გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2026
მიმდინარე წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000 წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის წევრები დასწრნენ.
„ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიებამ სხვადასხვა რეგიონის მეღვინეები და ღვინის მწარმოებლები გააერთიანა და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.
