საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მიხეილ საბაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი
აკადემიკოსი მიხეილ საბაშვილი (1957 – 1961 წ.წ.)


Sabashvili Mმიხეილ ნიკოლოზის ძე საბაშვილი (დაიბადა 1900 წლის 07 აგვისტოს ქ. ბათუმში — გარდაიცვალა 1979 წლის 09 ივლისს ქ. თბილისში) — ქართველი ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1957).

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1930—1942 წლებში სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგმცოდნეობის დოცენტი, შემდეგ კათედრის გამგე და პროფესორი; 1945—1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი;

1957 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 1963—1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

მიხეილ საბაშვილმა შეისწავლა საქართველოს ნიადაგების გენეზისი, შედგენილობა-თვისებები, გავრცელება, კლასიფიკაცია, აგროსაწარმოო მაჩვენებლების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მის მიერ და მისი ხელმძღვანელობით შედგენილია სხვადასხვა მასშტაბიანი ნიადაგური რუკები და სხვა.

მისი შრომები ფართოდ იყო გამოყენებული მეურნეობებისა და კოლმეურნეობების, საირიგაციო და სამელიორაციო მშენებლობების დაპროექტების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ახალი ფართობების ათვისებისა და გაუმჯობესების საქმეში. მიხეილ საბაშვილის ხელმძღვანელობით დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული სასუქებისა და ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მიერ 1932—1934 წლებში დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგების გამოსაკვლევად, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. 1937—1938 წლებში მისი ხელმძღვანელობით, ჩატარდა საქართველოს მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის ნიადაგების დაწვრილებითი შესწავლა-დახასიათება. 1940 წელს დეტალურად იქნა გამოკვლეული წალკის ქვაბულის ნიადაგები, რომლის შედეგები გაითვალისწინეს ამ წყალსაცავის მშენებლობის პროექტის შედგენისას. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი მუშაობა გასწია სამხედრო რუკების შედგენაზე.

სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობასთან ერთად, მიხეილ საბაშვილი განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობასაც. მისივე ხელმძღვანელობით იქნა შესწავლილი ყაზბეგის რაიონის ჩრდილო ნაწილის, სამგორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის, შირაქისა და ტარიბანის ველებისა და კახეთის ნათელი ტყეების ნიადაგები. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა საქართველოს მევენახეობის რაიონებისა და ვენახისათვის გამოსადეგი ნიადაგების მიმოხილვას. 1957 წელს შეადგინა საქართველოს ნიადაგების რუკა საშუალო სკოლებისათვის. მიხეილ საბაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო კონგრესების, საკავშირო ყრილობების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვათა საქმიანობაში.

დაჯილდოებული იყო ლენინის 2 ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენით, `საპატიო ნიშნის~ ორდენით და მედლებით.

ვალერიან მეტრეველი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ვალერიან მეტრეველი (1990 – 2004 წ.წ.)


Metreveli Vვალერიან მეტრეველი დაიბადა 1917 წლის 17 აპრილს, ონის რაიონის სოფელ უწერაში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის ელექტროგანათებათა ტრესტში.

1956 წლიდან ვალერიან მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის განვითარების გენერალური გეგმა. 1961-1974 წლებში ვალერიან მეტრეველი საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტი წამყვან სამეცნიერო – კვლევით ცენტრად გადაიქცა; მისი ძალისხმევით ინსტიტუტთან შეიქმნა თელეთის მეცხოველეობის ექსპერიმენტული მეურნეობა.

1974 წელს, როგორც მდიდარი გამოცდილების და მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი და ამასთანავე, კარგი ორგანიზატორი, ვ. მეტრეველი დაინიშნა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად, სადაც მუშაობდა 1983 წლამდე.

აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში, 1979-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის შექმნის ინიციატორი.

1983 წლიდან 1990 წლამდე აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად. აკად. ვ. მეტრეველის ხელმძღვანელობით წყდებოდა ყველა ის აქტუალური სამეცნიერო პრობლემა, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა აყენებდა სასოფლო – სამეურნეო წარმოების წინაშე. მისი ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო უზრუნველყოფის ცენტრები რეგიონებში, მდგრადი განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შესაბამისი სამეცნიერო დანაყოფები, მათ შორის, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი.

აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდა “საქართველოს სოფლის ელექტრიფიკაციის გენერალური სქემა”. იგი 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. მის სახელზეა გაცემული 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმეტესობა გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო წარმოების პრაქტიკაში.

ვალერიან მეტრეველი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, აგრარულ საკითხებში საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს.

აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დამსახურება ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე მრავალი ჯილდოთი, მათ შორის, ღირსების ორდენით აღინიშნა.

