საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ნაპოლეონ ქარქაშაძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ნაპოლეონ ქარქაშაძე (2004 წ. აპრილი – 2005 წ. სექტემბერი)


Qarqashadze Nნაპოლეონ ქარქაშაძე დაიბადა ქ. თბილისში 1935 წლის 15 მაისს პედაგოგების ოჯახში. 1954 წელს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს და დაიწყო მუშაობა სასწავლო კომბინატში მასწავლებლად. 1961 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ იმავე თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1967 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სტატისტიკისა და ანალიზის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, დოცენტ; ხოლო 1972-1975 წლებში - ამავე ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგედ.

1975 წლიდან 1990 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად; 1990 წლის ივლისში აირჩიეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი) რექტორად; 1991 წელს არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, 1992 წელს - აკადემიკოსად.

2004 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ იგი აირჩია აკადემიის პრეზიდენტად; 2005 წლიდან აკად. ნ. ქარქაშაძე სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მრჩეველია, ხოლო 2013 წლიდან არის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

1965 წლიდან არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 1983 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1967 წლიდან დოცენტი, ხოლო 1983 წლიდან პროფესორი. 1984 წელს ავტორთა ჯგუფთან ერთად ლიმონის ახალი ჯიშის “დიოსკურიას” გამოყვანისა და წარმოებაში დანერგვისათვის, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკის დარგში. 1985 წლიდან იყო სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.

აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე ეწევა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს 298 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო, ერთი გამოგონება; აგრეთვე პოლიტიკური ხასიათის 4 რომანი, მრავალი სტატია და წერილი ადგილობრივ და უცხოეთის პრესაში.

სხვადასხვა დროს იყო “საქართველოს ენციკლოპედიის” მთავარი სარედაქციო კოლეგიის და სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.

1996 წელს აირჩიეს რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; არის ნიუ-იორკის და ტორონტოს უმაღლესი სკოლების, მსოფლიო აკადემიების აკადემიკოსი; არჩეულია აიოვას და პრაღის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად; კიევის, ერევნისა და განჯის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტების საპატიო პროფესორად; 2011 წელს სან-ფრანცისკოში აირჩიეს მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენციის პრეზიდიუმის წევრად; 1995-2003 წლებში იყო იუნესკოს გენერალური კონფერენციის წევრი, საერთაშორისო გაერთიანების “იკარდა” თანათავმჯდომარე და სხვა.

1980-1992 წლებში იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” და “ღირსების” ორდენებით, აგრეთვე სამთავრობო სიგელებით.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com