საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალ „ალოობა 2026“-ში ქართული ხორბლის სამეცნიერო მემკვიდრეობა წარადგინა
მიმდინარე წლის 25 ივლისს, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, ფესტივალი „ალოობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო ორგანიზაციების, ფერმერების, ადგილობრივი მეწარმეების, აგრარული დარგის სპეციალისტებისა და ქართული ხორბლის კულტურით დაინტერესებული მრავალრიცხოვანი საზოგადოების წარმომადგენლებს.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ცენტრალური ბოტანიკური ბაღი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები – ხორბლის მწარმოებლები, პურის მცხობელები და აგროსასურსათო სფეროში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ფესტივალზე წარმოადგენდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მრავალი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესწავლას, ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების დაცვას, მათ მეცნიერულ კვლევასა და ფართო პოპულარიზაციას. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის უნიკალური აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
ამ საქმიანობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო აკადემიაში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მთლიანად ქართულ ხორბალს მიეძღვნა. კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს განსაკუთრებული როლი მსოფლიო მეხორბლეობის ისტორიაში და ხაზი გაუსვა ქართული ხორბლის უნიკალურობას, როგორც მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და ტრადიციები“ შეტანას წინ უძღოდა მიზანმიმართული და შრომატევადი საქმიანობა. ამ პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ შეიტანა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის განსაკუთრებულ როლს ქართული ხორბლის კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.
ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში საქიან შეხვედრაზე აკადემიამ აიღო ვალდებულება, ქართული ხორბლის პოპულარიზაციის მიზნით მოემზადებინა და გამოეცა სამეცნიერო გამოცემები, რომლებიც საზოგადოებას სრულყოფილად გააცნობდა ქართული ხორბლის ისტორიულ, სამეცნიერო, აგრობიოლოგიურ და კულტურულ მნიშვნელობას.
ფესტივალ „ალოობა 2026“-ზე აკადემიამ ფართო ექსპოზიცია წარმოადგინა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ
აკადემიის მიერ გამოცემულ ინტელექტუალურ პროდუქტებს – მონოგრაფიებს, წიგნებს, ბროშურებს, რეკომენდაციებს, სამეცნიერო შრომათა კრებულებსა და სხვა გამოცემებს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია 2026 წელს გამოცემულმა პუბლიკაციებმა, რომლებშიც განხილულია ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი ბიოლოგიური თავისებურებები, მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგია, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე ქართული ხორბლის გენეტიკური და კულტურული მნიშვნელობა, ასევე აგრობიომრავალფეროვნების მიმართულებით გამოცემულმა სამეცნიერო პუბლიკაციებმა.
ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წევრები, ფერმერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ქართული ხორბლის კულტურით დაინტერესებული მრავალი მოქალაქე.
სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სივრცე, გაეცნენ წარმოდგენილ გამოცემებს, მაღალი შეფასება მისცეს მათ სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართული ხორბლის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აკადემიის მრავალწლიან საქმიანობაზე.
ფესტივალ „ალოობა 2026“-ში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აკადემია აქტიურად აგრძელებს ეროვნული აგრობიომრავალფეროვნების, ქართული ხორბლის უნიკალური გენოფონდისა და მრავალსაუკუნოვანი სამიწათმოქმედო ტრადიციების დაცვას, მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, აგრარული მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.
