აკადემიის პრეზიდენტის შეხვედრა თანამშრომლებთან
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე შეხვდა თანამშრომლებს.
მოკლე მისალმების შემდეგ, ბატონმა გივიმ შეაჯამა აკადემიის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა. აღინიშნა, რომ როგორც წინა წლები, მიმდინარე წელიც მეტად დატვირთული და ნაყოფიერი იყო. აკადემიაში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მ.შ. კონფერენციები, მრგვალი მაგიდები თუ თემატური სხდომები. გამოცხადებული იქნა კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად. გამარჯვებულ ავტორებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება და დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით. აკადემიის პრეზიდიუმი ჩვეული რიტმით აგრძელებდა მუშაობას, განხილული საკითხები გამოირჩეოდნენ თავისი აქტუალობით და შინაარსობრივი დატვირთვით. საინტერესო სხდომები იქნა ჩატარებული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მიერ. აქტიურად მუშაობდა აკადემიის ექვსივე მეცნიერებთა განყოფილება. გარდა იმისა, რომ მათ მიერ განხილული იქნა უშუალოდ თავიანთ დარგებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები, მათი ძალისხმევით და მონაწილეობით საზეიმოდ იქნა აღნიშნული აგრარულ დარგში გაეროს მიერ დაწესებული მსოფლიო და საერთაშორისო დღეები.
ბატონმა პრეზიდენტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აკადემიის ნამდვილ წევრთა რიცხვს დაემატა ორი ახალი წევრი და თითოეულ განყოფილებას ერთი წევრ-კორესპონდენტი, რაც მომავალში მეცნიერებათა განყოფილებებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად გააფართოვონ თავიანთი აქტივობები. 
განსაკუთრებული ყურადღება ბატონმა გივიმ დაუთმო იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა - ტრადიციები და რიტუალები“ შეტანას, რაშიც აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის.
თავისი სიტყვის ბოლოს ბატონმა გივიმ ყველას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები თავიანთ საქმიანობაში. ახალი წლის მილოცვას შეუერთდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.
შეხვედრის დასასრულს აკადემიის პროფკავშირების ორგანიზებით თანამშრომლებს დაურიგდათ საახალწლო საჩუქრები.
