ღვაწლმოსილი მეცნიერი, ქართული ვაზის დიდი მსახური და მოამაგე,
აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
- 95 -
მევენახეთა ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს ნოდარ ჩხარტიშვილს მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დაბადებიდან 95 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 70 წელი შეუსრულდა.
ბატონი ნოდარი დაიბადა 1930 წლის 17 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში. 1948 წელს დაამთავრა ჯუმათის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ 1957 წელს მუშაობა დაიწყო ქედის რაიონში უბნის აგრონომის თანამდებობაზე. იმავე წელს ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში მევენახეობის კათედრაზე. 1959 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარიხი.
აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი 75 წელზე მეტია, რაც ემსახურება ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს და დამსახურებულად ატარებს “ქართული ვაზის მესაიდუმლესა და ქომაგის” საპატიო წოდებას.
აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი მევენახეობის იმ ქართული სკოლის აღზრდილი და ღირსეული გამგრძელებელია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს აკადემიკოსებმა, პროფესორებმა სოლომონ ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ქანთარიამ და მაქსიმე რამიშვილმა.
ბატონი ნოდარი 1973 წლის სექტემბრიდან 1974 წლის მაისამდე მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1974 წელს არჩეულ იქნა დღევანდელი აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობის კათედრის გამგედ, დოცენტად, პროფესორად.
1975 წლიდან იგი 30 წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. სწორედ, ამ პერიოდში დარგში მისი ხელმძღვანელობითა და თანმიმდევრული შემოქმედებითი შრომის შედეგად გამოყვანილია ვაზისა და ხეხილის 50-ზე მეტი ახალი სელექციური ჯიში: ქართული საადრეო, კოლხურა, ვარძია, რქაწითელი მუსკატური და სხვ, გამოვლენილია 30-ზე მეტი სამრეწველო ვაზის ჯიშის გაუმჯობესებული კლონი, გამოყვანილია 50-ზე მეტი ხეხილოვანი კულტურის ახალი ჯიში. დამუშავებულია ვაზისა და ხეხილის ნერგის წარმოების ახალი ტექნოლოგიები, ვენახისა და ხეხილის გაშენება-მოვლის მაღალინტენსიური ტექნოლოგიები და მობილური ტექნიკა, პერმანენტულად ხორციელდებოდა სამრეწველო ასორტიმენტის გაუმჯობესება-განახლება. მსოფლიოში ქართული ვაზის უმდიდრესი გენოფონდის დაცვა კი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. ნოდარ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ინსტიტუტში დამუშავდა და 1998 წელს მიღებულ იქნა “საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ”, დამუშავდა ასევე დარგის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, შემუშავებულია ყურძნისა და ხილის გადამუშავების ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ტექნოლოგიები. მის სახელს უკავშირდება 20-მდე დასახელების ადგილწარმოშობის ქართული ღვინოების წარმოების სამართლებრივი საფუძვლების განმსაზღვრელი პარამეტრები.
აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის მიერ შემუშავებული იქნა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განვითარების მასშტაბური კონცეფცია, რომელიც მისივე ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა 2000-2003 წლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით.
1998 წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა ვაზის სარგავი მასალის წარმოების სფეროში, დაამუშავა ნამყენი ნერგის წარმოების ახალი ტექნოლოგიური მეთოდები და სქემები, რისთვისაც მან სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.
მისი თაოსნობითა და მცენარეთა გენოფონდის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის “იპგრის” მხარდაჭერით ვაშლიჯვრის ექსპერიმენტულ ბაზაზე 400-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში იქნა თავმოყრილი. ქართული ვაზის 150 სახეობის ჯიში გაშენდა იტალიის საერთაშორისო კოლექციაში და 200-ზე მეტი დარეგისტრირდა საერთაშორისო კატალოგში.
2004 წელს იტალიაში მილანის უნივერსიტეტში დაბეჭდილ კაპიტალურ წიგნში “ვაზი და ადამიანი” პირველად გამოქვეყნდა რუკა, სადაც საქართველოს ტერიტორია აღიარებულია კულტურული ვაზის ფორმათა წარმოშობის პირველად კერად, საიდანაც იღებს სათავეს “ვაზის გზა” დასავლეთითა და აღმოსავლეთით. ამავე წიგნში დახასიათებული და ილუსტრირებულია 150 ქართული ენდემური ჯიში, რომლის ავტორიც გახლავთ ნოდარ ჩხარტიშვილი. იგივე წიგნი იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოიცა 2009 წელს, ხოლო 2011 წელს მას და მის თანაავტორს მიენიჭა მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრემია.
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პარალელურად აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა დარგისათვის ახალგაზრდა კადრების მომზადებას. მისი აღზრდილია არაერთი გამოჩენილი მეცნიერი და სპეციალისტი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. 2007 წლიდან 2020 წლამდე იგი გახლდათ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტში აგრონომიული და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საკვალიფიკაციო საბჭოს წევრი.
ამ და სხვა მრავალი მიღწევისათვის, ბატონი ნოდარი დაჯილდოვდა არაერთი პრემიითა და მედლით.
დარგში შეტანილი წვლილისთვის, 2014 წელს, პირადად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადასცა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“.
და ბოლოს, სწორედ აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება - საგურამოში, პირველი სანეგრე მეურნეობის შექმნა, რომელიც 2000 წელს მის მიერ შემუშავებული დარგის განვითარების კონცეფციის ნაწილი გახლდათ.
კონცეფცია რეალობად იქცა: ქართველი მეცენატის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობითა და თანადგომით ჩაეყარა საფუძველი სანერგე მეურნეობას, რომელიც დღეს ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების ბაზის სახელითაა ცნობილი და გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილს - მეცნიერს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ვაზის სიყვარულს, ეროვნული დარგის - მევენახეობა-მეღვინეობის მომავლისთვის შრომასა და ძიებას მიუძღვნა ამ საიუბილეო თარიღებს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.