საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

17 ივნისი - გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

42ad90b0 c24a 4473 bd18 e9686922bd8b მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მცირე საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: ნიადაგის როლი გვალვასთან ადაპტაციაში 

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ; აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; ამავე განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტშვილი; კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული; წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი. 839d3af2 9ca7 47b6 9869 994a082cd77d

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან აუდიტორიას შეახსენა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღის დაარსების ისტორია, მისი მნიშვნელობა. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს მიწების დეგრადაციასთან ბრძოლა გასცდა ერთი ქვეყნის პრობლემას და იგი გლობალური მასშტაბით უნდა იქნეს განხილული. ქალბატონი გოგოლა ასევე შეეხო საქართველოს ნიადაგების მდგომარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, წარნმოადგინა მათი გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებები.  

           აკადემიკოსმა გ. მაგველაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა დედამიწაზე არსებულ უდაბნოებზე, მათ მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა უდაბნოს პირობებს ადაპტირებული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებზე. აღნიშნა, რომ დედამიწაზე არსებობს განსაკუთრებული უდაბნოები, რომლებიც ტურისტების დიდ ინტერესს იწვევენ. მათ შორისაა: „ფაიფურის უდაბნო”, „იუნის უდაბნო,”„დანაკილის უდაბნო” და სხვ.

მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით: „ნიადაგის როლი გვალვასთან ადაპტაციაში“ მსმენელთა წინაშე წარსდგა დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. მან ხაზი გაუსვა ნიადაგის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებზეც დიდაა დამოკიდებული ნიადაგში ტენის შენარჩუნების ხარისხი. ესენია: ნიადაგის გრანულომეტრული შედგენილობა და ნიადაგის ორგანული ნივთიერებები. გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით ნიადაგში გვხვდება: მსხვილი ქვიშა, საშუალო ქვიშა, წვრილი ქვიშა, ქვიშა თიხნარით, ქვიშიანი თიხნარი, წვრილქვიშიანი თიხნარი, თიხნარი, თიხნარი მტვრით, თიხნარი თიხით, მტვრიან-თიხიანი თიხნარი, ქვიშიან-თიხიანი თიხნარი, ქვიშიანი თიხა, მტვრიანი თიხა, თიხა. თითოეულ მათგანს ტენის შენარჩუნების განსხვავებული უნარი გააჩნია. ყველაზე მეტად ტენი ნარჩუნდება თიხნარ და ქვიშიან-თიხნარ თიხნარებში. აქ წყლის რაოდენობა ნიადაგის ზედა 30 სმ-იან ფენაში ვარირებს 43.75 - 62.5 ტ/ჰა-მდე. ყველაზე ნაკლებად ტენს ინარჩუნებს მსხვილ ქვიშიანი ნიადაგი - 10 - 18.75 ტ/ჰა. რაც შეეხება ნიადაგში ორგანული ნივთიერებების როლს მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლის შეკავებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ნიადაგში ორგანული ნივთიერებების 1%-ით ამაღლებით შესაძლებელია 1 ჰა-ზე 0-30 სმ ფენაში წყლის მარაგის 53.4 ტ-ით გაზრდა, რაც ბოსტნეული კულტურების ნათესს 2 კვირით უზრუნველყოფს წყლით.

75314b5e 9e53 49d3 b64c f4444e915978დოქტორმა გ. ღამბაშიძემ თავის მოხსენებაში ასევე განიხილა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის წლიური სეკვესტრირების პოტენციალი. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელით სამგრელო გამოირჩეოდა, წლის განმავლობაში 1,6 ტ/ჰა. იგივე მაჩვენებლით ყველა რეგიონს ჩამორჩებოდა თბილისის მიდამოები 0,18 ტ/ჰა.

აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ტენიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მავნებელი ორგანიზმების გამრავლებაზე. ამ მხრივ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს იტალიური კალია, რომელსაც კვერცხების დასადებად ესაჭიროება 5%-ზე ნაკლები ტენის შემცველობის მშრალი ნიადაგი.

მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, ხოლო დოქტორ გ. ღამბაშიძეს წარმოდგენილი მოხსენებისათვის. თავის მხრივ მრგვალ მაგიდაზე დამსწრეებმაც მადლობა გადაუხადეს ქალბატონ გოგოლას უდაბნოებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com