ნაპოლეონ ქარქაშაძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ნაპოლეონ ქარქაშაძე (2004 წ. აპრილი – 2005 წ. სექტემბერი)


Qarqashadze Nნაპოლეონ ქარქაშაძე დაიბადა ქ. თბილისში 1935 წლის 15 მაისს პედაგოგების ოჯახში. 1954 წელს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს და დაიწყო მუშაობა სასწავლო კომბინატში მასწავლებლად. 1961 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ იმავე თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1967 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სტატისტიკისა და ანალიზის კათედრაზე უფროს მასწავლებლად, დოცენტ; ხოლო 1972-1975 წლებში - ამავე ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგედ.

1975 წლიდან 1990 წლის ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად; 1990 წლის ივლისში აირჩიეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი) რექტორად; 1991 წელს არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, 1992 წელს - აკადემიკოსად.

2004 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ იგი აირჩია აკადემიის პრეზიდენტად; 2005 წლიდან აკად. ნ. ქარქაშაძე სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მრჩეველია, ხოლო 2013 წლიდან არის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

1965 წლიდან არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 1983 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1967 წლიდან დოცენტი, ხოლო 1983 წლიდან პროფესორი. 1984 წელს ავტორთა ჯგუფთან ერთად ლიმონის ახალი ჯიშის “დიოსკურიას” გამოყვანისა და წარმოებაში დანერგვისათვის, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკის დარგში. 1985 წლიდან იყო სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.

აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე ეწევა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს 298 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო, ერთი გამოგონება; აგრეთვე პოლიტიკური ხასიათის 4 რომანი, მრავალი სტატია და წერილი ადგილობრივ და უცხოეთის პრესაში.

სხვადასხვა დროს იყო “საქართველოს ენციკლოპედიის” მთავარი სარედაქციო კოლეგიის და სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი.

1996 წელს აირჩიეს რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; არის ნიუ-იორკის და ტორონტოს უმაღლესი სკოლების, მსოფლიო აკადემიების აკადემიკოსი; არჩეულია აიოვას და პრაღის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად; კიევის, ერევნისა და განჯის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტების საპატიო პროფესორად; 2011 წელს სან-ფრანცისკოში აირჩიეს მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენციის პრეზიდიუმის წევრად; 1995-2003 წლებში იყო იუნესკოს გენერალური კონფერენციის წევრი, საერთაშორისო გაერთიანების “იკარდა” თანათავმჯდომარე და სხვა.

1980-1992 წლებში იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი. დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” და “ღირსების” ორდენებით, აგრეთვე სამთავრობო სიგელებით.

შოთა ჭალაგანიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

შოთა ჭალაგანიძე (2007 – 2012 წ. ნოემბერი)


Chalaganidze Shშოთა ჭალაგანიძე დაიბადა ქ. თბილისში 1933 წლის 21 მაისს. 1951 წელს დაამთავრა თბილისის I საშუალო სკოლა, ხოლო 1956 წელს საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ – მექანიკოსის კვალიფიკაციით. არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994 წ.), პროფესორი (1996 წ), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობს სპეციალობის მიხედვით ჯერ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში რიგითი ტექნიკოსიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე. 1962 წელს გადაყვანილი იქნა საქართველოს კპ ცკ-ში სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნიკის სექტორის გამგედ, განყოფილების გამგის მოადგილედ. 1973 წ. არჩეულ იქნა კპ ბორჯომის რაიკომის პირველ მდივნად. 1977 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრად, 1988-1991 წლებში საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 1991 წლიდან სახელმწიფო კონცერნ “საქსოფლმანქანათმშენის” უფროსად და სასოფლო – სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო –კვლევით და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის “საქაგრომანქანის” გენერალურ დირექტორად. 1997 წელს გადაყვანილი იქნა საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მრეწველობის სტრატეგიული განვითარებისა და სამეცნიერო – ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად. 2002 წლის აპრილში დაინიშნა ახლად შექმნილი “საქინოვაციის” გენერალურ დირექტორად. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში, სადაც მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე.

არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალი მოწვევის დეპუტატად. დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით, მათ შორის “ხალხთა მეგობრობის “ და “ღირსების” Oორდენებით. მინიჭებული აქვს “წლის ინჟინრის” საპატიო წოდება.

2004 წლიდან მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ ვიცე – პრეზიდენტად, ხოლო შემდეგ 2005–2012 წლებში-პრეზიდენტად.

გამოქვეყნებული აქვს 233 სამეცნიერო ნაშრომი (60-მდე ნაშრომი საზღვარგარეთ), არის 14 წიგნის, 2 მონოგრაფიისა და 10 გამოგონების ავტორი.

