მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს საქართველოოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა. სხდომა გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ მინსტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მეცნიერებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი გააცნო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლს და ქართული განათლებისა და მეცნიერების ხანგრძლივ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.
„მეცნიერებათა აკადემიის დასაფუძნებლად მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის მდიდარმა ისტორიამ შექმნა, თუმცა აკადემიის დაფუძნების უშუალო წინაპირობად, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იქცა. პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა გზა გაუხსნა სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბებას, რომელთა შემდგომი აღმავლობა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის წიაღში გაგრძელდა. დაარსებისთანავე, მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებიდან, აკადემია აქტიურად ჩაერთო საქართველოში მეცნიერების განვითარების საქმეში. განვლილი ათწლეულების განმავლობაში, აკადემიკოსებისა და სხვა მეცნიერების ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში. შეუცვლელია აკადემიის როლი სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესშიც. თანამედროვე გლობალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გამოწვევების ფონზე, ძლიერ მეცნიერებას ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას მეცნიერთა გამოცდილება და დასკვნები ჩვენთვის, თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი თითოეული მეცნიერი კვლავაც მზად არის, ღირსეულად უპასუხოს ახალი დროის გამოწვევებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ხელს შევუწყობთ აკადემიის გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საიუბილეო სხდომაზე, სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა.
