საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეტყევის დღე

38342d1a 9fa1 439b b25f 429f57d27687 1 მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მეტყევის დღისადმი (10 ოქტომბერი) მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები....

თემატური სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისალმების შემდეგ, მან მეტყევეებს მიულოცა პროფესიული დღე და უსურვა წარმატება თავიანთ საქმიანობაში.

თემატური სხდომის მუშაობა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აკადემიის სტიპენდიატის ზვიად ტიგინაშვილის მოხსენება: „ცივ-გომბორის რეგიონში ქართული მუხის (Querqus petraea aubsp. Iberica) წმინდა კორომების აღნაგობის თავისებურებანი“.

მომხსენებელმა მიმოიხილა მსოფლიო მასშტაბით მუხნარებში მიმდინარე დეგრადაციის, არადამაკმაყოფილებელი განახლებისა და ტყეების ხმობის პროცესები, რომლის პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აღინიშნა ევროპაში, შემდგომ ამერიკასა და აზიაში.

აღინიშნა, რომ მუხნარების აღდგენის, მათში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის საკითხი კავკასიის რეგიონში, კერძოდ კი საქართველოში ძალზე აქტუალურია. პრობლემა არა მარტო ეკონომიკური (მუხნარების ძალზე დაბალი პროდუქტიულობისა და მის ძვირადღირებულ მერქანზე მოთხოვნილების გამო), არამედ სოციალურ-ესთეტიკური ხასიათისაცაა. დღეისათვის საქართველოში მუხნარებს უკავიათ 0,29 მლნ ჰა.5c4f3ebe b571 4086 83c1 a44ea416925f

საქართველოში გავრცელებული მუხის 7 სახეობიდან ყველაზე დიდი ფართობი ქართულ მუხას უკავია, იგი მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მუხის ტყის ცენოზები უაღრესად დიდი დაცვითი, მაღალი სამეურნეო ღირებულებებითა და ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ქართული მუხის კორომის ზრდა-განვითარების, ბუნებრივი განახლების, აღნაგობის ანალიზი მეცნიერულად დასაბუთებული მთელი რიგი საკითხის შესწავლის და გაშუქების შესაძლებლობას იძლევა. კორომის ფორმირება, აღნაგობა, ხნოვანებითი განვითარება დამოკიდებულია ადგილსამყოფელის ბუნებრივ პირობებზე და მის ბიოეკოლოგიაზე. ქართული მუხის ტყის ეკოსისტემების თანამედროვე მდგომარეობის, ბიოეკოლოგიური პოტენციალის, აღნაგობის, ზრდა-განვითარების შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს ტყის კვლავწარმოებას. ამიტომ, მუხნარების ფორმირების, ზრდა-განვითარების თავისებურებების შესწავლა გარემო პირობებთან დაკავშირებით მეტად აქტუალურია.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ცივ-გომბორის რეგიონში, თესლით წარმოშობილი ქართული მუხის ფორმაციებში გამოვლენილ ხეთა რიცხოვნობისა და სიმსხოს საფეხურებს შორის არსებულ კანონზომიერებაზე. აღინიშნა, რომ მუხის დიამეტრის ყველაზე წვრილ საფეხურებში ხეთა რაოდენობა მცირეა და 1.7-3.4%-ის ფარგლებში მერყეობს. შემდგომ, სიმსხოს საფეხურების მატების პარალელურად ხეთა რაოდენობა იზრდება და თავის პიკს 28-

36 სმ-იან საფეხურებში აღწევს (72.2%). სიმსხოს საფეხურების შემდგომი მომატებისას ხეთა რაოდენობა მკვეთრად ეცემა და 3.1-1.7%-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. გამოყვანილია კორომში ხეთა განაწილების რიგის საშუალო მაჩვენებლები.

1d326e95 fd55 46b3 8bcd d3e8fd870e0fდოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული მუხის კორომში ხეთა რაოდენობა სიმაღლის საფეხურების მატებასთან ერთად მკვეთრად მატულობს და განსაზღვრულ საფეხურზე მაქსიმუმს აღწევს, მხოლოდ შემდგომ ასევე მკვეთრად ეცემა. კორომში ხეების სიმაღლე სიმსხოს საფეხურების ფარგლებში მცირედ ცვალებადობს. ერთსართულიან მუხნარში საშუალო სიმაღლიდან გადახრა დაბალი და მაღალი სიმაღლეებისაკენ მხოლოდ 5-6%-ის ფარგლებშია. ამით იგი მკვეთრად განსხვავდება რთული აღნაგობის ნაირხნოვანი კორომებისაგან.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა დადებით კორელაციურ კავშირზე ქართული მუხის კორომში მუხის ხის დიამეტრსა და სიმაღლეს შორის. იმაზე რომ ქართული მუხის კორომის სიმაღლეში შემატება დიამეტრში მატების პირდაპირპროპორციულია; 120-140 წლის ასაკში მუხის სიმაღლეში შემატება ჯერ კიდევ აღმავალი ხაზით მიმდინარეობს. 190 წლიანი მუხნარების შემთხვევაში სიმაღლეზე მატების პროცესი უკვე შეჩერებულია. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ თესლით წარმოშობილი ქართული მუხის კორომები უფრო ხშირად წარმოდგენილია მარტივი, ერთსართულიანი და რთული, ორსართულიანი კორომებით. მუხით გაბატონებულ კორომებში, სადაც რცხილა და ჯაგრცხილა 1-2 ერთეულითაა შერეული, ხეთა დიფერენციაციის შედეგად გამოვლენილია არსებული ვერტიკალური აღნაგობა, რაც ორსართულიანი კორომის ჩამოყალიბებაში აისახება. პირველი სართული წარმოდგენილია მუხით, მეორე – რცხილით და ჯაგრცხილით.

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა, დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ გადაწყვეტას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com