საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სხვა ორგანიზაციებთან აკადემიის თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტების განხილვა

2020 წლის 9 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებული ვარიანტის პროექტის განხილვას. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ხელმძღვანელობა, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები და სწავლული მდივნები, აგრეთვე აკადემიის ის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მემორანდუმის ახალი ვარიანტის პროექტის საკითხების დაზუსტებაში.

G Aleksidzeსხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თანამშროლობის მემორანდუმი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ხელმოწერილი იქნა აკადემიის პრეზიდენტისა და სოფლის მეურნეობის იმდროინდელი მინისტრის, ბატონ ოთარ დანელიას მიერ 2016 წლის 17 მარტს. ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური მთელი რიგი ღონისძიებებისა და კორონავირუსის პანდემიის დღეს მიმდინარე პირობებისათვის, იგი საჭიროებს განახლებას და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. კერძოდ, ყოფილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ამჟამად ერთ ქუდ ქვეშაა მოქცეული,   გარდა ამისა აკადემიაში შეიქმნა ახალი მიმართულების სამეცნიერო განყოფილებები და რაც მთავარია მსოფლიო პანდემიამ ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელთა გადაჭრაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის წევრების მიერ 2020 წლის აპრილში სამინისტროში წარდგენილია წინადადებები (რეკომენდაციები) კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი პერიოდისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების შესახებ. ახალ და მოულოდნელ გამოწვევას-პანდემიას საზოგადოება, სახელმწიფო, მეცნიერება გონივრულად უმკლავდება და ამასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება-განმტკიცების ღონისძიებათა მწყობრი, მომავალზე ორიენტირებული სისტემა მოქმედებს, პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოწვევებიც რეალურად ჩანს. იგრძნობა, რომ მუდმივად მობილიზებულ რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება და მეცნიერული მოღვაწეობა. გაცნობიერებულია აგრეთვე, რომ მეცნიერება, განსაკუთრებით აგრარული მეცნიერება, მორიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. აღნიშნული მიდგომები აუცილებლად უნდა იქნეს ასახული მემორანდუმის განახლებულ ვარიანტში.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მან მსმენელებს გააცნო განახლებული მემორანდუმის პროექტი, სადაც გათვალისწინებული იყო სამეცნიერო დარგების მიხედვით აკადემიკოს-მდივნებისაგან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები. პროექტის გაცნობის შემდეგ გაიმართა ფართო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. გაგოშიძემ, ა. ვაშაკიძემ, ზ. ცქიტიშვილმა, გ. მარგველაშვილმა, ე. შაფაქიძემ.

სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მემორანდუმის პროექტი საჭიროებს ზოგიერთი მუხლის კორექტირებას, მათ განზოგადოებას, რათა გაიზარდოს მემორანდუმის პრაქტიკულ მნიშვნელობა, აგრეთვე უნდა აისახოს იმ დარგებისა და მიმართულებების გაუმჯობესებისა და აღორძინება-განვითარების, აგრეთვე აგრარული მიმართულების კადრების მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებების პროგრამები.

ბოლოს, სხდომაზე დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა, რომ აკად. ნ. ჭითანავა მემორანდუმის პროექტის საბოლოო ვარიანტს გააცნობს აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას მიმდინარე წლის 26 ივნისს, რის შემდეგ იგი შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნებისათვის გადაეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრსა და სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკებს.

                                                                                                       

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com