2025 წლის 18 ივნისს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაცოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „ხეხილის პერსპექტიული ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშების პომოლოგიური და აგრონომიული შესწავლის ასპექტების შესახებ“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ყოველწლიურად 200 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის ექსპორტს და შიდა მოხმარებისთვის 120 მლნ ლარამდე ღირებულების პროდუქციის წარმოებას. თვალსაჩინოა მოცემული სექტორისადმი გაზრდილი ინტერესი, რაც აისახა როგორც ახალი თანამედროვე ტიპის ბაღების გაშენებაში, ასევე წარმოების დივერსიფიცირებასა და აგროტექნოლოგიური დონის ამაღლებაში.
მიუხედავად ამისა, ქართველი მეხილე მეურნეები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. აუცილებელია კლიმატური ცვლილებების ფონზე ეკონომიკურად შემოსავლიანი, სტაბილური და კონკურენტუნარიანი მოსავლის მოყვანა შრომითი რესურსების პოტენციური შემცირების, მზარდი იმპორტის და ბაზარზე მიწოდება-მოხმარების ასინქრონული ციკლების პირობებში.
ხეხილის ბაღის გაშენების დროს ჯიშების არჩევაში მიღებული მცდარი გადაწყვეტილება, ხილის წარმოების ახალ თუ მოქმედ აგრობიზნესს გადაულახავი სირთულის წინაშე აყენებს. აქედან გამომდინარე, ცნობილი აქსიომა, რომ „ჯიში წარმატების საფუძველია“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ჭეშმარიტებას. საქართველოს მეხილე-ფერმერების გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ახალი ჯიშების შეფასება-ტესტირება წარმოადგენს მეხილეობაში კვლევის პრიორიტეტს.
უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში შეინიშნება ხეხილის ჯიშების სახელმწიფო სელექციური პროგრამების შემცირება-გაუქმება, რისი მიზეზივ ეკონომიკური და მარკეტინგული საკითხების გადაუწყვეტლობაა. შედეგად, სასელექციო პროგრამებმა გადაინაცვლა კერძო საინიციატივო სასელექციო კომპანიების ხელში, რომლებიც პროდუქტის რეალიზაციის მიზნით დაინტერესებული არიან ბრუნვაში მრავალი ჯიშის გამოყენებით.
საქართველოს ხილის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი ჯიშების სპექტრი გაზრდილია საზღვარგარეთის სასელექციო ორგანიზაციებისა და სანერგე მეურნეობების მხრიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამასთანავე იზრდება რისკებიც ქვეყნის კლიმატურ პირობებთან შემოტანილი ხეხილის გენოტიპების ადაპტაცია-ტოლერანტობის მიმართულებით. შემოთავაზებული ჯიშები მათი გამოყვანის კონკრეტულ რეგიონში შესაძლოა ავლენდნენ მაღალ სასაქონლო თვისებებს, თუმცა მათი რეალური ქცევა საქართველოს მეხილეობის მიზნობრივ რაიონებში მრავალ კითხვის ნიშანს აჩენდეს. ამიტომ, ახალი ჯიშების შესწავლა აუცილებელია განხორციელდეს წინსწრებით, ვიდრე ქართველი მეხილე ფერმერებისთვის შეთავაზებული იქნება კონკრეტული ჯიში.
საქართველოში ხეხილის ჯიშების შესწავლის კუთხით ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც ჩვენს ქვეყანაში ხეხილის ყველაზე დიდი კოლექციაა გაშენებული. იგი მოიცავს 14 ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურის 450-ზე მეტ ჯიშს, ფორმას და ნიმუშს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯიშების აგრონომიული შესწავლის შედეგად, მეხილე-ფერმერებისთვის კონვენციური და ბიოორგანული ხილის წარმოების მიზნით შერჩეულია პერსპექტიული მაღალპროდუქტიული და კონკურენტუნარიანი ჯიშების ფართო სპექტრი.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა: ზ. ლოლაძემ, გ.ცოფურაშვილმა, გ.ჯავახიშვილმა, ნ.ხატიაშვილმა, ც.სამადაშვილმა, ო.თედორაძემ, ნ.ხოხაშვილმა, ა.დიდებულიძემ. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.