ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორს, ღირსეულ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს — ბატონ ომარ ქეშელაშვილს, რომლის მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობა მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია ქართული აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ისტორიისა.
ომარ ქეშელაშვილი დაიბადა 1941 წლის 14 აგვისტოს, მკვლევართა ოჯახში. მეცნიერებისადმი ერთგულება მისთვის ოჯახური ტრადიციის ბუნებრივი გაგრძელება იყო: მამა ქართული აგრობიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ, დედა კი — ნიადაგმცოდნე მეცნიერი. ამ გარემომ განსაზღვრა მისი პროფესიული არჩევანი და საფუძველი ჩაუყარა იმ მრავალმხრივ სამეცნიერო მოღვაწეობას, რომელმაც შემდგომში ფართო აღიარება მოიპოვა.
1963 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი. განსაკუთრებული ნიჭითა და მიზანდასახულობით გამორჩეულმა ახალგაზრდა მკვლევარმა 1968 წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სადოქტორო ნაშრომი, რომელიც მიწათმოქმედების ქიმიზაციის ეკონომიკური შეფასების საკითხებს ეძღვნებოდა, მაღალი მეცნიერული ღირებულებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა. მასში საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებამ საფუძველი დაუდო ახალ მიმართულებას აგრარულ-ეკონომიკურ კვლევებში.
ბატონი ომარის სამეცნიერო დამსახურება სათანადოდ იქნა აღიარებული: 1994 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1995 წელს კი — აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად. იგი ასევე იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.
მისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ორგანიზაციისა და მართვის საკითხების კვლევას, სამეცნიერო დაწესებულებების განვითარებასა და ახალი თაობის სპეციალისტთა აღზრდას მიეძღვნა. 1966 წლიდან იგი მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც თანმიმდევრულად გაიარა პროფესიული და სამეცნიერო ზრდის ყველა ძირითადი ეტაპი — უფროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან სექტორისა და განყოფილების ხელმძღვანელობამდე, შემდეგ კი დირექტორის მოადგილეობამდე.
1988 წლიდან მისი საქმიანობა გაგრძელდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 2006 წელს იგი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა, 2007 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ახლად დაფუძნებულ აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტს. შემდგომ წლებში იგი იყო ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებულმა კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის აგრარული სექტორის ეკონომიკური პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის მეცნიერული საფუძვლების შემუშავებაში.
განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. 1991–2011 წლებში ბატონი ომარი ხელმძღვანელობდა მის მიერ დაფუძნებულ საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტს, ხოლო 2011 წლიდან — მის ბაზაზე შექმნილ ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტს. იგი არა მხოლოდ ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, არამედ ცოდნის გაზიარებაზე, პროფესიულ განვითარებასა და მეცნიერულ აზროვნებაზე ორიენტირებული პედაგოგი იყო. 2008 წლიდან იგი ასევე თავმჯდომარეობდა საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ჟურნალის — „აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები“ — სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს და იყო მისი მთავარი რედაქტორი.
აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა მრავალმხრივი და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი იყო. მან ფუნდამენტური კვლევებით საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებებს ქართულ აგრარულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში. პირველმა შეიმუშავა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა და მეთოდიკა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სოფლის მეურნეობაში მინერალური სასუქების, ჰერბიციდებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება საქართველოს რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებით.
მისი კვლევების მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ეკონომიკური მიზანშეწონილობის ზღვრების დადგენა. მან საფუძველი ჩაუყარა ფერმერულ მეურნეობებში სამეურნეო რისკების მართვის პრობლემების მეცნიერულ შესწავლას და განსაზღვრა რისკის გამართლების ეკონომიკური ზღვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის წვლილს საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონალური სქემის შემუშავებაში. მისი კვლევების საფუძველზე, 2009 წელს ქვეყნის ტერიტორია აგროსამრეწველო და კვების მრეწველობის სპეციალიზაციის მიხედვით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად. ეს ნაშრომი ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების, რეგიონული თავისებურებების გათვალისწინებისა და შემდგომი სამეცნიერო კვლევებისთვის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
ბატონი ომარის ხელმძღვანელობით, თანაავტორობითა და რედაქტორობით შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების შესახებ“ და 15 ტიპური საწარმოსთვის მომზადებული სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების რეკომენდაციები, რომელთა შექმნისთვისაც მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მისი კოორდინაციით მომზადდა აგრეთვე 15 რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი იყო მრავალი ორიგინალური მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მის ნაშრომებს შორისაა „ბიზნესის ორგანიზაცია“, „ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტი“, ოთხტომეული „საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული სისტემა“ და „ბიზნეს-გეგმის შედგენის თეორია და პრაქტიკა“. ეს გამოცემები ასახავს მისი ინტერესების ფართო სპექტრს და მისწრაფებას, მეცნიერული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობისთვისაც გამოეყენებინა.
მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა არაერთი ჯილდოთი და აღიარებით აღინიშნა. მათ შორის იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის პრემია, საკავშირო სამეცნიერო-ეკონომიკური საზოგადოების კონკურსის მესამე ხარისხის პრემია, საზოგადოება „ცოდნის“ მედალი, ღირსების ორდენი და საპატიო წოდება — „წლის საუკეთესო მეცნიერი ეკონომიკის დარგში“. მიღებული აქვს აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპატიო სიგელი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის.
ომარ ქეშელაშვილის ცხოვრება მეცნიერების, ცოდნისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სამსახურის ნათელი მაგალითი იყო. იგი იმ მეცნიერთა თაობას ეკუთვნოდა, რომელთათვისაც კვლევა მხოლოდ პროფესიული საქმიანობა კი არა, ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილი და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობაც გახლდათ. მისმა ნაშრომებმა, სამეცნიერო ინიციატივებმა, საგანმანათლებლო საქმიანობამ და ორგანიზატორულმა ნიჭმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ აგრარულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში.
მისი სახელი და სამეცნიერო მემკვიდრეობა დარჩება კოლეგების, მოწაფეების, თანამოაზრეებისა და იმ ადამიანების ხსოვნაში, რომელთაც მასთან თანამშრომლობისა და მისგან ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. მის მიერ გაწეული შრომა კვლავაც ემსახურება ქართული აგრარული მეცნიერებისა და ეკონომიკური აზროვნების განვითარებას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, აღზრდილებს და სამეცნიერო საზოგადოებას ამ მძიმე დანაკარგს.
ნათელი და მარადიული იყოს აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ხსოვნა!
