ცოდნის, გამოცდილებისა და მეცნიერული ღვაწლის გზა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს გამოჩენილ მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოს რევაზ ასათიანს დაბადებიდან 75-ე და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50-ე წლისთავს.
აკადემიკოს რევაზ ასათიანის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა ორგანულად აერთიანებს სამეცნიერო კვლევას, უმაღლეს განათლებას, აგრარული ეკონომიკისა და მენეჯმენტის განვითარებას, პრაქტიკულ საექსპერტო საქმიანობასა და ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს აგრარული მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში, სოფლის მეურნეობის მართვის თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებასა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში.
რევაზ ასათიანი დაიბადა 1951 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1973 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და მრავალმხრივ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
პროფესიული კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, წარმატებით განაგრძო აკადემიური და ადმინისტრაციული საქმიანობა. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის, აგრობიზნესის მენეჯმენტის კათედრის გამგისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობებს. ამ პოზიციებზე მისი საქმიანობა მოიცავდა, როგორც სასწავლო და სამეცნიერო პროცესების წარმართვას, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობას.
აგრარულ უნივერსიტეტში მოღვაწობის პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და მოპოვებულ იქნა ორი საგრანტო პროექტი, რომელთა განხორციელების შედეგად: ა) „ევრაზიის“ ფონდის დაფინანსებით შეიქმნა საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი 2 ახალი სასწავლო კურსი, შესაბამისი ახალი სასწავლო პროგრამებით და სასწავლო გეგმით, შეიქმნა IT ლაბორატორია კომპიუტერებით, პრინტერით, სადაზღვევო ელექტრო კვებით, ელფოსტით და სხვა საჭირო ტექნიკით; ბ) ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტთან ერთად სასწავლო პროცესის მენეჯმენტში ახალი ტექნოლოგიების და ცოდნის დანერგვის მიზნით სხვადასხვა მაპროფილებელი კათედრის 8 თანამშრომელი გაემგზავრა და ადგილზე გაეცნო ედინბურგის უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესის, კვლევის შედეგების გავრცელება-დანერგვის ორგანიზაციას, შეიქმნა და აღიჭურვა 2 საკლასო მრავალი სპეციალური სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურით, ბუკლეტებით, ტრიპლეტებით.
სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში“ მუშაობის პერიოდში
პირადად მისი მონაწილეობით მოხდა ჯერ ამ ფონდის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ორგანიზაციულ-პროგრამული მექანიზმის, ხოლო შემდეგ კი ყველა სახელმწიფო პროგრამის (ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების, მაგისტრების, სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო მივლინებების ....) შექმნა იმ სამეცნიერო დეპარტამენტში, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ასეთი ფონდის ჩამოყალიბებამ საშუალება მისცა არამარტო აგრარული მეცნიერებების, არამედ ახლა უკვე ქართველოლოგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების, სიცოცხლის შემსწავლელი, მათემატიკის, მექანიკის, საბუნებისმეტყველო, დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი, სამედიცინო, საინჟინრო, მაღალტექნოლოგიური მასალების მეცნიერებების ათასობით როგორც ძველი, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს ესარგებლათ თავიანთი კვლევების რეალიზაციით.
რევაზ ასათიანის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგრარული სექტორის მართვის განვითარება. იგი გახლდათ ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”-ს დირექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. სააგენტოში მუშაობისას მისი პირადი მონაწილეობით შემუშავდა და განხორციელდა პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები“, შეიქმნა კვების მრეწველობაში მოღვაწე მეცნიერთა ბაზა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობისას მისი უშუალო კურატორობით მომზადდა „ექსტენციის სახელმწიფო სტრატეგია“, რომლის საინფორმაციო-საკონსულტაციო პაკეტებს საფუძვლად დაედო სხვადასხვა სპეციალობის აგრარიკოს მეცნიერთა რეკომენდაციები, როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის დარგებში. კოლეგა აგრარიკოს-მეცნიერთა თანამშრომლობით გაანალიზებულ და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები მიწის რესურსების, მანქანა-ტრაქტორთა პარკის, საძოვრების რაციონალურად გამოყენების წინადადებები, მეცხოველეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამა და სხვა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აკადემიკოს რევაზ ასათიანის მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი ლექციებს კითხულობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, მცირე ბიზნესის აკადემიაში, აგრობიზნესის მართვის უმაღლეს სკოლასა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ამასთანავე, მონაწილეობდა TACIS-ის, KHF-ის, MCOR-ის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარებში. მისი სალექციო კურსები მოიცავდა ეკონომიკისა და მართვის პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე მრავალ მიმართულებას: მენეჯმენტის საფუძვლებს, აგრობიზნესის მენეჯმენტსა და მარკეტინგს, მართვის ავტომატიზებულ სისტემებს, საგრანტო და საინვესტიციო პროექტების მომზადებასა და განხორციელებას, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებასა და გარემოს დაცვის ეკონომიკას. ამ მიმართულებებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო როგორც მომავალი სპეციალისტების პროფესიული მომზადებისთვის, ისე მოქმედი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების განვითარებისათვის.
