საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - 85
         

 28 cqitishv ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს მიმდინარე წლის 31 იანვარს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.
   ზურაბ ცქიტიშვილი დაიბადა 1941 წლის 31 იანვარს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1959 წელს ქ. თბილისის 18 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით. რომელიც წარმატებით დაამთავრა 1965 წელს და განაწილებით დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის რძის კომბინატში მიმღები საამქროს უფროსად. 1972 წელს მუშაობა გააგრძელა გარდაბნის ყველ-კარაქის ქარხნის წარმოების უფროსად, ხოლო 1973 წელს - იმავე ქარხნის დირექტორად. 1976-1991 წლებში ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი იყო საქართველოს
რძის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1991-1993 წლებში - თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი, ხოლო 1993 წლიდან ს/ს „ამალთეა“-ს პრეზიდენტი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყანაში რძის გადამამუშავებელ მრეწველობის განვითარებაში. 

      1995-2007 წლებში ბატონი ზურაბი არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატად. 1995-2002 წლებში იგი გახლდათ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ 1995 - 2006 წლების სადეპუტატო უფლება-მოვალეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი ინიციატივით მიიღეს საქართველოსათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი, მათ შორის: „ეროვნული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „სურსათის ხარისხისა და უვნებლობის შესახებ“, „სავაჭრო პალატის შესახებ“ და სხვა.

     მეცნიერული მოღვაწეობა ზურაბ ცქიტიშვილმა დაიწყო ქალაქ მოსკოვის რძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის დაუსწრებელ განყოფილებაში სწავლისას. 1979 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1991 წელს ქალაქ მოსკოვის ხორცის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1994 წელს ბატონი ზურაბი
არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1997 წელს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). 

    2013 წლიდან ბატონი ზურაბი ბრძანდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, ხოლო 2018 წლიდან დღემდე იგი გახლავთ სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და აკადემიის დარგობრივი კოორდინატორი სურსათის უვნებლობის მიმართულებით. 

    2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლად ჩამოყალიბებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შეიქმნა სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების სამსახური, რომელსაც ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი ჩაუდგა სათავეში. ამავე ცენტრში იგი იყო არჩეული სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. 

   ყველასათვის ცნობილია ბატონი ზურაბ ცქიტიშვილის დამსახურება საქართველოში რისკის შეფასების სისტემის შექმნასა და ჩამოყალიბების საკითხებში. მნიშვნელოვანია ის, რომ მის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე , საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იქნა სურსათში გენოტოქსიკური თვისებების მქონე ტრანსიზომერული ცხიმების ზღვრული სიდიდეები და რაც მთავარია განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი. ასევე საყურადღებოა 2020 წელს მის მიერ მომზადებული „პოსტ პანდემიური პერიოდის რისკის შეფასების კონცეფციის“ დამტკიცება და მისი ავტორობით შემუშავებული რისკის შეფასების პროცესის სისტემური მიდგომის განმაპირობებელი „რისკის შეფასებისთვის ინიცირების პროცედურების“ დოკუმენტი. 

       ბატონი ზურაბი მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობდა საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემის განვითარებაში, როგორც სამეცნიერო ექსპერტი, კოორდინატორი და სტრატეგიული დოკუმენტების ავტორი. მისი საქმიანობა ემყარება მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რისკზე ორიენტირებულ მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. იგი, როგორც დარგის კოორდინატორი, რომლის საქმიანობა მოიცავს: რისკის შეფასების ინიცირების პროცედურების განვითარებას, პრიორიტეტული საფრთხეების იდენტიფიკაციასა და რანჟირებას, ერთიანი ჯანმრთელობის (One Health) კონცეფციის სისტემურ ინტეგრაციას, მრავალდისციპლინური სამუშაო ჯგუფებისა და საკოორდინაციო პლატფორმების ჩამოყალიბებას, ასრულებს დამაკავშირებელ ფუნქციას: მეცნიერებასა და პოლიტიკის შემმუშავებელ სტრუქტურებს შორის, რისკის შეფასებასა და რისკის მართვას შორის, ეროვნულ სისტემასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს (FAO, WHO, Codex Alimentarius ) შორის.

      აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის: რისკის შეფასებისა და მართვის SOP-ების განვითარება; გარემოს, ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობის ინტეგრირებული ანალიზის კონცეპტუალური ჩარჩოების ჩამოყალიბება; მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები; გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან; პრევენცია, როგორც სისტემური ინსტრუმენტი. მისი საქმიანობა მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის ეროვნული სისტემის მდგრად გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას და საქართველოს საერთაშორისო პრაქტიკებთან თანხვედრაში განვითარებას.
    აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი ამჟამადაც აგრძელებს ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მან ერთმანეთს შეუხამა რძის გადამმუშავებელ მრეწველობის ურთულესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტა, საფუძველი ჩაუყარა რისკის შეფასების სისტემას. გამოქვეყნებული აქვს 90 - მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 წიგნი, ბრძანდება 17 გამოგონების და 1 პატენტის ავტორი. იგი აქტიურად მონაწილეობს, როგორც
ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. 

     ბატონ ზურაბ ცქიტიშვილს ჰყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი. 

  ბატონო ზურაბ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გილოცავთ ღირშესანიშნავ თარიღებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com