საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

eeb4d0ad 6145 4f3a 92a2 b8f676268a51

  2025 წლის 21 მაისს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაცოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები“ გამოვიდა სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნიკოლოზ კიკნაველიძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ რეგიონის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი მეცხვარეობას უკავია. დარგის განვითარება და გაფართოება, დამოკიდებულია ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ დაგეგმვაზე. სამწუხაროდ კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გადასარეკი ტრასების მოწესრიგების საკითხი მაშინ, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არეგისტრირებს ფაქტიურ სარგებლობაში მყოფ სავარგულებს, რომელიც ხშირად გადასარეკ ტრასად მონიშნულ ადგილებს ფარავს. ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია საძოვრების პასპორტიზაციის, ბიოუსაფრთხოების პუნქტების, გადასარეკ ტრასებთან არსებული მოსასვენებელი და დასაწყურებელი ადგილების მონიშვნისა და რეგისტრაციის საკითხი.

ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმება გვიწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, ამავე დროს, DCFTA-ის ამოქმედებით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ქვეყანაში წარმოებულ საქონელსა და მომსახურეობას გაეხსნას მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 27 ქვეყანასა და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. იმისათვის, რომ საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,   საკანონმდებლო ბაზის დაახლოებასთან ერთად, უნდა მოვაწესრიგოთ საქონლის ვაჭრობაში არსებული ნაკლოვანი მხარეები (ტექნიკური ბარიერები): სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები.c597a19c d82a 4733 9da7 4ee6fca07de2

შესაძლოა, ფერმერული მეურნეობა აკმაყოფილებდეს სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს, ან ცალკე აღებულ სასაკლაოებს ჰქონდეს დანერგილი HACCP-ის სტანდარტი, მაგრამ პირუტყვის, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოუწესრიგებლობა, იქნება ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი მაშინ თუ DCFTA-ის ფარგლებში საქართველოში წარმოებული ცხოველური პროდუქტები ევროკავშირის ბაზარმა დაუშვებლად სცნო. აღსანიშნავია ისიც რომ რეგიონისთვის, მეცხვარეობის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პრობლემების დასაძლევად. 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 3 713 804 კაცი, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებზე 15%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად აისახა სოფლად დასახლებულ მოსახლეობაზე, რომელმაც იკლო 23,7%-ით, მაშინ, როდესაც ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა მხოლოდ 7,1%-ით.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: გივი ჯაფარიძემ, გურამ ალექსიძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა: ცოტნე სამადაშვილმა, ანზორ მესხიშვილმა, ომარ თედორაძემ, ნუგზარ ებანოიძემ, ნოდარ ხატიაშვილმა, დოქტორებმა: ომარ კაჭარავამ, ივერი ახალბედაშვილმა, მამუკა ბენაშვილმა, გიორგი ქუთელიამ.

   დადგენილებაში კომისიამ ხაზი გაუსვა თემის აქტუალობას. აღინიშნა, იმისათვის რომ საქართველო 2030 წლისათვის გახდეს ევროკავშირის წევრი, საკანონმდებლო ბაზის დაახლოებასთან ერთად უნდა მოწესრიგდეს საქონლის ვაჭრობაში არსებული ნაკლოვანი მხარეები. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com