საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ხსოვნა

 

Untitled  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა აგრარული დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არაერთი თაობის აღმზრდელი რეზო ჯაბნიძე.

ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისათვის კარგადაა ცნობილი ბატონ რეზოს სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1996 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მოღვაწეობა შეიძლება ორ მიმართულებად დაიყოს: საზოგადოებრივ და სამეცნიერო-პედაგოგიურად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებას. იყო აჭარის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდგომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი.

1994 წელს დაინიშნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახლად დაარსებული ბათუმის სახელმწიფო სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად. მისმა აქტუალური პრობლემების წარმატებით გადაწყვეტის გამორჩეულმა უნარმა იგი საქართველოს წამყვან აგრარულ მეცნიერ - პედაგოგთა რიგებში ჩააყენა. 2012-2019 წწ ბათუმის უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე არჩეული იყო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ; ამ ხნის განმავლობაში 24 მაძიებელს მიენიჭა აგრარულ დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი ხელმძღვანელობით 9 დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძეს გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი

სამეცნიერო ნაშრომი, მ. შ. 18 რეკომენდაცია, 8 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. ნაშრომთა ნაწილი გამოცემულია უცხოეთში.

ბატონი რეზოს სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდაა დაფასებული. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლებით; 2019 წელს მისი ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს: „სუბტროპიკული კულტურები“ მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის, მიღებული აქვს აკადემიის საპატიო სიგელი აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისთვის.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა შესანიშნავი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების და კოლეგების ხსოვნაში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com