სატყეო საქმის დიდი ქომაგის,
აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის ხსოვნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა აგრარული დარგის გამოჩენილი მეცნიერი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე და საქართველოს საყოველთაოდ ცნობილი მეტყევეთა სამეცნიერო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აკადემიკოს თ. დავითაიას სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ ჩაგელიშვილი.
ქართველი აგრარიკოს-მეცნიერებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ტყეების დიდი მოამაგის, აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.
ბატონმა რევაზ ჩაგელიშვილმა 1961 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, სატყეო ინჟინრის სპეციალობით. 1962 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტში. 1968 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1985 - წელს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ქ. კრასნოიარსკის ვ. სუკაჩოვის სახელობის ტყისა და მერქნის ინსტიტუტის სპეციალიზებულ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი მდიდარი შრომითი ბიოგრაფიის მქონე პიროვნება გახლდათ. სატყეო ინსტიტუტში შრომითი საქმიანობა მან უფროსი ლაბორანტის პოზიციიდან დაიწყო, ამას მოჰყვა მეცნიერ-მუშაკის, უფროსი მეცნიერ- მუშაკის თანამდებობა. 1976 – 1991 წლებში ხელმძღვანელობდა ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების შემსწავლელ ლაბორატორიას, ბრძანდებოდა ყოფილი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ტყის საპრობლემო საბჭოს „ეკოლოგიის“ სექციის თავმჯდომარის მოადგილე. ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა საკავშირო მნიშვნელობის თემებს სამთო მეტყევეობის აქტუალურ საკითხებზე. მთის ტყეების დაცვითი ფუნქციების შესწავლის მიზნით 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა კვლევებს ავსტრიის ქ. ვენის სატყეო ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად.
1991 წელს ბატონი რევაზი აირჩიეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორად, სადაც ბუნების დაცვისა და ზოგადი მეტყევეობის კათედრაზე კითხულობდა ლექციებს ეკოლოგიასა და ბუნების დაცვაში.
1994 წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს - ამავე აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.
1991 წლის მაისიდან 2004 წლის აპრილამდე აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი გახლდათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
2016 წელს არჩეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2023 წლამდე.
აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი ბრძანდებოდა 164 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის, 11 სახელმძღვანელოს და 1 რეკომენდაციის ავტორი. მისი ნაშრომები ძირითადად ეხებოდა მეტყევეობის, ტყეთმცოდნეობის, სატყეო ჰიდროლოგიის, ტყის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებს. მონოგრაფიას „მთის ტყეების ზვავსაწინააღმდეგო დაცვითი ფუნქცია და თოვლის ზვავების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები“ 1984 წელს მიენიჭა აკად. თ. დავითაიას სახელობის პრემია.
ბატონი რევაზის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით, ფონურ დატენიანებასა და ვერტიკალურ სარტყელიანობასთან დაკავშირებით საქართველოს განსხვავებული ნიადაგურ - კლიმატური პირობების მქონე ცალკეულ რეგიონებში მოეწყო ხანგრძლივი სტაციონარული კვლევის მრავალი ობიექტი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით რევაზ ჩაგელიშვილის მიერ დადგენილი იქნა აღმოსავლეთ საქართველოს არასაკმაო დატენიანებისა და დასავლეთის ჭარბტენიან პირობებში სხვადასხვა ტყიანობის პროცენტის მქონე წყალშემკრები აუზებიდან მყარი და თხიერი ჩამონადენის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. განისაზღვრა საქართველოს მთის ტყეების ოპტიმალური ტყიანობა სხვადასხვა რეგიონებისათვის.
რ. ჩაგელიშვილის მიერ მცირე წყალშემკრები აუზების დონეზე დამუშავებული ტყის ჰიდროლოგიური, ფიტოცენოლოგიური, გეომორფოლოგიური კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ეკოლოგიური ფუნქციების შესრულების მხრივ წყალშემკრები აუზების მისეულ კლასიფიკაციას. ცალკეული კლასებისათვის დამუშავებული იქნა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც მთის ტყეების გარემოზე დადებითი ზემოქმედების გაძლიერების თვალსაზრისით, ხელისშემწყობ ფაქტორს წარმოადგენენ.
მან პირველმა შეისწავლა სხვადასხვა სისტემის ჭრების გავლენის შედეგები მთის ტყეების ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებზე, დაასაბუთა ნიადაგის ფიზიკური და წყალმართვი თვისებების დაქვეითების მახასიათებლები ჭრაგავლილ კორომებში დროის ასპექტში და ამ თვისებების აღდგენის ხანგრძლივობის პარამეტრები ეკოსისტემებში.
აკადემიკოს რ. ჩაგელიშვილის მიერ შემუშავებული იქნა ორიგინალური მეთოდი ზვავსაწინააღმდეგო ტყის მასივების დაცვითი ფუნქციების შესაფასებლად. ამ მიმართებით წარმოებული ხანგრძლივი კომპლექსური კვლევის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი იქნა სისტემის „ტყე - თოვლის ზვავები“ ზღვრული კონკრეტული მნიშვნელობები, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად განისაზღვროს ტყის დაცვითი მასივების ზვავსაწინააღმდეგო მდგრადობა და სხვ.
რ. ჩაგელიშვილი გახლდათ არა მარტო ნიჭიერი მკვლევარი, არამედახალგაზრდა თაობის, მომავალი მეცნიერული კადრების საუკეთესო აღმზრდელიც. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცული იქნა არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
ზემოაღნიშნულის გარდა აკადემიკოსი რ. ჩაგელიშვილი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო ვ. გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერების განყოფილებასთან არსებული აგრარულ მეცნიერებათა პრობლემების სამეცნიერო საბჭოს წევრი, იმავე აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების ეროზიულ, ღვარცოფულ და სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ჟურნალ „საქართველოს ბუნების“ რედკოლეგიის წევრი, საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორი და სხვ.
ბატონი რევაზი დაჯილდოებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით, ბრძანდებოდა ექპერტი სატყეო საქმის დარგში და საქართველოს საპატიო მეტყევე.
იგი გახლდათ შესანიშნავი მეუღლე, მამა და ბაბუა.
აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა შესანიშნავი მამულიშვილი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების და კოლეგების ხსოვნაში.
