მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური რესურსები საქართველოში’’ გამოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დოქტორი ესე ჯაყელი.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კავკასიის შავიზღვისპირეთის ხელსაყრელმა ნიადაგობრივ-კლიმატურმა პირობებმა შესაძლებელი გახადა კულტურაში გავრცელებულიყო მრავალი სუბტროპიკული მცენარე ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, სადაც კლიმატური პირობების გარკვეული მაჩვენებლები მიახლოებულია ჩვენებურთან. ეს მცენარეები არამარტო იზრდებიან და მსხმოიარობენ, ამავე დროს იძლევიან უხვ ნათესარს, რაც მეტყველებს გავრცელების ახალ პირობებში სახეობების, ფორმათა და ჯიშთა შეგუების მაღალ ხარისხზე.
ინტროდუქციულმა კულტურებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში შედარებით მოკლე დროში შექმნილიყო მემცენარეობის სრულიად ახალი დარგი - სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა. აქ მეორე სამშობლო იპოვა სუბტროპიკული ფლორის მრავალმა წარმომადგენელმა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან - ჩაის მცენარემ, ბამბუკმა, ზოგიერთმა სახეობამ და გვარმა Aurantiodeae-ს ქვეოჯახიდან, კამფორის და ცრუკამფორის დაფნამ, ლაქის ხემ, იაპონურმა კრიპტომერიამ, იაპონურმა მარაოსებრმა პალმამ; ხმელთაშუაზღვისპირეთიდან - ოლეანდრამ, ქვის მუხამ, კორპის მუხამ, ფიჭვმა, იტალიურმა ფიჭვმა, დაბალმა ხამეროპსმა; ავსტრალიიდან - ევკალიპტის მრავალმა სახეობამ, ვერცხლისფერმა აკაციამ; სამხრეთ ამერიკიდან - ფეიხოამ, პალმებმა, დიდებულმა იუბეამ; ჩრდილო ამერიკიდან - ბუციის სახეობებმა, კარიამ, მარადმწვანე სეკვოიამ, მსხვილნაყოფა კიპარისმა და პალმებმა.
ჩატარებული კვლევების პირველი ამოცანა იყო კულტურული მცენარეების ფართო ასორტიმენტის მოზიდვა სუბტროპიკული და ტროპიკული ქვეყნებიდან, მათი პრაქტიკული გამოსადეგობისა და ფასეულობების დაწვრილებით შესწავლა და შემდგომი ბიოლოგიური გამოკვლევები. მეორე ამოცანა გახდა ჯიშთა გამოცდა და შესასწავლი ინტროდუქციული მასალიდან უფრო ფასეულის გამოყოფა სამეურნეო გამოყენებისა და სელექციური მიზნებისთვის.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა: ო.თედორაძემ, ც.სამადაშვილმა, დოქტორებმა: გ.ცოფურაშვილმა, ნ.ხოხაშვილმა, ე.კაციტაძემ, ა.ნონიაძემ, გ.ქუთელიამ.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, კომისიის წევრები, დარგის სპეციალისტები, მეწარმეები.
მილოცვა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ჯემალ გუგუშვილი - 80
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯემალ (გუჯა) გუგუშვილს დაბადებიდან მე-80 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55-ე წელს.
ბატონი ჯემალი დაიბადა 1945 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში. ქ. თბილისის 113-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1971 წელს და მიენიჭა სწავლული ზოოტექნიკოსის კვალიფიკაცია.
1972 წლიდან ბატონმა ჯემალმა მუშაობა დაიწყო საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ზოოტექნიკოსად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის მიერ ინსტიტუტში პირველად იქნა შესწავლილი საქართველოში გავრცელებული ბოცვრის ჯიშები: საბჭოური შინშილა, რუხი გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვერცხლისებრი, აგრეთვე აშშ-ში გამოყვანილი კალიფორნიული და ახალზელანდიური თეთრი, როგორც ხალასჯიშიანი მოშენებით, ასევე ჯიშთაშორისი მარტივი, რთული, შთანთქმითი, საახალჯიშო შეჯვარებით და ჰიბრიდიზაციით.
