შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი და
მეცნიერების საერთაშორისო დღე
2025 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი – 20 წლისთავი აღინიშნება. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში ფონდის საქმიანობის მიზნების, ძირითადი მიმართულებების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”. აღნიშნული ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.
2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი - როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს‘‘.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადასცა. მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების
განვითარების საქმეში თითოეული მათგანის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატ მეცნიერს, რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებს და რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისათვის მათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.
