ფუტკრის მსოფლიო დღე - საერთაშორისო დღესასწაულია. იგი 20 მაისს, თანამედროვე მეფუტკრეობის ფუძემდებლის ანტონ იანშის დაბადების დღეს აღინიშნება. ამ დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ამ უნიკალურ მწერს, რომელიც არამარტო ძვირფას პროდუქტებს (თაფლს, ფუტკრის რძე, შხამს, დინდგელს, და სხვ.) იძლევა, არამედ უდიდეს როლს თამაშობს მცენარეთა დამტვერვაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ყოველწლიურად აღინიშნება ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წელსაც, 20 მაისს აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, ამავე განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი ზურაბ მაკარაძე, აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი, საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი მ. ფეიქრიშვილი, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე და ამავე კავშირის იურისტი, შპს „ახალი ტექნიკის“ ლაბორატორიის დირექტორი შალვა ნადირაშვილი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების „ეიჩ ენდ ზეტის“ დირექტორი წოვინარ ნაზაროვა, პრაქტიკოსი მეფუტკრეები: გიორგი ლომიძე და გიორგი მერაბიშვილი, ასევე აპარატის თანამშრომლები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.
მრგვალი მაგიდა გახსნა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა. მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების ისტორია, ისაუბრა აღნიშნული დარგის ადგილზე და მნიშვნელობაზე ქართველი კაცის ყოფაში, ყურადღება გაამახვილა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ფუტკრისა და ფუტკრის პროდუქტების მნიშვნელობაზე. შემდეგ ბატონმა თენგიზმა აუდიტორიას გააცნო მრგვალი მაგიდის დღის წესრიგი, რომლის შესამამისად წარიმართა მუშაობა: 1.ტრიპილელაფსოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. მომხსენებელი: საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე; 2.საქართველოში მეფუტკრეთა კავშირის როლი ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის აღორძინების მიმართულებით. მომხსენებელი: საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე; 3. საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება და შემუშავება (სტრატეგიული ხედვა, კვლევა, დაგეგმვა). მომხსენებელი: ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების „ეიჩ ენდ ზეტის“ დირექტორი წოვინარ ნაზაროვა.
მრგვალ მაგიდაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მაია ფეიქრიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში გავრცელებული ქართული ფუტკრის პოპულაციების მნიშვნელობას. იმას რომ აუცილებელია მათი დაცვა სხვა ჯიშის ფუტკრებთან აღრევისაგან. ამ მხრივ საჭიროა გარკვეული მუშაობის ჩატარება ქართველ მეფუტკრეებთან და დარგით დაინტერესებულ პირებთან, რადგან აღნიშნული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით. დოქტორი მ. ფეიქრიშვილი ასევე შეეხო დარგში არსებულ პრობლემებს, ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. თავისი გამოსვლის დასასრულს ქალბატონმა მაიამ დარბაზში მყოფ მსმენელებს წარმატება და წინსვლა უსურვა თავ-თავიანთ საქმიანობაში.
საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ ღოღობერიძემ მსმენელთა ყურადღება შეაჩერა უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში გავრცელებულ ფუტკრის საშიშ დაავადებაზე-ტროპილელაფსოსზე. დაავადების გამომწვევია ტკიპი ტროპილელაფსი, რომელიც ფუტკრისთვის მომაკვდინებელი პარაზიტია. იგი იკვებება და მრავლდება ფუტკრის ლარვებსა და ჭუპრზე. დაავადება სწრაფად ვრცელდება და ფუტკრის ოჯახის მიუხედაობამ შეიძლება 3-4 თვეში სრულად გაანადგუროს ფუტკარი. აღინიშნა, რომ დაავადების ადრეული ფორმის გამოვლენა რთულია, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გარდა ამისა აღნიშნული ტკიპი მეტად მცირერ ზომისაა, სწრაფად მოძრაობს ფიჭაზე და შესაბამისად მისი დაფიქსირება გართულებულია. საფუტკრეებს შორის პარაზიტი ტკიპის გავრცელებას აჩქარებს დაავადებული ოჯახის გადაადგილება: მთაბარობა, რეალიზაცია და ა.შ., ასევე სხვა ბევრი ფაქტორიც. ბატონმა თეიმურაზმა შემოიტანა წინადადება ტროპილელაფსოზის სიმწვავის გამოსახატავად შემოტანილი იქნეს 4 გრადაცია: სუსტი, მცირე, საშუალო, ძლიერი, რათა გაადვილდეს ამ დაავადებასთან ბრძოლა. პროცენტულად წარმოდგენილი გრადაცია შეიძლება დაკავშირდეს გადაბეჭდილი ბარტყიანი ფიჭიდან, მისი გახვრეტის შემდეგ ამოსული ტკიპების რაოდენობასთან შემდეგნაირად: სუსტს შეესაბამება დასნებოვნებული ბარტყი 10%-ის ოდენობით, მცირეს - დასნებოვნებული ბარტყი 30%-ის ოდენობით, საშუალოს - 50%-ის, ხოლო ძლიერს - 70%-ის და მეტი ოდენობით. ბატონი თეიმურაზი თავის მოხსენებაში ასევე შეეხო ტროპილელაფსოზის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც, რომელთა შორის გამოყო: ჭიანჭველმჟავა, აპისტანი, ფლუვაროლი და სხვ.
საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოში მეფუტკრეთა კავშირის როლი ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის აღორძინების მიმართულებით“. მომხსენებელმა ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის შექმნის ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე, არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, იგი ასევე შეეხო იმ საქმიანობას, რომელსაც აღნიშნული კავშირი ეწევა ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარებისათვის.
საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადებასა და შემუშავებასთან დაკავშირებით თავისი ხედვები წარმოადგინა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების „ეიჩ ენდ ზეტის“ დირექტორმა წოვინარ ნაზაროვამ. მან სქემატურად წარმოადგინა ყველა ის რგოლი და პოზიცია რომელიც მეფუტკრეობის განვითარების ეროვნულ სამოქმედო გეგმასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ თითოეული საკითხის ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, მომხსენებლებსა და მსმენელებს შორის წარმოდგენილი თემების ირგვლივ ადგილი ჰქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლას.
შპს „ახალი ტექნიკის“ ლაბორატორიის დირექტორი შალვა ნადირაშვილი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა მსოფლიო ბაზარზე ფუტკრის შხამზე მოთხოვნის შესახებ. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ფუტკრის შხამის წარმოება, არაადა მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ყურადსაღებია ისიც, რომ ფუტკრის შხამი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და მისი წარმოებით მეფუტკრეებს მნიშვნელოვნად გაეზრდებათ შემოსავალი.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მრგვალ მაგიდაზე დასწრებისათვის და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.