საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განჯის (აზერბაიჯანი) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

     2016 წლის 3-4 ოქტომბერს, ქ. განჯაში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “საერთაშორისო თანამშრომლობა აგრარული მეცნიერების განვითარებისათვის, სასურსათო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისათვის”.

   კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება, გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად საერთო, რაციონალური გზების  ძიება და რაც მთავარია, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების ჩაბმა აღნიშნული საკითხების განხილვაში.

   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა 18 ქვეყნის მეცნიერი:   ყოფილი საბჭოთა კავშირის, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. კერძოდ, მოლდოვადან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან  თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ტაჯიკეთიდან, საქართველოდან და ა.შ.  საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო 8 წევრით, შემდეგი დაწესებულებებიდან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე), აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

Ganja 3    მუშაობა წარიმართა ოთხ დარგობრივ სექციაში:

  1. აგრონომიული და აგროსაინჟინრო მიმართულებით;
  2. ვეტერინარული და ზოოსაინჟინრო მიმართულებით;
  3. ინჟინერინგის, ელექტროენერგეტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  4. სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, აგრობიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით. 

Ganja 1   კონფერენციის პირველ სამუშაო დღეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის  ცენტრში, გაიმართა პლენარული სხდომა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა, აზერბაიჯანის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა. სიტყვით გამოვიდნენ  ასევე აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ტაილანდის, გერმანიის სამეცნიერო წრეებისა და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის ირგვლივ და საკუთარი საქმიანობის შესახებ. საქართველოდან აუდიტორიას მიესალმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეც. პლენარული სხდომის დამთავრების  შემდეგ, სექციების მუშაობა დარგების მიხედვით წარიმართა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვეტერინარულ და ზოოსაინჟინრო სექციაში   თავიანთი კვლევები წარმოადგინეს ქართველმა მეცნიერებმაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით მასპინძლებსა და კონფერენციის  უცხოელ სტუმრებს მიესალმა სოფლის მეურნეობის დოქტორი მ. ბარვენაშვილი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თემამ: “საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით”, რომელიც წარადგინეს სოფლის მეურნეობის დოქტორებმა მ. ფეიქრიშვილმა და მ. ბარვენაშვილმა. მოცემული საკითხის ირგვლივ ქართველ, აზერბაიჯანელ და მოლდოველ მეცნიერებს შორის  გაიმართა საქმიანი  დისკუსია. საინტერესო და საკმაოდ აქტუალური თემები წარმოადგინეს ასევე აზერბაიჯანელმა,  თურქმა, ტაილანდელმა და მოლდოველმა მეცნიერებმაც. 

Ganja 2      კონფერენციის მასალები დაიბეჭდა შრომათა კრებულში, რომელიც გამოიცა 2 ტომად.

   კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს ქ. განჯის ღირშესანიშნაობები, როგორიცაა პოეტ ნიზამი განჯევის მავზოლეუმი Ganja 4და მუზეუმი, მეხსეთი განჯევის მუზეუმი, ქალაქის ციხე-გალავნის ალაყაფი, ცენტრალური მოედანი და სხვა. სტუმრებმა დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის აუდიტორიები, ბიბილიოთეკა, სპორტდარბაზი, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ანატომიის მუზეუმი, თევზსაშენი აუზები, მწყრის ფერმა, კიტრისა და პომიდვრის საცდელი სათბურები და ა.შ.

  Ganja 5 4 ოქტომბერს, კონფერენციის დახურვისას, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იბრაჰიმ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ კონფერენციამ ჩაიარა მეტად საქმიან და  სამუშაო   ვითარებაში და რომ წარმოდგენილი ნაშრომები თავისი აქტუალობით და მნიშვნელობით პირდაპირ პასუხობდა კონფერენციის მოთხოვნებს. მისი აზრით, ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი, ინოვაციური გზების გამოყენებას. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მას და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მესვეურებს გულთბილი დახვედრისათვის და კონფერენციის საუკეთესო ვითარებაში წარმართვისათვის.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com