მიმდინარე წლის 10 ივნისს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეცმოხსენებით თემაზე: „ხარისხის ინფრასტრუქტურა: გამოწვევები ვაჭრობაში (სოფლის მეურნეობაზე აქცენტით)“ გამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობისსამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის საჭიროებაზე, როგორ შეიძლება გადაილახოს ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები ექსპორტის ბაზრების მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით და თუ როგორ შეუძლია ასეთ ინფრასტრუქტურას დაეხმაროს არა მხოლოდ მწარმოებლებს, არამედ მარეგულირებლებსა და მომხმარებლებსაც. მიზანი - განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ექსპორტიორების წინაშე არსებული განვითარებული ქვეყნების მკაცრი ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ძიებაა.
ბატონმა ნოდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა გლობალიზაციის პროცესმა, საქონლისა და მომსახურების მასობრივი გაცვლა გამოიწვია, ხარისხთან დაკავშირებული ასპექტები სუბიექტური წარმოდგენებიდან გარდაიქმნა გლობალური ბაზრებისა და მოლაპარაკებებისთვის შესაფერის ობიექტურ კრიტერიუმებად. დროის იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა შეზღუდული იყო და მწარმოებლები და მიმწოდებლები ერთი და იმავე ეკონომიკური ზონის ფარგლებში მოქმედებდნენ, არ არსებობდა სტანდარტებისა და ზომის ერთეულების ჰარმონიზაციისკენ მიმართული მამოძრავებელი ძალა. ამჟამად გლობალური ვაჭრობის მდგრადი განვითარების ზემოქმედება უფრო თვალსაჩინო ხდება და ბევრ ფირმას და ინდუსტრიას ახლავს ორგანიზაციული სტრუქტურები, რომელიც სცილდება ეროვნულ და რეგიონულ საზღვრებს. შესაბამისად საფუძველი ეყრება გლობალური მასშტაბის ეკონომიკური სისტემების ფორმირებას. დღეს ეკონომიკური განვითარების პროცესი არ შეიძლება იზოლირებული იყოს ამ გლობალური სისტემებისგან.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა „არასატარიფო ბარიერების, როგორც ოფიციალური, ასევე კერძო სტანდარტების სახით, მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც თავის მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ექსპორტიორებს, განსაკუთრებით განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. პრობლემა, რომელსაც ზემოთხსენებული ექსპორტიორები აწყდებიან, არის ის, რომ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტექნიკური ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარიული რეგულაციები, დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც მათი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა და არ ასახავს დაინტერესებული მხარეების შეხედულებებს“ (პატრიცია რ. ფრენსისი, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, 2006-2013). 
ბატონმა ნოდარმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან კონკურენციის პირობებში, სწრაფად უნდა შეძლონ სურსათის უსაფრთხოებასთან, მომხმარებელთა დაცვასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საექსპორტო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. რეალისტურმა შეფასებებმა აჩვენა, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ფრაგმენტული და არაკოორდინირებული სისტემები გაურკვეველი პასუხისმგებლობებით, რომელიც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მხოლოდ ხარისხის ინფრასტრუქტურის კონკრეტული კომპონენტებისათვისაა აღიარებული და იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან პერიოდულ შემოწმებებს და ზედამხედველობას ექვემდებარება, ან საერთოდ არაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე [მეტროლოგიის, სტანდარტების, გამოცდების და ხარისხის უზრუნველყოფის (MSTQ) შესწავლა ტაილანდში, კლემენს სანტერა და სხვ., GTZ/PTB, ივლისი 2004].
მოხსენების შემდგე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გურამ ალექსიძე, ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე, რევაზ ასათიანი, ნუგზარ ბაღათურია; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მალხაზ დოლიძე; პროფესორები: ცოტნე სამადაშვილი და ლალი ელანიძე, დოქტორი გოჩა ცოფურაშილი. დასასრულს, კომისიამ ერთხმად მიიღო დადგენილება.