აკად. შ. ჭალაგანიძეს ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა კვლევის, დამუშავებისა და გამოყენების მიმართულებით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაის მოვლა – მოყვანის მანქანათა კომპლექსის შექმნასა და წარმოებაში ფართოდ დანერგვის საქმეში. აგრეთვე მის მიერ დამუშავებული იქნა კლდოვანი ფერდობების გატყევების სამუშაოთა ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რის საფუძველზედაც ჩატარდა კლდოვანი ფერდობების გატყევება რამდენიმე ათას ჰექტარზე, რამაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

გურამ ალექსიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გურამ ალექსიძე (2013 წლის მარტი -2023 მაისი)


Aleqsidze Gსოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თელავში, ცნობილი მეცნიერის, ვაზის დაცვის ერთ - ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ნიკო ალექსიძის ოჯახში, რომელიც იმხანად მუშაობდა საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ.

1957 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 31-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიულ ფაკულტეტზე მცენარეთა დაცვის განხრით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1962 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, აგროტოქსიკოლოგიის ხაზით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფოსფორორგანული პესტიციდების მოქმედების შესწავლა ხეხილის მენაღმე ჩრჩილზე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში“ და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხეხილის მავნე ფაუნის გამრავლების ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლა ქართლის ხეხილის ბაღებში და პესტიციდების გამოყენების ზოგიერთი რაციონალური მეთოდის დამუშავება“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პროფესორის წოდება. 1991 წელს აირჩიეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს - ნამდვილ წევრად.

13 წლის განმავლობაში მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1973 წლიდან გადაიყვანეს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ჯერ მცენარეთა დაცვაში ახალი მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ 1974 წლიდან, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე - სამეცნიერო დარგში. 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, 2004 წლიდან ვიცე - პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან არჩეულია ამავე აკადემიის პრეზიდენტად.

1983-1987 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, როგორც საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი. ამ პერიოდში მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის ელჩის სამი ოფიციალური მადლობა.

გამოქვეყნებული აქვს 210-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 70-მდე საერთაშორისო გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე საკანდიდატო დისერტაცია, მცენარეთა დაცვის საკითხებზე.

დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით, საერთაშორისო ორგანიზაციების „სიჯიარისა“ და „იკარდას“ მიერ „ვერცხლის დიდი მედლით“ (2005 და 2008 წლებში) საერთაშორისო კვლევებში შეტანილი წვლილისათვის.

აგრარულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2013 წელს დაჯილდოებულია აკადემიკოს ნიკოლოზ ივანეს-ძე ვავილოვის სახელობის მედლით.

არის დაოჯახებული. ყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

გივი ჯაფარიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გივი ჯაფარიძე (2023 მაისიდან)


Givi Djaparidze

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაიბადა 1944 წლის 6 იანვარს ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1961 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა, 1968 წელს - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი სატყეო მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი; (კვალიფიკაცია-იურისტი); 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1985 წელს დოცენტის სამეცნიერო წოდება, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 245 სამეცნიერო შრომა; არის სატყეო საქმისა და ეკონომიკის დარგების ექსპერტი.

1995 წელს აირჩიეს საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემიის წევრად, იმავე წელს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად); 1996 წელს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის აკადემიკოსად; 1997 წელს - მსოფლიო ბანკის ექსპერტად სატყეო დარგში. 1998-1999 წწ. არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტყის მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და ტრენინგების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საქართველოდან (ქ. ჟენევა).

1998 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2002 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე მდიდარი და გამორჩეული შრომითი ბიოგრაფიის მქონე მეცნიერია. 1966-1967 წწ. მუშაობდა ვაკის რაიონის მოსწავლეთა სახლის დირექტორად; 1967-1969 წწ. საქართველოს ალკკ ქ. თბილისის ორჯონიკიძის /ამჟამად ვაკის/ რაიკომის ინსტრუქტორად; 1969-1973 საქართველოს კომკავშირის ცკ ინსტრუქტორად; 1973 წ. საქართველოს ალკკ გარდაბნის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანად; 1973-1974 წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; 1974-1978 წ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მუშა და სოფლის ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ; 1978-1985წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივნად; 1985-1995 წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო დარგში; 1996 წ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო დარგში; 1978-2004 წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, შემდგომში აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ეკონომიკის, ტყის ტაქსაციის და ხე-ტყის დამზადების კათედრაზე უფროს მეცნიერ-მუშაკად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, სრულ პროფესორად; 1996-2002 წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2004-2010 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივნად; 2010-2015 წ.წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად, აკადემიკოს-მდივანად; 2015-2023 წწ. ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო მეთოდოლოგიური და პრაქტიკული, რეფერირებული სამეცნიერო შრომათა კრებულის „მოამბე“ სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

დაჯილდოებულია სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლებით (1974); მედლით "შრომითი წარჩინებისთვის" (1976); ბრინჯაოს მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისათვის (1977); ვერცხლის მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისათვის (1978); საპატიო ნიშნის ორდენით (1982); შრომის ვეტერანის მედლით (1985); ღირსების ორდენით (1999); პატრიარქის მადლობის სიგელით (2002), ასევე სხვადასხვა დროს საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com