სასარგებლო მწერებს შორის ფუტკარი გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ ადამიანისთვის უნიკალურ და ფასეულ პროდუქტებს — თაფლს, ცვილს, ჭეოს, ფუტკრის რძეს, დინდგელსა და ფუტკრის შხამს — იძლევა, არამედ იმითაც, რომ ყვავილოვანი მცენარეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამამტვერიანებელია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ველური ფლორის აღწარმოებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმრავლესობის მოსავლიანობის უზრუნველყოფაში. ამდენად, ფუტკარს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კაცობრიობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ გამორჩეულ მწერს და გლობალურად განიხილავენ ფუტკართან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია მისი დაცვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში რეგულარულად აღინიშნება ფუტკართან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები. წელსაც, 14 სექტემბერს, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით, ფუტკრის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა მეფუტკრეობის დარგში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — ტროპილელაფსოზს, მის გამომწვევ ტკიპასა და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს.
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მან სიტყვა გადასცა ვეტერინარიის მაგისტრ ნინო ყიფიანს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ტროპილელაფსოზის მართვის აქტუალური საკითხები: Apimondia-სა და BEE-GUARDS-ის ყაზახეთის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის მიმოხილვა.“
მომხსენებელი შეეხო ტროპილელაფსოზთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს. განიხილა დაავადების გამომწვევი ტკიპას სკაში შეჭრის გზები, მისი განვითარების და სასიცოცხლო ციკლები, ბრძოლისა და პროფილაქტიკის ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ტროპილელაფსის ტკიპები ძირითადად იმყოფებიან გადაბეჭდილ ბარტყში, მის საწინააღმდეგოდ შერჩეული უნდა იყოს გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები; ფორეტიკული ფაზა ზრდასრულ ფუტკარზე 1-2 დღე აქვთ;
ტროპილელაფსოზის პოპულაცია მცირდება გარკვეული პერიოდით (თებერვალი-აპრილი). გარდა ამისა ქალბატონმა ნინომ ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ქიმიურ მეთოდებზეც, რომლებსაც გარკვეული შეზღუდვები გააჩნიათ, მათ შორისაა ტკიპების რეზისტენტობა, ნარჩენების დაგროვება მეფუტკრეობის პროდუქტებში, ტოქსიკურობა ფუტკრებისთვის, ბარტყში შეღწევის შეუძლებლობა, სადაც პარაზიტების ძირითადი მასაა თავმოყრილი და სხვ. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ტროპილელაფსოზის გამომწვევ ტკიპებთან ბრძოლის ალტენატიულ გზებზეც, რომელთა შორის გამოყო თერმული მეთოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტორიის ყურადღება შეაჩერა მის მიერ შემუშავებულ თერმოკამერაზე, რომლის მეშვეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დადებითი შედეგები გამოიღო.
მოხსენების მეორე ნაწილი მიეძღვნა ქ. ალმათში, ყაზახეთის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას, რომლის მონაწილეც თავად ნინო ყიფიანი გახლდათ.
სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა ტროპილელაფსოზის გამომწვევ ტკიპასთან — Tropilaelaps mercedesae — ბრძოლას. აღნიშნული პარაზიტი ფუტკრისათვის საშიშ ინვაზიურ მავნებლად არის მიჩნეული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, ვეტერინარები, კონსულტანტები და მეფუტკრეები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სპეციალისტების მომზადება Tropilaelaps mercedesae-ის ადრეული გამოვლენის, მონიტორინგისა და კონტროლის მეთოდებში. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები უშუალოდ მუშაობდნენ ალმაათის რეგიონის საფუტკრეებში. მათ შეისწავლეს მიკროსკოპული პარაზიტების ამოცნობა, გაეცნენ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, მათ შორის შაქრის ფხვნილის ტესტსა და ცვილის ზოლებით ბარტყის შემოწმების მეთოდს, და განიხილეს ტკიპასთან ბრძოლის პრაქტიკული ღონისძიებები.
შეხვედრის ერთ-ერთ ძირითად დასკვნად გამოიკვეთა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტროპილელაფსოზის გავრცელების რისკის ზრდა, რაც კოორდინირებული ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის აუცილებლობას განაპირობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეფუტკრეებისა და ვეტერინარული სამსახურების მზადყოფნას, დროულად შეძლონ Tropilaelaps-ის იდენტიფიცირება და მისი Varroa-ს ტკიპებისგან გამიჯვნა. აღნიშნული მნიშვნელოვანია დაავადების ეფექტიანი კონტროლისათვის, რადგან ტროპილელაფსის ტკიპები სწრაფად მრავლდებიან და ფუტკრის ოჯახებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.
მოხსენების შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ჩაება ღონისძიების თითქმის ყველა მონაწილე - მეცნიერები, ვეტერინარები და პრაქტიკოსი მეფუტკრეები.
დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა დღესდღეობით დარგში არსებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას - ფუტკრის ტროპილელაფსოზს, მასთან ბრძოლის არსებულ მეთოდებს და ხერხებს, გამოყენებულ პრეპარატებს, ზემოთხსენებული თერმოკამერის მუშაობის ეფექტიანობას. გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დაისახა სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ვეტერინარიის სპეციალისტები და პრაქტიკოსი მეფუტკრეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; წევრ-კორესპონდენტი დავით გოდერძიშვილი; აკადემიის სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი; ვეტერინარიის მაგისტრი ნინო ყიფიანი და ფუტკრის დაავადებების სპეციალისტი ნატალია გარდავა. 
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე პრაქტიკოსი მეფუტკრეები: მარინე ქარდავა — რ/კ „თაფლი კოლხურის“ თავმჯდომარე (ზუგდიდი); გიორგი მერაბიშვილი — რ/კ „კოდის“ გამგეობის თავმჯდომარე (ახალციხე); მაია ხატიაშვილი — რ/კ „ტკბილი ნობათი“ (რუსთავი); ირმა ამირაჯიბი — მეფუტკრე (საგურამო); თეიმურაზ ღოღობერიძე — მეფუტკრე (პატარა ჯიხაიში) და გიორგი ლაკვეხელიანი — მეფუტკრე (ხონი).
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და შეხვედრის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სამეცნიერო-პრაქტიკული შეხვედრები ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების უკეთ გააზრებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
