„ფერმერის დღე 2026”, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აგრობიზნესის წარმომადგენლებს ფერმერის დღე მიულოცა და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი შრომა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება. ამისთვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზეც, რომლებიც ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად მოქმედებს.
„ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი, 24% მოდის. მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „ფერმერთა რეესტრი“. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
აგრობიზნესის წარმომადგენლებს ფერმერის დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს, საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს, საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 ფერმერი დააჯილდოვა.
პრემიერ-მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
