ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნამა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტი დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვაა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვის გაძლიერების მექანიზმებს; ასევე იგეგმება ბიზნესპროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
„ტყის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ტყის რესურსისა და მასივების დაცულობის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტექნიკური აღჭურვილობით; ასევე, მეტყევეებისა და ტყის მცველების რაოდენობისა და კვალიფიკაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასები. პარალელურად იგეგმება კომერციული სექტორის უფრო აქტიური ჩართულობა, საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერება და ხარჯების ოპტიმიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს კონკურენტული ბაზარი და ტყის რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმეებისთვის”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.
კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით.
