ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 24 სექტემბერს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ნანა გოგინაშვილი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები.
მრგვალი მაგიდა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ტყე არა მარტო „პლანეტის მწვანე ფილტვებია“, რომელიც შთანთქავს რა ნახშირორჟანგს, აწარმოებს ჟანგბადს, წმენდს ჰაერსა და წყალს, ასევე მრავალი ცოცხალი ორგანიზმის საარსებო გარემოს წარმოადგენს, მას სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური ასპექტები. მოსახლეობისთვის იგი წარმოადგენს საკვების, სამკურნალო მცენარეების, დასასვენებელი ადგილის და ა.შ. წყაროს“. ბატონმა ლაშამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღეს განყოფილება ტრადიციულად აღნიშნავს ყოველი წლის სექტემბრის თვეში და რომ ტყის დაცვა და გაფრთხილება არამარტო ტყის მუშაკთა ვალდებულებაა, მას თითოეული ჩვენთაგანი უნდა უფრთხილდებოდეს.
მრგვალი მაგიდის მუშაობა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აკადემიკოს ლაშა დოლიძის მოხსენება: „ტყის ეკოსისტემებში, სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებთან ბრძოლა ხელოვნურად გამოწვეული ატმოსფერული ნალექების საშუალებით“. მომხსენებელმა მიმოიხილა საქართველოში გავრცელებული ტყის ხანძრების ისტორია, გავრცელების დინამიკა და ხანძრების გამომწვევი მიზეზები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინოვაციური მეთოდები. აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ნაირგვარი ხნოვანების, ტყის ტიპის, აღნაგობის, შემადგენლობის, სიხშირის ტყის ეკოსისტემები, ძლიერ დააქვეითა მათი მეტყევეობითი და ბიოეკოლოგიური თავისებურებების მახასიათებლები, სოციალურ - ეკონომიკური და დაცვით - ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობა, ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის ზარალი.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში გავრცელებულ ტყის ხანძრებთან ბრძოლის ნოვატორულ, მეტად ეფექტური მეთოდზე - კონვექტიური ფორმის ღრუბლების მასიდან ხელოვნური გზით ატმოსფერული ნალექების (წვიმის) გამოწვევაზე. ისაუბრა მეთოდის უპირატესობაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ატმოსფერული ნალექების (წვიმის) წარმოქმნა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს. კერძოდ, თუ ერთი კუბური მეტრის მოცულობის ღრუბლის მასა შეიცავს ერთ გრამი მოცულობის წყალს, კონვექტიური ფორმის ჯგუფურ ღრუბელთა მასა საშუალოდ 9 - 10 ათასი კუბური მეტრია, შესაბამისად ხელოვნური გზით გამოწვეული ატმოსფერული ნალექის (წვიმის) მოცულობა საშუალოდ შეადგენს 9 - 10 ათას ტონას.
მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში. აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით ტყის ხანძრებთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს შეეხებოდა მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.
მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ შემდგომ ნიველირებას.