მეცნიერების სამსახურში შრომით განვლილი გზა
აკადემიკოსი გურამ ტყემალაძე - 85
საქართველოს ქიმიკოსთა და ბიოქიმიკოსთა სამეცნიერო სკოლის გამოჩენილ და წარმატებულ მეცნიერს, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების ნამდვილ წევრს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს საინჟინრო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრს, აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს მიმდინარე წლის 25 აპრილს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.
გურამ ტყემალაძე დაიბადა 1941 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში, მათემატიკოსების ოჯახში. 1958 წელს, თბილისის 51-ე საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს და მიენიჭა ქიმიკოსის კვალიფიკაცია. იმავე წელს ბატონმა გურამმა მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიაში ინჟინერ - ქიმიკოსად. 1965-1968 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ქ. მოსკოვში, ა. ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტში. 1969 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1968-1975 წწ. ბატონი გურამი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1972-1975 წწ.
პარალელურად ეწეოდა სალექტორო საქმიანობას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის და ქიმიის ფაკულტეტებზე. 1975-1995 წწ. იგი იყო საქართველოს სტუდენტთა რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სტუდენტთა სამეცნიერო შრომები არაერთხელ იქნა პრემირებული, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო კონკურსებში.
1984 წელს გ. ტყემალაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვში ა. ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტში და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1985 წელს კი - პროფესორის სამეცნიერო წოდება.
1975-2004 წწ. ბატონი გურამი გახლდათ ზოოტექნიკურ - სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის (მოგვიანებით აკადემიის, უნივერსიტეტის) არაორგანული ქიმიის, ბიოორგანული და ბიოქიმიის კათედრის გამგე.
2005 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის დეპარტამენტში სრული პროფესორის თანამდებობაზე. 2013 წელს იგი დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2015 წელს აკადემიკოსი გ. ტყემალძე აირჩიეს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელად. იმავდროულად იგი გახლდათ აგრარული ტექნოლოგიების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.
2014 წელს ბატონი გურამი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად, ხოლო 2019 წელს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
აკადემიკოს გურამ ტყემალაძის სამეცნიერო საქმიანობა აერთიანებს ფუნდამენტურ ცოდნასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას, რაც მას გამორჩეულ მკვლევრად და მეცნიერების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენლად წარმოაჩენს.
მისი კვლევები, რომლებიც მოიცავს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისა და მიზანმიმართული მართვის ურთულეს პრობლემებს, წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს; ნაშრომები ფერმენტების სტრუქტურასა და ფუნქციას შორის ღრმა ურთიერთკავშირის გამოვლენაში მნიშვნელოვნად ამდიდრებს ბიოქიმიურ ცოდნას და ქმნის საფუძველს ინოვაციური ბიოტექნოლოგიური მიდგომებისათვის; ფერმენტების აქტივობისა და ბიოსინთეზის რეგულაციის, აგრეთვე მათი მოქმედების კინეტიკის კვლევა ცხადყოფს მის მეცნიერულ სიზუსტესა და ანალიტიკურ ხედვას. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბატონი გურამის წვლილი მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰერბიციდების, მინერალური და ორგანული ნაერთების ზემოქმედების და მათი დეტოქსიკაციის გზების შესწავლაში, რაც პირდაპირ უკავშირდება სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ინოვაციური მიდგომა — ღვინისა და ჩაის წარმოების ნარჩენებიდან საკვები ცილის მიღებასა და მის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვებაში გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ეკოლოგიურად და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტაა. ნაშრომები ჯანმრთელი და დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლში სუნთქვის ფერმენტების, აგრეთვე ლაქტატისა და მალატდეჰიდროგენაზების შესწავლა საფუძველს ქმნის დაავადებებსა და ფერმენტთა აქტივობებს შორის კავშირის სიღრმისეული გააზრებისათვის, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ვეტერინარული მეცნიერების განვითარებისათვის. ყურადღებას იმსახურებს მისი კვლევები ცხოველთა რეპროდუქციული პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, კერძოდ მიკრობული წარმოშობის ფერმენტის — ჰიალურონიდაზის გავლენის შესწავლა ხელოვნური დათესვლის პროცესში წარმოადგენს მიდგომას, რომელიც პირდაპირ ემსახურება ცხოველთა აღწარმოებითი უნარის ამაღლებას და მეცხოველეობის ეფექტიანობის ზრდას.
