ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული პრემიის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნის განვითარებაში მეცნიერების გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
გივი მიქანაძემ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
„მადლობას გიხდით თითოეულ მეცნიერს, რომელიც ამ ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. იყო მეცნიერი დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ – თქვენ ქვეყანას სძენთ ისეთ მონაპოვარს, რომელიც ერისა და ქვეყნის საკუთრება ხდება და ჩვენი დიდი სიამაყეა – ეს საქმე კი უდიდეს ცოდნასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, როგორიც გახლავთ ეროვნული პრემია. მეცნიერთა დაჯილდოება და მათი აღიარება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამეცნიერო მოღვაწეობის წახალისებაში, ხაზს უსვამს მეცნიერთა ღვაწლს და ამაღლებს მათ ავტორიტეტს, ამასთან, ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციას უწყობს ხელს, “ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო საქმიანობის გამდიდრებაში შეაქვთ.
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:
ლევან ჯაფარიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: „მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა“, „მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე“, „მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები“;
ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიან ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს - სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის „კავკასიის ისტორია“ (ორტომეული).
ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
კომისიის თავმჯდომარე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია
კომისიის წევრები:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი დავით გურგენიძე;
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი ვლადიმერ პაპავა;
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე;
ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე;
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი;
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე;
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
ინოვაციების კომისიის სხდომა
მიმდინარე წლის 21 იანვარს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მართვა“ გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანი გოგინაშვილი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია სასოფლო-სამურნეო ფართობებზე ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის გამოც იღუპება ნათესები. ასეთი ქარების გავლენით ხეხილის ბაღებში ზიანდება ხის ვარჯი, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, რაც იწვევს მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირებას. რაც შეეხება ერთწლიანი კულტურებს, ისინი ნიადაგის გაფანტვისა და გამოშრობის შედეგად ნადგურება.
ქვეყნის რეგიონები გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით იყოფა 3 კატეგორიად: ძლირი ქარების, ზომიერად ძლიერი ქარებისა და შედარებით სუსტი ქარების მუნიციპალიტეტებად.
ქარსაფარ ზოლებს აშენებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი და მყარი მოსავლიანობის უზრუნველყოფისა და ბუნების სტიქიური მოვლენებისაგან მათი დაცვის მიზნით. სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარის შემცირებით ქარსაფარი ზოლები ხელს უწყობენ ნიადაგის ეროზიის შემცირებას, ტენის შენარჩუნებას მომიჯნავე მინდვრებზე, ხოლო ზამთარში - თოვლის საფარის შეკავებას და ამით ნიადაგის ტენიანობის ზრდას, რაც საბოლოოდ ემსახურება მოსავლიანობის ამაღლებას.
ქალბატონმა ნანიმ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ფერმერებმა და საკითხით დაინტერესებულბა პირებმა, იცოდნენ საქართველოს კონკრეტულ რეგიონში ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისი მცენარეთა სახეობების შერჩევით და ქარის სიძლიერის გათვალისწინებით ქარსაფარი ზოლების დაგეგმვა-გაშენება, მოვლა, მრავალფუნქციური გამოყენება და მართვა.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადიებას აუწყა, რომ მათ მიერ შესწავლილი და განხილულია ქარსაფარი ზოლების სტრუქტურა, დიზაინი და ფუნქციები; შეფასებულია ქარით გამოწვეული ეროზიები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის პროცესში ქარსაფრის უპირატესობები; დახასიათებულია იმ მცენარეთა ძირითადი სახეობები, რომლებიც გამოიყენება საქართველოში ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად; ქარსაფარი ზოლების გაშენებისას რეკომენდებულია ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინება და სხვ.
ზემოაღნიშნულის გარდა ქალბატონმა ნანიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქარსაფარი ზოლების გაშენება-მოვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციების დაცვა.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ლ. დოლიძემ და ალ. დიდებულიძემ, პროფესორებმა: ც. სამადაშვილმა, ნ. ებანოიძემ და თ. ბიჭიაშვილმა, დოქტორებმა: გ. ცოფურაშვილმა, ე. კაციტაძემ, ზ.ლოლაძემ, ნ.ძიძიკაშვილმა, მეწარმე ლ.ქათამაძემ. ყველა შეკითხვაზე მომხსენებელმა გასცა ამომწურავი პასუხი. სხდომის შემდეგ გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი.
