„საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის (ECO. GEORGIA) ფარგლებში შემუშავებული კონცეფციის: ‘’საზოგადოების გაუმჯობესებული მონაწილეობა საქართველოში ტყის მართვის დაგეგმვასა და განხორციელებაში’’ (IPPA) სამუშაო შეხვედრა
2025 წლის 15 მაისს თბილისში სასტუმრო ‘’Radisson blu Iveria’’ - ში გაიმართა ‘’საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის’’ პროექტის (ECO GEORGIA) ფარგლებში შემუშავებული კონცეფციის: ‘’საზოგადოების გაუმჯობესებული მონაწილეობა საქართველოში ტყის მართვის დაგეგმვასა და განხორციელებაში’’ სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი პაპუნა კაპანაძე, CENN პროექტის მენეჯერი ვახტანგ ქოჩორაძე, CENN-ის წარმომადგენელი რევაზ გეთიაშვილი, მონიტორინგისა და შეფასების მრჩეველი (GIZ) მარიამ ურიდია, შპს „M – 3“ წარმომადგენელი გიორგი ბაღათურია.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა CENN პროექტის მენეჯერმა ვახტანგ ქოჩორაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოების გაუმჯობესებული მონაწილეობა (IPPA) მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე შეთანხმებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას და ტყის მდგრადი, ინკლუზიური მართვის ხელშეწყობას. 2023 წელს CENN-მა, დაინტერესებული მხარეების თანაბარი ჩართულობის, კონფლიქტების პრევენციისა და მეტი სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მიღების, მათ შორის გენდერული თანასწორობისა და სიღარიბის შემცირების უზრუნველსაყოფად, IPPA მოდელის გამოცდა დაიწყო.
შემდგომ სიტყვა პრეზენტაციისთვის გადაეცა CENN-ის წარმომადგენელს რევაზ გეთიაშვილს. მან ვრცლად მიმოიხილა წარმოდგენილი კონცეფცია და მის სამიზნე რეგიონებში (ყვარელი, თიანეთი, თელავი) გამოცდის შედეგები. აღნიშნა, რომ ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოების (LAC) შექმნა, რაც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და თემებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას შექნის. ამ მიზნით რეგიონების თვითმმართველობებში ჩამოყალიბდა „ადგილობრივი მმართველთა საბჭოები“. გარდა ამისა, IPPA ადგენს საზოგადოების გაუმჯობესებული ჩართულობის პროტოკოლებს ტყის მდგრადი მართვის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, მოიცავს სამუშაოებს ეკოსისტემური სერვისების მონაწილეობით, დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირების, ინფორმირების, საჯარო კონსულტაციების, საველე და კაბინეტური კვლევების მიმართულებით. IPPA-ს საბოლოო მიზანია ისეთი ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ტყის მართვის გეგმებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალმხრივი სარგებლის მიღებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული საკითხების შესახებ გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.
შეხვედრა შეაჯამა CENN პროექტის მენეჯერმა ვახტანგ ქოჩორაძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც სისტემატიურად გაიმართება.