1984 წელს ბატონმა ჯემალ გუგუშვილმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მეცხოველეობის სპეციალობით. 1989 წლიდან იგი საქართველოს ზოოვეტერინარულ უნივერსიტეტის მეცხოველეობის კათედრის გამგეა, მოგვიანებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
1990 წელს ჯ. გუგუშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1998 წელს - პროფესორის წოდება. ამავე წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რექტორად. ჯ. გუგუშვილი რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღნიშნული უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ სამეცნიერო საბჭოს.
ბატონ ჯ. გუგუშვილს მიღებული აქვს უმაღლესი პოლიტიკური განათლება (მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი 1974 წელი), იყო საერთაშორისო ჟურნალების და ადგილობრივი გამოცემების სარედაქციო კოლეგიის წევრი, არჩეული იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად (1997 წ.), თურქმენეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პროფესორად (1997 წ.), იგი გახლდათ განათლების სისტემის წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტი (1999 წ.), აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს წევრი (1999 წ.), სომხეთის აკადემიის საპატიო პროფესორი (2001 წ.). 1999 წელს მას მიენიჭა გარდაბნის საპატიო მოქალაქის წოდება.
2003 წელს ჯ. გუგუშვილი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.
აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი გახლავთ ნიუ-იორკის აკადემიის წევრი; იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი (2005 წ.); საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (2006 წ.); ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრს, როგორც მისი დირექტორი (2007 წ;); იყო რექტორთა საბჭოს წევრი.
ბატონი ჯემალ გუგუშვილის, როგორც წარმატებული მეცნიერის სახელი შესულია საქართველოს ენციკლოპედიაში (ტომი II, 2012 წ. გვ. 176) და ქართულ ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში „ვინ ვინაა საქართველოში“ (2002. გვ. 101).
მნიშვნელოვანია აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის დამსახურება ახალგაზრდა თაობის და სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია.
აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის კვლევის შედეგები ასახულია 228 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის 2 სახელმძღვანელოს, 5 მონოგრაფიასა და 21 რეკომენდაციაში. იგი ბრძანდება ბოცვრის ახალი ქართული ჯიშის “პელეს“ ავტორი (საქართველოს სახელმწიფო-საექსპერტო კომისია, 13 ივნისი, 1993 წ. ბრძ. № 2-237), მიღებული აქვს პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის, დაჯილდოვებულია მთავრობის ჯილდოებით, „ღირსების ორდენით (2002 წ.) და მედლებით, მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯილდო „21-ე საუკუნის ნაშრომისათვის“ (2007 წ.).
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ჯემალის დამსახურება ქვეყნის წინაშე სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. იგი ბრძანდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი. დიდი მიღწევები აქვს სამწვრთნელო საქმიანობაში, როგორც საფეხბურთო ნაკრების და კლუბების მწვრთნელს, ბრძანდება საქართველოს თასის ორგზის მფლობელი („სინათლე“, თბილისი), საბჭოთა კავშირის „მილიონთა“ თასის ორგზის მფლობელი („სინათლე“ ,თბილისი), უცხო ქვეყნის (თურქმენეთი) ეროვნული ნაკრების პირველი ქართველი მთავარი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ქართველი მთავარი მწვრთნელი ევროკავშირის ქვეყნებში -საბერძნეთის „იანირა“ (უმაღლესი ლიგა) საბერძნეთის პირველობაზე, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის პირველობაზე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე სტუდენტთა შორის - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს რეგიონული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებზე საფეხბურთო კლუბების - „ზოოვეტი“, „მორკინალი“, „ვიტ-ჯორჯია“, ალგეთი“- მთავარი მწვრთნელი, თურქმენეთის „კოპეტდაკის* მთავარი მწვრთნელი. მოპოვებული აქვს თურქმენეთის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.
2025 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილს მიენიჭა სპორტის რაინდის საპატიო წოდება.
ამჟამად აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიის მეცხოველეობის მიმართულების კოორდინატორი, კონსულტანტი (აგრარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები).
ბატონი ჯ. გუგუშვილი არის შესანიშნავი მამა და ბაბუა.
ბატონო ჯემალ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მრავალ წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.