რევაზ ასათიანის პროფესიული ინტერესები არასოდეს შემოფარგლულა მხოლოდ აკადემიური სივრცით. იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის - ევრაზიის ფონდი, KHF, TACIS, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი (WB) მიერ დაფინანსებულ პროექტებში. აღნიშნულ პროექტებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა და განხორციელდა საკონკურსო გრანტების სისტემის ფუნქციონირების პროცედურები, რის შედეგადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ისარგებლა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში არსებულმა თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა თავიანთი საცდელი მეურნეობებითა და სადგურებით, რითაც გაიუმჯობესეს თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამავე პერიოდში მისი აქტიური მონაწილეობით იქნა შერჩეული და მსოფლიო ბანკის მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი აკადემიის სისტემაში არსებული მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, როგორც პილოტ ობიექტი, მისი რეფორმის კონსოლიდირებული და ძირეული რეორგანიზაცია-მოდერნიზაციის გეგმა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან ინტეგრირებისთვის.
რევაზ ასათიანი ამჟამად არის შპს „საქართველოს მელიორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აგრძელებს მუშაობას მელიორაციის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე. იგი ასევე დღემდე იკავებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნის თანამდებობას. აღნიშნული საქმიანობა ნათლად წარმოაჩენს მის პროფესიულ მრავალმხრივობასა და სამეცნიერო ცოდნის, მმართველობითი გამოცდილებისა და პრაქტიკული საქმიანობის ურთიერთშერწყმის უნარს.
რევაზ ასათიანი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი — აკადემიკოსი (2004 წლიდან). იგი ასევე საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის (1996 წლიდან) და აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემიის (2000 წლიდან) ნამდვილი წევრია, ხოლო 2025 წელს არჩეულ იქნა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მმართველთა კომიტეტის წევრად. მისი სამეცნიერო სტატუსები და პროფესიული აღიარება მრავალწლიანი, თანმიმდევრული მოღვაწეობისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის დასტურია.
აკადემიკოს რევაზ ასათიანის სამეცნიერო ნაშრომები მოიცავს აგროსასურსათო სექტორის ეკონომიკის, მენეჯმენტის, აგრობიზნესის, მარკეტინგისა და მართვის პრაქტიკული საკითხების ფართო სპექტრს. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის — ოთხი სახელმძღვანელო და რვა მონოგრაფია. აღნიშნული პუბლიკაციები ასახავს მის მრავალწლიან კვლევით ინტერესებსა და მისწრაფებას, სამეცნიერო ცოდნა როგორც აკადემიური წრეებისათვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი და გამოყენებადი გახადოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი ახალგაზრდა თაობის სპეციალისტებისა და მეცნიერების აღზრდაში. რევაზ ასათიანის ხელმძღვანელობით მომზადებულია 100-ზე მეტი სპეციალისტი, ბაკალავრი და მაგისტრი, აგრეთვე რვა მეცნიერებათა კანდიდატი. ამასთანავე, მან ექსპერტიზა გაუწია ათასამდე პირველად და ძირითად საგრანტო პროექტს, ოპონირება გაუწია 50-მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციას.
რევაზ ასათიანს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ოცამდე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში, სამუშაო შეხვედრასა და სასწავლო ტურში. იგი პრაქტიკულად გაეცნო ოკლაჰომოსა და ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა (აშშ) და ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტის, აგრეთვე მოლტონის (ინგლისი) კოლეჯის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
რევაზ ასათიანის მრავალწლიანი საქმიანობა სათანადოდ იქნა დაფასებული სახელმწიფოს მიერ. სასწავლო და სამეცნიერო სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის იგი 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
აღსანიშნავია, რომ მისი სამეცნიერო ღვაწლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იყო 2025 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კონკურსში მიღწეული წარმატება — აკადემიკოს რევაზ ასათიანის ნაშრომს (თანაავტორობით) მიენიჭა პროფესორ ივანე ჯაშის სახელობის აკადემიური პრემია. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობასა და კვლევითი მუშაობის გაგრძელების აქტუალობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს რევაზ ასათიანს დაბადებიდან 75-ე და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50-ე წლისთავს! უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ოჯახურ კეთილდღეობასა და შემოქმედებით ენერგიას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
