საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გივი ჯაფარიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გივი ჯაფარიძე (2023 მაისიდან)


Givi Djaparidze

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაიბადა 1944 წლის 6 იანვარს ქ. თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1961 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა, 1968 წელს - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი სატყეო მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი; (კვალიფიკაცია-იურისტი); 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1985 წელს დოცენტის სამეცნიერო წოდება, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 245 სამეცნიერო შრომა; არის სატყეო საქმისა და ეკონომიკის დარგების ექსპერტი.

1995 წელს აირჩიეს საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემიის წევრად, იმავე წელს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად); 1996 წელს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის აკადემიკოსად; 1997 წელს - მსოფლიო ბანკის ექსპერტად სატყეო დარგში. 1998-1999 წწ. არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტყის მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და ტრენინგების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საქართველოდან (ქ. ჟენევა).

1998 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2002 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე მდიდარი და გამორჩეული შრომითი ბიოგრაფიის მქონე მეცნიერია. 1966-1967 წწ. მუშაობდა ვაკის რაიონის მოსწავლეთა სახლის დირექტორად; 1967-1969 წწ. საქართველოს ალკკ ქ. თბილისის ორჯონიკიძის /ამჟამად ვაკის/ რაიკომის ინსტრუქტორად; 1969-1973 საქართველოს კომკავშირის ცკ ინსტრუქტორად; 1973 წ. საქართველოს ალკკ გარდაბნის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანად; 1973-1974 წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; 1974-1978 წ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მუშა და სოფლის ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ; 1978-1985წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივნად; 1985-1995 წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო დარგში; 1996 წ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო დარგში; 1978-2004 წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, შემდგომში აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ეკონომიკის, ტყის ტაქსაციის და ხე-ტყის დამზადების კათედრაზე უფროს მეცნიერ-მუშაკად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, სრულ პროფესორად; 1996-2002 წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ; 2004-2010 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივნად; 2010-2015 წ.წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად, აკადემიკოს-მდივანად; 2015-2023 წწ. ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო მეთოდოლოგიური და პრაქტიკული, რეფერირებული სამეცნიერო შრომათა კრებულის „მოამბე“ სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

დაჯილდოებულია სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლებით (1974); მედლით "შრომითი წარჩინებისთვის" (1976); ბრინჯაოს მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისათვის (1977); ვერცხლის მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისათვის (1978); საპატიო ნიშნის ორდენით (1982); შრომის ვეტერანის მედლით (1985); ღირსების ორდენით (1999); პატრიარქის მადლობის სიგელით (2002), ასევე სხვადასხვა დროს საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. არის დაოჯახებული, ყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com