საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

    2022 წლის 8 ივნისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ბოსტნეული კულტურების მნიშვნელობა ჰოლანდიური კომპანიის „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) ჭრილში“ წარსდგა კომპანიის რეგიონული წარმომადგენელი (სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია) ბიძინა იმნაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ,,რაიკ ცვაანმა’’ როლი უკვე ითამაშა თითქმის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში - დიდი შანსია, რომ ზოგიერთი ბოსტნეული, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, არის ამ კომპანიის ასორტიმენტიდან, განსაკუთრებით კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ისპანახისა და სალათის ფოთლის შემთხვევაში, რადგან ეს ის კულტურებია, რომლებშიც Rijk Zwaan- გლობალური ბაზრის უპირობო ლიდერია. არადა ბოსტნეულის მოხმარება ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ევროპის ქვეყნებში ბოსტნეულის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად 300 კილოგრამამდეც კი აღწევს (მეზობელ თურქეთში - 230, უკრაინაში - 171, რუსეთში - 103 კგ), საქართველოში კი ეს მონაცემი 2020 წელს მხოლოდ 57 კგ შეადგენდა და 2013 წელთან შედარებით, სამწუხაროდ, შემცირებულია დაახლოებით 15%-ით.

კომპანია აწვდის სათესლე მასალას გლობალურ ბაზარს, განსხვავებული გარემოებების და საჭიროებების ფართო სპექტრის გათვალისწინებით და ამით დგას ბოსტნეულის წარმოების ჯაჭვის დასაწყისში, ახალი სახეობების და ჯიშების სელექციისას, ყოველთვის ითვალისწინებს მიწოდების მთელ ჯაჭვს. ბაზრის მოთხოვნები კი მუდმივად იცვლება. შედეგად, ხდება ბოსტნეულის ჯიშებისა და მათი მოყვანის ინოვაციური აგროტექნოლოგიების შემოთავაზება. ახალი ჯიშების როგორც შემუშავებისას, ასევე კომერციული გავრცელებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპტიმალური კავშირის არსებობას კონკრეტულ საწარმოო რეგიონთან და/ან სამომხმარებლო ბაზართან. კვლევები კომპანიის მუშობას უფრო მეტად კონცენტრირებულს და ეფექტიანს ხდის ბიოქიმიურ კვლევას იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ გემოზე, ფერსა და სტრუქტურაზე, ხოლო, გენეტიკური მარკერების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ამ მახასიათებლების მაღალი სიზუსტით შერჩევა. მაგრამ ჯიშების თვისებები, რეალურად, შესაძლოა შეფასდეს მხოლოდ პრაქტიკაში, ამიტომ ტარდება სელექციური ცდები სხვადასხვა ობიექტებში, განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში, მსოფლიოს მრავალ წერტილში.

კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობს ვაგენინგენის უნივერსიტეტთან სხვა კვლევით ორგანიზაციებთან, მათ შორის, ზოგჯერ კონკურენტებთან თანამშრომლობის პირობებშიც კი. წლიური ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაზე შეადგენს წლიური ბრუნვის 30%-მდე, რაც 160 მილიონ ევროს აღწევს და კოლექტივის 40% ჩართულია კვლევებსა და ცდებშ.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ და ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, პროფესორებმა ომარ თედორაძემ, ოთარ ქარჩავამ, მზაღო ლობჯანიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა ეკატერინა კაციტაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სამსახურის უფროსმა გიორგი ბადრიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკო ყარსიმაშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობასა და ინფორმაციულობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ყურადღებით დააკვირდება კომპანია „რაიკ ცვაან“-ის (Rijk Zwaan) რეგიონული წარმომადგენელის (სამხრეთი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში) ბიძინა იმნაძის საქმიანობას და მიზანშეწონილად მიაჩნია წლის ბოლოს მოისმინოს რეგიონალური წარმომადგენლის 2022 წლის საქმიანობის შედეგები და რეკომენდაციები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com