მიმდინარე წლის 18 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნატო კობახიძე და ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ტყის ხანძრები საქართველოში და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლები“. აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მიმოიხილა საქართველოში გავრცელებული ტყის ხანძრების ისტორია, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სახეობრივ და ეკოსისტემურ დონეზე სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, მათი გავლენა ნაირგვარი შემადგენლობის, სიხშირის, აღნაგობის, ხნოვანების ტყის ეკოსისტემების მეტყევეობით და ბიოლოგიურ - ეკოლოგიური მახასიათებლებზე, სოციალური და დაცვით - ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობაზე. ყურადღება გაამახვილა: გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენაზე ტყის ეკოსისტემებში, ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებზე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, მათი დისტანციურ - ოპერატიული მონიტორინგის საშუალებებზე, სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების და წვის პროცესების თავისებურებებზე, ტყის ხანძრების გავლენაზე დინამიკაში ტყის ეკოსისტემების ნიადაგების ძირითად ფიზიკურ და წყალმარეგულირებელ თვისებებზე, ტყის მკვდარი საფარის წყალმარეგულირებელი ფუნქციის მდგრადობაზე, ტყის ბუნებრივ განახლებაზე, ტყის ეკოსისტემებში მიკროკლიმატის შემადგენელი ელემენტების ცვალებადობაზე და სხვ. მან ასევე ისაუბრა ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური, ინტეგრირებული საშუალებებზე, სისტემებსა და მეთოდებიზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შემუშავებული იქნა: საქართველოს ნაირგვარი ხნოვანების, ტყის ტიპის, აღნაგობის, შემადგენლობის, სიხშირის ტყის ეკოსისტემებში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლების ძირითადი მიმართულებები და ნახანძრალი ფართობებისათვის ტყის აღდგენითი, კომპლექსური ღონისძიებები და რეკომენდაციები.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს შეხვედრის მონაწილეებმა.
სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ შემდგომ ნიველირებას.