საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

22 მაისი - ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

 ee88176e cc35 4f80 a4c6 c9b320682b35ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 მაისს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ამ მხრივ არც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაა გამონაკლისი. წელსაც აკადემიის სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.

სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, ს/ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები.

თემატური სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნება’’. მომხსენებელმა მსმენელთა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნებაზე. იმაზე, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებინ: გენეზისით, ტიპით, კორომის შემადგენლობით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აღნაგობით, სიხშირით და სხვ. საქართველოს ტყის ეკოსისტემები რელიეფური პირობების მიხედვით მთისა და ბარის ტყეებად იყოფა. მთის ტყეებს უკავიათ ტყით დაფარული მთელი ფართობის 98 %, ხოლო ბარის ტყეებს - 2 %, რომლებიც ძირითადად კოლხეთის დაბლობზე და აგრეთვე მდინარეების: მტკვარის, ალაზანის, იორის, ხრამის და სხვდინებების ქვემო დელტების მიდამოებში განეფინებიან.

„საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების ძირითადი ფაქტორია გეოგრაფიული ლანდშაფტების არაერთგვაროვნება. საქართველოს ლანდშაფტის ფიზიკურ - გეოგრაფიული ნაირგვარობა ხელს უწყობს მეტად განსხვავებული მეტყევეობითი და ბიოლოგიურ-ეკოლოგიური თავისებურებების მქონე მცენარეული სახეობების ზრდა-განვითარებას.

საქართველოს ტყის ეკოსისტემებში, დღევანდლამდე არიან წარმოდგენილნი ისეთი რელიქტური სახეობები, რომლებიც ჯერ კიდევ მიოცენის და პლიოცენის ხანაში იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორისაა: პონტოური მუხა, პონტოური შქერი, მედვედევის არყი, კავკასიური მოცვი, წყავი და სხვ.

სიმაღლის მიხედვით ველურად მოზარდი 153 სახეობიდან, მაღალტანიანი (25 მეტრზე მეტი) 51 - სახეობის ხეა, რომელთა შორის აღსანიშნავია: კავკასიის სოჭი (იზრდება 70 მეტრ სიმაღლემდე), აღმოსავლეთის ნაძვი (იზრდება 40 – 50 . სიმაღლემდე), აღმოსავლეთის წიფელი (იზრდება 40 – 45 . სიმაღლემდე); საშუალო სიმაღლისაა (8 - დან 24 . -მდე) 56 სახეობის ხე, მათ შორის აღსანიშნავია: მაღალმთის ნეკერჩხალი, კოლხური ბზა, კავკასიური აკაკი და სხვ; დაბალტანიანია (7 მეტრი და ნაკლები) 46 სახეობის ხე, ასეთებს მიეკუთვნებიან: ღვია, ხეჭრელი, ფშატი, ზღმარტლი და სხვ“- აღნიშნა მომხსენებელმა.

აკადემიკოსი ლ. დოლიძემ თავის მოხსენებაში ასევე განიხილა საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა, ხაზი გაუსვა მის მრავალფეროვნებას. ტყეში ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი. ქვეყნის დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ მერქნიან მცენარეთა სიმრავლე, რომელთა შორის 61 სახეობა საქართველოს ენდემია, ხოლო მთლიანად კავკასიის - 43 სახეობა.

საქართველოს ტყეების ბიოეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს, როგორც წმინდა, ასევე შერეული შემადგენლობის კორომების არსებობა. 2e64c273 8629 4ed5 9199 c5ec0b45d7a0

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ტყის მრავალფეროვან ფორმაციათა შესახებაც, მ. შ.: აღმოსავლეთის წიფლის, ქართული მუხის, სოსნოვსკის ფიჭვის, კავკასიის სოჭის, აღმოსავლეთის ნაძვის, ჩვეულებრივი წაბლის და სხვ. ფორმაციებზე, რომლებიც ბუნების უნიკალური, განუმეორებელი ქმნილებებია. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონმა ლ. დოლიძემ გაიხსენა ვაჟა-ფშაველა უკვდავი სტრიქონები, რომლებიც მგოსანმა ქართულ ტყეებს მიუძღვნა: „შენ გენაცვალე ტყევ დაბურულო, ჩემო სიცოცხლევ, სულო და გულო“.

აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ განიხილა საქართველოს ნაკრძალები და დაცული ტერიტორიებიც, როგორც ბიომრავალფეროვნების უნიკალური ნიმუშები. ხაზი გაუსვა ქვეყანის ტყეების ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ, რეკრეაციულ, სანიტარულ-ჰიგიენურ და სხვა სახის დაცვით-ეკოლოგიურ ფუნქციებს, ისაუბრა ჯერ კიდევ შემორჩენილ ხელუხლებელ ანუ პირველქმნილ ტყეებზე, რომელთა არსებობა ყოველმხრივ არის საყურადღებო, რადგან მათში მიმდინარე რთული და ასევე ყოველმხრივ უნიკალური ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესების ღრმა ცოდნა მომავალში საქართველოს დეგრადირებული ტყეების აღდგენის საფუძველი გახდება. ამით კი ხელი შეეწყობა საქართველოს ტყის ეკოსისტემებისა და ზოგადად სატყეო - სამეურნეო საქმიანობის ინტეგრირებულად წარმართვის სისტემის სრულფასოვნად ფუნქციონირებას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ კავკასიაშიც, რადგან საქართველოს ტყეები აღნიშნული რეგიონის ტყის ერთიანი ეკოსისტემების ორგანული და განუყოფელი ნაწილია.

მომხსენებელი ასევე შეეხო კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსაც და იქვე განმარტა, რომ კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი საიმედო გარანტი პლანეტაზე არსებული ტყე-მცენარეულობაა, რომელიც თავისი უნიკალური კლიმატ-მარეგულირებელი პოტენციალით, ყოველთვის აზომიერებდა დედამიწის ბინადარ ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედი კლიმატური ფაქტორების მავნე ზეგავლენას. ამ მხრივ ბიოლოგიური მდგრადობითა და მაღალი რეზისტენტობით, ძლიერი გენეტიკური საწყისის გამო, სწორედ პირველქმნილი ტყეები ხასიათდებიან, რომლითაც ევროპაში საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. სწორედ ეს განაპირობებს ევროპის ქვეყნების მზარდ ინტერესს ჩვენი ტყეების მიმართ, რადგან მათი ტყეების დიდი პროცენტი, რომელიც კულტივირებული და ძირითადად კომერციული დანიშნულებისაა - დაბალი რეზისტენტობის, რეპროდუქციის დაბალი უნარისა და დაცვითი ფუნქციის არასრულყოფილების გამო, ხშირად თავად ხდება დასაცავი კლიმატის გლობალური ცვლილების მავნე ზემოქმედებისაგან.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

თემატური სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისათვის და სხდომის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა-გადაწყვეტას.

სხდომის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის მუზეუმი და საინფორმაციო ცენტრი.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com