2025 წლის 21 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის გია მეფარიშვილის და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრის ნატო ტაბუცაძის წიგნის „ვაზისა და ღვინის სამართალი“- ს პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ბიზნეს სამართლის მაგისტრი ნატო ტაბუცაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა წივწივაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორ - მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.
წიგნის „ვაზისა და ღვინის სამართალი“ - ს ავტორმა ბიზნეს სამართლის მაგისტრმა ნატო ტაბუცაძემ დაწვრილებით მიმოიხილა გამოცემის სამუშაო პროცესსა და შინაარსობრივ დეტალებზე. ავტორმა აღნიშნა, რომ ნაშრომი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე გამოიცა ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს, რომლებიც ვრცელდება მევენახეობისა და მეღვინეობის მთელ ციკლზე: ვაზის განაშენიანებიდან პროდუქციის რეალიზაციამდე.
ავტორმა აღნიშნა, რომ წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისა და მომხმარებლების სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ნაშრომში გამოყენებულია შედარებითი სამართლის პრინციპები. გამოცემა თანაბრად საინტერესოა როგორც ვაზისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე მოქმედი და მომავალი იურისტებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური და მეტად საინტერესო დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. ავტორმა ამომწურავი პასუხი გასცა თითოეული მსმენელის მიერ დასმულ შეკითხვებს.
დასასრულს, ქალბატონმა ნატომ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მისი ნაშრომისადმი ინტერესის გამოჩენისა და კეთილი სურვილებისათვის.