარებული. შესაბამისად, საქართველოს ტყეების ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებლებზე განახლებული ინფორმაციის სიმცირე კვლავ ქვეყნის სატყეო სექტორის გამოწვევად რჩება. განახლებული ინფორმაციის არსებობა ერთი მხრივ განმსაზღვრელ როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების და ნახშირბადის მარაგების თანდათანობით დაგროვების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გასაზრდელად.

საქართველოს ტყეების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღების მიზნით 2019-2022 წლებში, ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, ხოლო 2022-2024 წლებში მომზადდა სტატისტიკური ანგარიში საქართველოს ტყეების რაოდენობრივი, ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ და ანგარიშზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკური რეკომენდაციები - ტყეები მდგრადი მართვის განვითარებისთვის.

ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნები იყო:

  • საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოპოვება;
  • ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის მუდმივი ქსელის დაარსება;
  • პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები პირების სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;
  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება.

წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია ტყეების რაოდენობრივი, ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ და მომზადებული პოლიტიკური რეკომენდაციები.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს  აკადემიკოსებმა გ.ჯაფარიძემ, ნ.ჭითანავამ, ლ.დოლიძემ, ა.დიდებულიძემ, დოქტორებმა ა.მესხიშვილმა, მ.ბურჯანაძემ, ც.სამადაშვილმა, გ.ქავთარაძემ, ე.კაციტაძემ, გ.ცოფურაშვილმა. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com