როგორც ვხედავთ, აკადემიკოს გ. ტყემალაძის მრავალმხრივი სამეცნიერო საქმიანობა ნათლად აერთიანებს თეორიულ სიღრმესა და გამოყენებით მნიშვნელობას, რაც მას თანამედროვე მეცნიერებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე და დარგის განვითარებაში არსებითი წვლილის შემტან მეცნიერად წარმოგვიდგენს.
მეტად ნაყოფიერია აკადემიკოს გ. ტყემალაძის პედაგოგიური საქმიანობაც. ათეული წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში ისეთ საგნებში, როგორიცაა: ენზიმოლოგია არაორგანული, ორგანული, ბიოორგანული ქიმია, ბიოქიმია, მცენარეთა ბიოქიმიის საფუძვლები, მცენარეთა ბიოქიმია, ბიოქიმიის საფუძვლები, სტრუქტურები და ფუნქციები ბიოქიმიურ პროცესებში, აგრარულ კულტურათა ბიოქიმია, სურსათის წარმოების ბიოქიმია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი დისერტაცია და სადიპლომო ნაშრომი.
აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 9 თეორიული და პრაქტიკული სახელმძღვანელო, სახელმძღვანელო, 3 მონოგრაფიული ხასიათის ლექსიკონი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მის მიერ გამოცემული ორიგინალური, ფუნდამენტური სახელმძღვანელო „ბიოქიმიის საფუძვლები“ და ენციკლოპედიური ლექსიკონი „ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია“. ეს უკანასკნელი, გამოირჩევა თავისი შინაარსით, სიღრმითა და მრავალმხრივობით, კარგად შერჩეული ფერადი საილუსტრაციო მასალით.
ბატონ გურამს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ყრილობებსა და კონგრესებში (ლატვია, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, გერმანია, იუგოსლავია, კანადა, ესპანეთი, შოტლანდია, საბერძნეთი, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია), სადაც აკადემიური საზოგადოების წინაშე მრავალგზის წარსდგა მაღალპროფესიული და შთამბეჭდავი მოხსენებებით.
გურამ ტყემალაძე მრავალმხრივ დაჯილდოებული და მრავალფეროვანი ნიჭით გამორჩეული პიროვნებაა, რომლის შემოქმედებითი დიაპაზონი სცილდება ერთ სფეროს და სხვადასხვა მიმართულებით თანაბარი სიღრმით იშლება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი შრომები ენათმეცნიერებასა და რელიგიურ-ქრისტიანულ პუბლიცისტიკაში, სადაც იგი აზრის სიზუსტეს სულიერ სიღრმესთან ჰარმონიულად აერთიანებს.
ამასთანავე, მისი შემოქმედება პოეზიის სივრცეშიც სრულად იშლება — იგი პოეტური კრებულების ავტორია, ხოლო მისი სიტყვა მუსიკაშიც ცოცხლობს, როგორც საესტრადო სიმღერების ტექსტების ავტორისა.
აკადემიკოსი გურამ ტყემალაძე თავისი მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოსა და აღიარების მფლობელია. იგი დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით (2002 წ.); აგრარულ დარგში წლის საუკეთესი მეცნიერის დიპლომით (2015წ.) ; ოქროს მედლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის (2023წ.); პროფესორ ვ. შამათავას სახელობის პრემიით სახელმძღვანელოსათვის „ბიოქიმიის საფუძვლები“ (2025წ).
ჰყავს ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და ქვეყნის აგრარიკოს-მეცნიერთა სახელით გულითადად ვულოცავთ აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს დაბადებიდან 85-ე და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან მე-60 წლისთავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
