საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრები კომპანიაში „ფირმა ლომთაგორა“

2019 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ე. შაფაქიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი, აკად. ა. ვაშაკიძე დაესწრენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ფირმა ლომთაგორას“ მიერ ორგანიზებულ სემინარს „ქართული ხორბალი და მისი სამომავლო პერსპექტივები“.

Lomtagora 2019 1აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გ. ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. ხანიშვილმა, სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ფერმერებმა, წარმოების მუშაკებმა და ღვაწლმოსილმა სელექციონერებმა.

ბოლო ორი ათეული წელიწადია „ფირმა ლომთაგორა“ ფერმერებს ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის - ხორბლისა და სიმინდის სუპერელიტურ, ელიტურ და პირველი კატეგორიის სათესლე მასალებს სთავაზობს. კომპანიის ხელმძღვანელობის ამბიცია, რომ ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებლებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუტოლდნენ, თანდათან ხორცს ისხამს. კომპანიაში დღეს ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 6,0-6,5 ტონის ფარგლებში მერყეობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მიღწევაა.

დამსწრე საზოგადოება უშუალოდ მინდორში გაეცნო კომპანიაში წარმოებული ხორბლის ჯიშებს, მათი მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიებს, კომპანიაში სელექციის შედეგად მიღებული ხორბლის ჯიშების სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებულ ნათეს ფართობებს. განმარტებებს იძლეოდა კომპანია „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელი, დოქტორი კახა ლაშხი, კომპანიის მეხორბლეობის მიმართულების ცნობილი სპეციალისტი ირაკლი რეხვიაშვილი, კომპანიის მეხორბლეობის ღვაწლმოსილი სელექციონერები ზურაბ ჯინჯიხაძე და ზაურ ჭულუხიძე.

დღეისათვის „ფირმა ლომთაგორაში“ იცდება მარცვლეულის მოყვანის ახალი ტექნოლოგია, რომელიც პროგრესულ ტექნოლოგიად ითვლება. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ხორბალი დათესილია 1,05 მ სიგანის ბაზო-კვლებზე. სტანდარტული ბაზოების სიგანედ მიღებულია 0,75 მ და ამ ტიპის ბაზოებზე და ტექნოლოგიაზე სხვა მეცნიერებთან ერთად გარკვეული სამუშაოები აქვს ჩატარებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსაც (აკად. გ. მარგველაშვილი, აკადემიის წ/კ ო. ლიპარტელიანი და სხვა).

ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის იდეა ეკუთვნის „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელს დოქტ. კ. ლაშხს. Lomtagora 2019 2აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიის განხორციელების შედეგად კომპანიაში ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 5-6 ტონა/ჰა-ზე და შესაძლებელია 8,0 ტ/ჰა მიღებაც.

კომპანიის საცდელი ნაკვეთებიდან სემინარის მონაწილეებმა გადაინაცვლეს საკონფერენციო დარბაზში, სადაც საინტერესო მოხსენებით გამოვიდა დოქტ. კ. ლაშხი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გ. ჟორჟოლიანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. ხანიშვილმა, ღვაწლმოსილმა სელექციონერებმა ზ. ჯინჯიხაძემ და ზ. ჭულუხიძემ, ფერმერებმა და წარმოების მუშაკებმა.

დასასრულს აკად. გ. ალექსიძემ სემინარის ყველა მონაწილე მოიწვია 2019 წლის 2-5 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის. კონფერენციის თემა: „კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com