საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიდინარე წლის 29 სექტემბერს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოს-სელექციონერის, ბოტანიკოსის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის ლეონარდე დეკაპრელევიჩის დაბადებიდან 140 წლისთავს.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: როლანდ კოპალიანი, ზაურ ჩანქსელიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი, მეცნიერებათა განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები: მაია ფეიქრიშვილი და გიორგი ღამბაშიძე, წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა და მარიამ მოსაშვილი. მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი და დოქტორი გოჩა წერეთელი.
მრგვალი მაგიდა გახსნა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მანვე გააკეთა ფართო მოხსენება ლეონარდე დეკაპრელევიჩის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ განუზომელია ლ. დეკაპრელევიჩის ღვაწლი ქვეყნის აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ხაზი გაუსვა მის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკის, სელექციის, მემინდვრეობის, თესლწარმოების, კულტურულ მცენარეთა შესწავლის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლ. დეკაპრელევიჩის ღვაწლზე ქართული ხორბლის ენდემური სახეობების შესწავლისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის საქმეში, მის კვლევებზე, რომლებიც მოიცავდა მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლასა და აღწერას. ლ. დეკაპრელევიჩის დამსახურებით ქართული ხორბალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო, რითაც მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტად აღიარებისთვის. ნიკოლოზ ვავილოვთან და პეტრე ჟუკოვსკისთან ერთად მან მეცნიერულად დაასაბუთა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო კერაა.
ლ. დეკაპრელევიჩს მიღებული ჰქონდა რვა საავტორო მოწმობა. იყო ნიკოლოზ ვავილოვის სახელობის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი. იგი ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებული ორი ლენინის ორდენით, სხვა სახელმწიფო ჯილდოებითა და მედლებით.
ქალბატონი გოგოლა მოხსენებაში ასევე შეეხო ლ. დეკაპრელევიჩის საზოგადოებრივ საქმიანობას. აღინიშნა, რომ მისი დამსახურებით დაარსდა საქართველოს ცენტრალური სასელექციო სადგური, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. იგი წლების განმავლობაში გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი, ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრას. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა არაერთი თაობა და სხვ.
მრგვალ მაგიდაზე ლ. დეკაპრელივიჩზე მოგონებით გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი ცოტნე სამადაშვილი. ბატონმა ცოტნემ აღნიშნა, რომ მას დიდი პატივი და ბედნიერება ხვდა წილად ყოფილიყო ლ. დეკაპრელევიჩის სტუდენტი. გაიხსენა მასთან გატარებული წლები და მისი მეგობრული, კეთილგანწყობილი, მამა-შვილური დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ. ისაუბრა ლ. დეკაპრელევიჩის პროფესიონალიზმსა და არჩეული საქმიანობისადმი სიყვარულზე. მომხსენებლის თქმით, ასაკში შესულიც კი ლ. დეკაპრელევიჩი არ იზარებდა შემოევლო ნათესები, ხორბალი იქნებოდა ეს თუ სხვა კულტურა, გულდასმით დათვალიერებინა ისინი და დაკვირდებოდა მათ ზრდა-განვითარებას. ბატონმა ცოტნემ ასევე აღნიშნა ლ. დეკაპრელევიჩის დიდი წვლილი ადგილობრივი ქართული ხორბლის ჯიშების გამოყვანაში.
მრგვალი მაგიდის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსანდრე დიდებულიძე და როლანდ კოპალიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი და დოქტორი გოჩა წერეთელი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ლ. დეკაპრელევიჩს პირადად არ იცნობდნენ, მის შესახებ ბევრი რამ ჰქონდათ მოსმენილი წინა თაობებისა და მისი ყოფილი სტუდენტებისგან. მათი შეფასებით, ლ. დეკაპრელევიჩი იყო გამორჩეული მეცნიერი და მაღალი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.
